ყველაზე სასტიკი ქალი-მებრძოლები ომების ისტორიაში- ვინ იყვნენ დაუნდობელი მეომრები, რომლებიც კოლონიზატორებს შიშის ზარს სცემდნენ | Allnews.Ge

ყველაზე სასტიკი ქალი-მებრძოლები ომების ისტორიაში- ვინ იყვნენ დაუნდობელი მეომრები, რომლებიც კოლონიზატორებს შიშის ზარს სცემდნენ

დაჰომეი - დასავლეთ აფრიკაში მდებარე პატარა სახელმწიფო კოლონიზატორებისათვის ნამდვილი ''კერკეტი კაკალი" აღმოჩნდა. საფრანგეთმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ამ მიწაზე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვერ შეძლო ნახევრად ველური ტომებისგან შემდგარი საკმაოდ ცუდად შეიარაღებული არმიის ძლევა.

ფრანგებს არ უყვართ ამ საკმაოდ არასასიამოვნო ისტორიული ფაქტის გახსენება და ამისათვის მათ საკმარისი მიზეზი აქვთ. ცნობები დაჰომეის კოლონიზაციის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს მიმდინარეობდა, ფრანგულ ისტორიულ ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებში ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. საქმე არამარტო იმაშია, რომ ეს ამბები დაკავშირებულია სახელწიფოსათვის საკმაოდ სამარცხვინო საქციელთან, როგორიცაა კოლონიზაცია, სხვისი მიწა-წყლის დაპყრობა და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურება.

ფრანგებს დაჰომეის გახსენება არ სურთ იმიტომაც, რომ ძლევამოსილმა ფრანგულმა არმიამ საკმაოდ დიდ მარცხი იწვნია უმეტეს წილად ქალებით დაკომპლექტებულ არმიასთან - დიახ, ამ ქვეყნის არმიის ძირითად ნაწილს ქალი-ჯარისკაცები ანუ აფრიკელი ამორძალები შეადგენდნენ.

პირველი ცნობები მებრძოლი ქალი-ამორძალების შესახებ გვხვდება ძველ ბერძნულ წყაროებში. ძნელია თქმა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში იხილეს ანტიკურმა ისტორიკოსებმა მებრძოლი ქალები. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ იმ ინფორმაციამ, რომ ეს ქალები ვაჟკაცობასა და საბრძოლო ხელოვნების ფლობაში არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ მამაკაცებს, ხოლო სისასტიკესა და მტრის სიძულვილში მათ აჭარბებდნენ კიდეც.

სწორედ ასეთ წინააღმდეგობას შეეჯახნენ ფრანგი კოლონიზატორები 1890 წელს. აფრიკელი ტომებისაგან ისინი მიჩვეული იყვნენ ხანმოკლე, ცუდად ორგანიზებულ წინააღმდეგობას, მაგრამ ევროპელი დამპყრობლები განცვიფრებული დარჩნენ, როცა ნახეს, რომ საქმე ჰქონდათ არც ისე კარგად შეიარაღებულ, მაგრამ საკმაოდ პროფესიულ დონეზე გაწვრთნილ ქალთა არმიასთან, რომლებიც შესანიშნავად ფლობდნენ ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკას.

საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი ფრანგი რიგითი ჯარისკაცებიც-მათ აქამდე არასოდეს ებრძოლათ ქალებთან. თავიდან ფრანგებმა არასერიოზულად მიიღეს სუსტი სქესის ჯარისკაცები და აგდებულად ექცეოდნენ მათ, თუმცა სულ მალე -პირველივე ბრძოლისას მათი დამოკიდებულება შეიცვალა და დაჰომეელი ქალბატონები მათთვის სერიოზულ მოწინააღმდეგებად იქცნენ.

ქალების წინააღმდეგ პირველსავე ბრძოლაში ფრანგებმა სამარცხვინო მარცხი განიცადეს. უფრო მეტიც -მათ პანიკური შიში გაუჩნდათ ამ ცივსისხლიანი, სასტიკი, შეუბრალებელი და უშიშარი ამორძალების მიმართ. ჯარისკაცები ცდილობდნენ შიში არყის სმით ჩაეხშოთ, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს ფრანგული არმიის დემორალიზაციას.

