პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა - "მეც ბევრი რამის მეშინია და არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ" | Allnews.Ge

პირველი ქართველი ალპინისტი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა - "მეც ბევრი რამის მეშინია და არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ"

15 წლიდან ალპინიზმი მისი ცხოვრების მთავარ გატაცებად იქცა, მუდამ ბუნებაში ყოფნამ, მთაში, ბანაკებში, მწვერვალებზე გატარებულმა წლებმა ისეთი პროფესიის არჩევისკენ უბიძგა, რომელიც ბუნებასთან იქნებოდა კავშირში.

სოფიო თვარაძე გარემოსდამცველი გახდა და ამჟამად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოღვაწეობს. მუშაობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირში (IUCN) დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. დღეს სოფიო AMBEBI.GE-ს თავად უამბობს, როგორ გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ჰიმალაის მასივები დალაშქრა:   "15 წლის ვიყავი, როდესაც ბოტანიკურ ბაღში აღმოვჩნდი ექსკურსიაზე, იქ სადაც ტრადიციულად ყველა ალპინისტი დადის კლდეზე სავარჯიშოდ, კლდეზე ცოცვის უნარების გასაუმჯობესებლად. დავინახე თუ არა, იმ წამსვე მომინდა მესინჯა. ბავშვობიდან ძალიან სპორტული ვიყავი, 6 წლიდან ჩოგბურთზე დავდიოდი და ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად მზად ვიყავი ალპინიზმში მეცადა ძალები. ასე აღმოვჩნდი კლდეზე ცოცვის სპორტული სკოლის რიგებში, ვვარჯიშობდი ბევრს, დავდიოდი შეჯიბრებებზე და სპორტულ ბანაკებში.   ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს ყაზბეგში მომეცა შესაძლებლობა, ავსულიყავი მყინვარწვერზე და მაშინ ზუსტად მივხვდი, რომ ეს არის ის, რისი კეთებაც ძალიან დიდ ხალისს მგვრიდა და შემართებასაც მმატებდა! მთაში ყოფნა, ყოველდღიური რუტინიდან მოწყვეტასაც ნიშნავს, ყოველდღიური ხედების ჩანაცვლებას ულამაზესი და არამიწიერი ხედებით, სხვადასხვა, მაგრამ შენნაირი ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, საერთო ინტერესები... მოკლედ, ყველაფერი ეს იმდენად მიმზიდველი და საინტერესო იყო, რომ მთლიანად ჩამითრია ამ საქმემ. ყოველთვის ამბიციური ვიყავი და ვარ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, მინდა, რომ ძალიან კარგი ვიყო, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და წარმატებაც ასე მოდის - ბევრი შრომის და თავდადების შედეგად. შემდეგ იყო სხვადასხვა მწვერვალები საქართველოში. 2002 წელს კი ავედი ჰიმალაის ერთ-ერთ ულამაზეს და ურთულეს მწვერვალ ამა-დაბლამზე, რომელიც ზღვის დონიდან 6 852 მეტრია. იგი მდებარეობს ნეპალში, ჰიმალაის მასივში, ევერესტის მახლობლად. ამ ასვლამ მომანიჭა პირველი ქართველი ალპინისტი ქალის წოდება, რომელმაც ჰიმალაის მასივი დალაშქრა" - უყვება AMBEBI.GE-ს სოფიო თვარაძე. ქართველი ალპინისტი ქალი ამბობს, რომ მთამსვლელებსაც ეშინიათ, თუმცა რისკავენ. რისკის ადექტავური შეფასება და გაცნობიერება კი ასაკთან ერთად მოდის. "მაშინ, როდესაც დავიწყე ეს ყველაფერი, არ მქონია გაცნობიერებული და აღიარებული ჩემს თავთან ბოლომდე, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა ვიცოდი, რომ ზოგჯერ ფატალური შედეგებიც მოაქვს ამ საქმიანობას. თუმცა, როდესაც პატარა ხარ, ბევრი რამე გაქვს გაუცნობიერებელი. ძალიან ბუნებრივად, შიშის გარეშე მივიღე ეს ყველაფერი. თუმცა, ისეც არ არის, რომ დაუცველი იყო. გაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და დაცვის საშუალებები. მეც ბევრი რამის მეშინია, არ ვთვლი, რომ ძალიან მამაცი ვარ, რისკიანიც ვარ, მაგრამ არა ძალიან რისკიანი. ასაკს მოაქვს ალბათ ეს სიფრთხილე. რომ ვადარებ მაგალითად, 15 წლის რომ ვიყავი და ავდიოდი მყინვარწვერზე და ახლა რომ ავდივარ, როგორი განსხვავებული შეგრძნებებია, მაშინ როგორი მძაფრი შეგრძნებები გაქვს, არაფერი გედარდება. ახლა კი ასაკის მატებასთან ერთად ყოველ ნაბიჯზე რისკს ხედავ.

