5 შეკითხვა შობის დღესასწაულის შესახებ, რომელიც ბევრს უჩნდება | Allnews.Ge

5 შეკითხვა შობის დღესასწაულის შესახებ, რომელიც ბევრს უჩნდება

შობის დღესასწაული ქრისტიანული სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს. არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ამ ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. ქვემოთ შევეცდებით ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას:

1. რატომ აღნიშნავს ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეშობას 25 დეკემბერს, ნაწილი კი - 7 იანვარს?

თავიდან შობის დღესასწაულს ყველა ქრისტიანული ეკლესია 25 დეკემბერს აღნიშნავდა. მაგრამ 1582 წელს რომის პაპმა გრიგორი XIII-მ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლისა. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა ახალ სტილზე გადასვლაზე და განაგრძო ძველი, იულიანური კალენდრით ცხოვრება, რომელიც 13 დღით ჩამორჩება გრიგორიანულს. ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანების უმეტესობა - ქართული, რუსული, იერუსალიმისა და სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიები, ასევე ათონის მონასტრები და აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკური ეკლესიები - ქრისტეშობას 25 დეკემბრის მაგივრად 7 იანვარს აღნიშნავს.

2. რატომ არის მიღებული შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან სანთლის ანთება?

როცა მარია და იოსები ბეთლემში მივიდნენ, ქალაქში მათ ადგილი აღარ ნახვდათ. ამიტომ ქრისტიანები შობას ნაძვის ხეზე ან ფანჯარასთან ანთებენ სანთელს, რითაც სიმბოლურად სახლში იწვევენ ღვთისმშობელს. თავიდან ნაძვის ხეზე ნამდვილ სანთლებს ანთებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში უსაფრთხოების მიზნით სანთლები ელექტრო ნათურებმა და გირლანდება შეცვალა. ფანჯარასთან სანთლის დანთების ტრადიცია კი დღემდე გრძელდება.

3. რა კავშირია შობასა და სანტა კლაუსს შორის?

"სანტა-კლაუსი" - ეს არის წმინდა ნიკოლოზის შეცვლილი სახელი. იგი საშობაო მითოლოგიის ნაწილად იქცა 1823 წელს, როცა კლემენტ კლარკ მურმა გამოაქვეყნა პოემა "შობის წინა ღამე ანუ წმინდა ნოკოლოზის ვიზიტი". სწორედ ამ

ნაწარმოებში მოხდა წმინდა ნიკოლოზის ტრანსფორმაცია სანტა-კლაუსად - კეთილ ზღაპრულ გმირად, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის.

4. რატომ არის სანტა კლაუსი ყოველთვის მსუქანი და წითელ ხალათში გამოწყობილი?

ტრადიციულად ქრისტეშობის სიმბოლო მწვანე ფერი იყო, წითელი კი მისი სისხლის სიმბოლოა. დასავლეთის ქვეყნებში შობის დღესასწაულის მთავარ ფერად წითელი გახდა მას შემდეგ, რაც 1931 წელს კომპანია Coca-Cola-მ გაუშვა სარეკლამო კამპანია, რომლის მთავარი პერსონაჟი იყო წითელი ხალათით შემოსილი სანტა-ლაუსი. მანამდე სანტას სამოსი იყო ხან თეთრი, ხან ყავისფერი, ხან კი ლურჯი.

სარეკლამო აქციისთვის მთავარი პერსონაჟის გარეგნობა მხატვარ ჰედონ სანდბლს მისმა მეგობარმა და მეზობელმა, ლუ პრენტისმა შთააგონა. ამიტომ გამოვიდა სანტა პრენტისის მსგავსად "ბუთხუზა". მისი ეს სახე იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვაგვარად კეთილი სანტას წარმოდგენა უკვე შეუძლებელიცაა.

5. რამდენ ხანს გრძელდება კათოლიკებისთვის საშობაო მარხვა?

კათოლიკები და პროტენსტანტები საშობაო მარხვას (ადვენტი) 4 კვირის მანძილზე ინახავენ. ადვენტის დროს ანუ ქრისტეს შობის მოლოდინის პერიოდში, არ არის მძიმე მარხვა და ითვლება სულიერი თავშეკავებისა და მორჩილების დროდ. მართლმადიდებლური ტრადიციით კი საშობაო მარხვა 28 ნოემბერს იწყება და 6 იანვარს მთავრდება, ანუ გრძელდება 40 დღე. სომხური სამოციქულო ეკლესია კი შობის წინ მარხვას მხოლოდ 7 დღე ინახავს.

myquiz