კარგა ხანი გავიდა, სანამ ფრანგი ჯარისკაცები მიეჩვივნენ ქალების წინააღმდეგ ბრძოლას და დაიწყეს პატარ-პატარა გამარჯვებების მოპოვება. ფორმალურად ამ ომში კარგად შეიარაღებულმა და მრავალრიცხოვანმა ევროპულმა არმიამ გაიმარჯვა, თუმცა მათ მაინც ვერ შეძლეს აფრიკული სპარტის ბოლომდე განადგურება.

მონადირეები, რომლებიც მებრძოლებად იქცნენ

დაჰომეის სახლმწიფოს არსებობა იწყება მეფე ჰოუეგბაჯას მმართველობიდან, რომელიც 1645-1685 წლებში იდგა ხელისუფლების სათავეში. სწორედ ამ მონარქმა გააერთიანა გაბნეული მომთაბარე ტომები და დააარსა სახელწიფოს დედაქალაქი აბომეი. მეფის ხელისუფლება იყო აბსოლუტური და წმინდა და თან ახლდა მისი წინაპრებისათვის შეწირული უამრავი მსხვერპლი. მაგრამ ჰოუეგბაჯას ამბიციები იზრდებოდა და ნამცეცა სახელმწიფო "ღმერთების შთამომავალს" უკვე აღარ აკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ გახდა დაჰომეი აგრესორი. ის თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, მოჰყავდა მონები და მათ დასავლეთ აფრიკის მონათა ბაზრებზე ჰყიდდა.

სამაგიეროდ ევროპელებისაგან ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდა. ამგვარად მონარქია იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მონარქები ერთმანეთს ცვლიდნენ, დაჰომეი კი არ იცვლებოდა-მას ემატებოდა ახალი მიწები, რომელთა მოსახლეობას კლავდნენ ან მონებად ჰყიდდნენ. სახელმწიფოს ნელ-ნელა ამოეწურა ადამიანური რესურსები-დაჰომეის ჯარისკაცები უკვე აღარ ჰყოფნიდა სხვისი მიწების დასაპყრობად. უკვე დაპყრობილი მიწებიდან წამოყვანილი მონებისათვის კი მათ ვერ გაებედათ ხელში ცეცხლსასრლი იარაღის მიცემა-ეს საკმაოდ სარისკო საქმე იყო. ამიტომ დაჰომეის ერთ-ერთმა მეფემ კარზე მომდგარი ომის წინ ყურადღება გაამახვილა ქალებზე-თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ქალთა პირველი საბრძოლო რაზმი ელიტარული დანიშნულებისა იყო და მას უნდა შეესრულებინა მეფისა და მისი ოჯახის დაცვის ფუნქცია.

არსებობს სხვა ჰიპოთეზაც: დაჰომეელი ქალები კარგად იყვნენ დახელოვნებული სპილოებზე ნადირობაში. ამ ვერსიით ეს ქალები თავად გამოცხადდნენ მეფესთან და შესთავაზეს თავიანთი სამსახური მოსალოდნელ ომში. მეფე დათანხმდა, ქალები არმიაში ჩარიცხა და ძალიან კმაყოფილი დარჩა მათი ბრძოლით პირველივე ომში. მესამე ვერსიით ქალების არმიას სათავე დაუდო იმ რაზმმა, რომელიც მეფის ოჯახს იცავდა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მიხევდით, მამაკაცებს არ ჰქონდათ უფლება მეფის სასახლეში ყოფილიყვნენ ღამ-ღამობით. ამიტომ, როგორც კი დაღამდებოდა, მეფის დაცვის მამაკაც ჯარისკაცებს კარგად შეიარაღებული ქალები ცვლიდნენ, რომლებიც გათენებამდე ზრუნავდნენ მის უსაფრთხოებაზე.