ძალიან ბევრი ფიქრი, გათვლა გჭირდება მთაში, უნდა მიიღო აუცილებლად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რისკი არის ის, რომ შენ შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაქსიმალურად აწონილ-დაწონილი გქონდეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მოხდეს უბედურება, რადგან მთაა და ბუნებრივ კატაკლიზმებს ვერ გათვლი. ყოფილა შემთხვევა, რომ ნაპრალში ჩავვარდნილვარ, როდესაც ვყოფილვარ ჩაბმული თოკში მეწყვილეებთან ერთად. ისე რომ სიკვდილს თვალებში ჩავხედე, ასეთი რამ არ ყოფილა.

შეიძლება ზოგისთვის ძალიან გაუგებარი ფენომენია, რატომ რისკავ საკუთარ ცხოვრებას, თუმცა ამას ადრენალინის გამო არ აკეთებ. როცა ყოველდღიურ საქმიანობად გექცევა, ადრენალინი უკვე აღარ არის - მოგწონს ეს ყველაფერი, მოგწონს ის, რომ ხარ ძალიან ლამაზ და განსხვავებულ გარემოში, ხარ მთაში, არის სიწყნარე, სიმშვიდე, არის ხალხი, რომელსაც ენდობი, გიყვარს და არიან განსაკუთრებულები შენთვის. ამას თან ახლავს ფიზიკური დატვირთვა და გრძნობ, რომ ფორმაში ხარ. ეს არ არის მარტო ის, რომ მწვერვალზე ახვიდე და ადრენალინი მიიღო" - გვიყვება სოფიო. AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ალპინისტი ჰიმალაის დალაშქვრასაც იხსენებს, რომელმაც მას საამაყო ტიტული მიანიჭა. ამბობს რომ, სამი კვირა დასჭირდა ჰიმალაის მასივის დალაშქვრას. "ჩავფრინდით კატმანდუში, შედგა ექსპედიცია. ეს არის ალპინისტების მექა, ყველა ვინც მიდის მაღალი მწვერვალების დასალაშქრად, მათ შორის ევერესტის, იქ იკრიბება. კატმანდუდან უნდა გადაფრინდე ჯერ ლუკლაში, ეს არის მაღალმთიანი სოფელი, რომელიც ყველა ალპინისტის შემკრები პუნქტია. ამის იქით სამანქანო გზა არ არის, თუმცა არის დასახლებული პუნქტები, სოფლები.

ლუკლადან დაგვჭირდა სამი-ოთხი დღე საბაზო ბანაკამდე მისასვლელად. გადიხარ ამ სოფლებს ფეხით. დღევანდელ დღეს კომერციული ალპინიზმი ძალიან განვითარებულია, ძალიან სიმბოლური თანხით ქირაობ ადამიანს, რომელსაც მიაქვს შენი ძირითადი ტვირთი და მოდის შენთან ერთად. ე.წ. „შერპებს“. კომერციულმა ალპინიზმმა მოიტანა ის, რომ დღეს მიღწევად ითვლება იმ ადამიანის გამარჯვება, რომელმაც დაიქირავა, ვთქვათ, 5 „შერპერი“. "შერპერები" შესაძლოა, 15-ჯერ იყვნენ ნამყოფი ამ მწვერვალზე, ხოლო ალპინისტი პირველად ადის, მაგრამ ჩანს ის, „შერპერი“ კი ჩრდილში რჩება" - უყვება სოფიო თვარაძე AMBEBI.GE-ს.

ჰიმალაი, ამა-დაბლამი

განსხვავდება თუ არა ქართული მთა უცხოურისგან და აქვს თუ არა მთას საკუთარი ხასიათი - ალპინისტი ქალი გვეუბნება, რომ მთას ნამდვილად აქვს ხასიათი. "გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არის განსხვავება, რა თქმა უნდა. ევერესტი, რომლის სიმაღლეც 8848 მეტრია, არის უფრო დამთმობი და რბილი, ვიდრე გაცილებით დაბალ დონეზე მდებარე ზოგიერთი მწვერვალი. შეიძლება დაბალ მწვერვალზე ასვლა უფრო გაგირთულდეს, ვიდრე ევერესტზე. აქედან გამომდინარე მთას აქვს ხასიათი.

მთა გშიფრავს მთლიანად, შეუძლებელია იქ ნიღაბი მოირგო. ამასთან, გიყალიბებს ბევრად უფრო მიზანდასახულ და მტკიცე ხასიათს. მთაში სიარულმა ასევე ჩამოაყალიბა ჩემი ხასიათის გარკვეული შტრიხებიც - ვარ მეტად მიზანდასახული, პატარა დაბრკოლებები არ მაშინებს და ვიცი, რომ თითქმის ყველანაირი სირთულეების გადალახვა შესაძლებელია ცხოვრებაში, კარიერაში" - ამბობს ალპინისტი ქალი.