მგლის ლეკვი, რომლის მუმიაც კანადაში იპოვეს, 56 000 წლის წინ ცხოვრობდა - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა | Allnews.Ge

მგლის ლეკვი, რომლის მუმიაც კანადაში იპოვეს, 56 000 წლის წინ ცხოვრობდა - მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა

კანადაში, ქალაქ დოუსონთან, იუკონის ტერიტორიაზე, 2016 წელს ერთ-ერთმა ოქროს მომპოვებელმა თავისი საქმიანობისას, მუმიფიცირებული მგლის ლეკვი აღმოაჩინა. მას შემდეგ მეცნიერები იკვლევდნენ მუმიას და ახლა ცნობილი გახდა, რომ მგელი დაახლოებით 56 000 წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერთა თქმით, ის არის ძუ მგელი. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

მუმიას ძური უწოდეს, რადგანაც სწორედ ასე ეძახიან ადგილობრივები მგელს. მეცნიერები ამბობენ, რომ მგლის ლეკვის ბეწვი და კბილები სრულიად დაუზიანებელია და აქამდე აღმოჩენილ მგლის მუმიებს შორის ის არის ყველაზე სრულყოფილი. "100%-ით დაუზიანებელია - მხოლოდ თვალები აკლია“ - ამბობს პალეონტოლოგი და ანატომიის პროფესორი ჯული მიჩენი.   როგორც BBC წერს, კვლევის სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მკვლევართა გუნდს შეეძლო დაედგინა მგლის ცხოვრების ბევრი ასპექტი, მაგალითად, ის, თუ რამდენი წელი იცოცხლა, რას ჭამდა და რა გახდა სიკვდილის სავარაუდო მიზეზი. მგლის დნმ-ის და კბილის მინანქრის ანალიზით დადგინდა, რომ ის დაახლოებით 56 000 - 57 000 წლის წინათ დაიბადა და მოკვდა. მგლის სხეულის რენტგენოგრაფიამ დაადგინა, რომ სიკვდილისას ის 6, ან 8 კვირის უნდა ყოფილიყო. "ვფიქრობთ, მისი ბუნაგი ჩამოინგრა და ის მყისვე მოკვდა“, - ამბობს პროფესორი მიჩენი.

მეცნიერები ამბობენ, რომ უძველესი ხანის მგლის ნაშთები იუკონში და ასევე მეზობელ ალასკაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ დიდი ძუძუმწოვრის მუმია იშვიათია. ამიტომაც ეს მეცნიერებისთვის უძველესი ძუძუმწოვრების შესასწავლად უნიკალური შესაძლებლობაა.