ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი? | Allnews.Ge

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

მსოფლიოში და საქართველოშიც ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სხვადასხვა ფაქტებთან დააკავშირონ.

მაგალითად, ზოგიერთი ამბობს, რომ კორონავირუსი 5G ტექნოლოგიის გამო ვრცელდება, ზოგიც სხვადასხვა საეჭვო გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას გვიზიარებს წინასწარმეტყველების შესახებ, ზოგი პანდემიებზე გადაღებულ ფილმებში ცდილობს პასუხებისა და გადარჩენის იმედის პოვნას. იპოვნით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეპიდემიების დროს წმინდა კორონა გვიფარავს.

დღეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კორონა ეპიდემიების დროს ადამიანების მფარველი ღმერთია, თუმცა ისტორიულად, ის იღბლის მომტან წმინდანად მიიჩნევა.

წმინდა კორონას კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა სტეფანიადაც მოიხსენიებენ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის 16 წლის გოგონა იყო, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში სირიაში რომაელმა ჯარისკაცებმა ქრისტიანობის გამო ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ მოკლეს.

კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა კორონას სახელს ცალკე არ განიხილავენ, მას ყოველთვის წმინდა ვიქტორთან ერთად მოიხსენიებენ. ვიქტორი რომაელი ჯარისკაცი იყო, რომელიც ასევე ქრისტიანობის გამო მოწამეობრივად აღესრულა.

წმინდა ვიქტორისა და კორონას შესახებ - მათ გარდაცვალებაზე, გარდაცვალების ადგილზე, ასევე წარმომავლობაზე არ არსებობს ერთი კონკრეტული თეორია და სხვადასხვა ჰაგიოგრაფიულ წყაროებში სხვადასხვა ინფორმაციაა მითითებული.

  • რას გვიყვებიან წმინდა ვიქტორსა და კორონაზე სხვადასხვა წყაროები?

ვიქტორი რომაელი ჯარისკაცი იყო, რომელიც ქრისტიანობისთვის აწამეს - მას თვალები დასთხარეს და თავი მოჰკვეთეს. წყაროების უმეტესობას თუ დავეყრდნობით, ის სირიაში ქრისტეს შობიდან 160-170 წლების პერიოდში მოკლეს. ზოგიერთი მკვლევარი წამების ადგილას დამასკოს, ზოგიც ანტიოქიას მიიჩნევს.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ვიქტორი და კორონა ანტონიუს პიუსის, ან დიოკლეტიანეს დროს აწამეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, როდესაც ჯარისკაცი ვიქტორი აწამეს, მას გამოესარჩლა სხვა ჯარისკაცის 16 წლის ცოლი, სახელად სტეფანია (იგივე კორონა), რის გამოც ის დააპატიმრეს და დაკითხეს, ხოლო შემდეგ აწამეს. სხვა წყარო კი ვიქტორსა და კორონას ცოლ-ქმრად მოიხსენიებს.

საკამათოა ის საკითხიც, თუ საიდან იყო კორონა. ძირითადად მკვლევარები ორ ვარიანტს განიხილავენ - სირიას და რომს.

 

  • ვიქტორისა და კორონას დღეს კათოლიკური ეკლესია წელიწადში 2-ჯერ აღნიშნავს - 24 ნოემბერს და 14 მაისს

ჩრდილოეთ იტალიაში ამ წმინდანების სახელობის ტაძარიც კი არის, რომელიც ჯვაროსნებს აუგიათ. წმინდანები პოპულარულები არიან ავსტრიაში და ასევე აღმოსავლეთ ბავარიაში. მიუნხენთან ახლოს არის მათი სახელობის სამლოცველოც.

აღსანიშნავია, რომ წმინდა კორონას ნეშტის ნაწილები აახენის საკათედრო ტაძრის აკლდამაში ინახება. როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, აკლდამიდან ნეშტის გამოტანა მომლოცველთათვის ზაფხულისთვის იგეგმებოდა, თუმცა ახლა, როცა პანდემიის გამო წესები გამკაცრებულია, ყოველივე გადაიდო, თუმცა წმინდა კორონას ნეშტს ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიტანენ, რადგანაც მის მიმართ ინტერესი ახლა ძალიან გაზრდილია.