დაჰომეელი ქალი-ჯარისკაცები ერთმანეთს mino-ს ან n’nonmiton-ს უწდებდნენ, რაც მათი ენიდან სიტყვასიტყვით "ჩვენ დედებს" ნიშნავს. მინოდ გახდომა ყველა ქალს და გოგონას შეეძლო, მაგრამ ელიტურ შენაერთებში ყველა ქალი როდი ხვდებოდა. არსებობდა " ქალების შერჩევის" პროცედურა, რომელიც სამედიცინო "კომისიით იწყებოდა. პრეტენდენტები უნდა ყოფილიყვნენ აბსოლუტურად ჯანმრთელები, ძლიერი აგებულების და ლამაზები.

ის ქალები, რომელბიც შესარჩევ ტურს წარმატებულად გაივლიდნენ, ხვდებოდნენ საწვრთნელ ჯოჯოხეთში, რასაც მათ უწყობდნენ ვეტერანი ქალი-ამორძალები. ისინი გადიოდნენ სერიოზულ კურსს მაჩეტეთი ბრძოლაში. ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბრძოლო დისციპლინას წარმოადგენდა. სწავლების დამთავრების შემდეგ აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება-გამომცდელს მაჩეტეს სროლით თავი უნდა მოეჭრა მოწინააღმდეგისათვის, რომლის როლს მონა ან ბრძოლიდან წამოყვანილი ტყვე ასრულებდა. მოჭრილი თავი ზოგადად დაჰომეელი ამორძალების სავიზიტო ბარათად იყო ქცეული-ბრძოლაში ისინი ცდილობდნენ დამარცხებული მტრისთვის თავი მოეჭრათ და საბრძოლო ნადავლის სახით თან წამოეღოთ.

ამორძალები გადიოდნენ სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას: ქალ-მებრძოლებს ავარჯიშებდნენ, რომ ყოფილიყვნენ ძლიერები, მოხერხებულები და ტკივილის ამტანნი. სავალდებულო სწავლებაში შედიოდა დაბრკოლებების გადალახვა. ეკლიანი მცენარებით დაფარული მაღალი კედლის გადალახვა სწავლების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა.

გოგონები, რომლებიც მცირე ასაკში მიდოდნენ ქალთა არმიაში, ფიცს დებდნენ, რომ ქალწულებად დარჩებოდნენ და ისინი ხელშეუხებელნი იყვნენ სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა იყო შემთხვევებიც, როცა ქმრები მოურჯულებელ და პრეტენზიულ ცოლებს თავიდან იშორებდნენ და იძულების წესით ამწესებდნენ ჯარში. გამოცდის ერთ-ერთი სახეობა იყო იმდროინდელი ''შიმშილის თამაშები''- ამორძალებს აგზავნიდნენ ათი დღით ჯუნგლებში და მხოლოს მაჩეტეს წაღების უფლებას აძლევდნენ. თუ პრეტენდენტი ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდებოდა, მას საპატიო-ელიტარულ რაზმში რიცხავდნენ.

ეს დიდი პატივი იყო, რადგან ქალთა არმიის ჯარისკაცებს მატერიალური კეთილდღეობა, დიდება და პრივილეგიები გარანტირებული ჰქონდათ. თვითმხილვევლი- ბრიტანელი მოგზაური სტენლი ალპერნი წერდა, რომ როცა ამორძალების რაზმი სამეფო რეზიდენციას ტოვებდა, რაზმის წინ მოდიოდა მონა ქალი, რომელიც ზარს რეკავდა. ამით ის გზაზე შემხვედრ მამაკაცებს აფრთხილებდა, რომ ამორძალების რაზმი მოდიოდა. ისინი ვალდებული იყვნენ გზიდან გადასულიყვნენ და ზურგით შებრუნებულიყვნენ მანამ, სანამ რაზმი გაივლიდა. მამაკაცების ყოველგვარი კონტაქტი ამ ქალებთან აკრძალული იყო-ისინი ოფიციალურად ითვლებოდნენ მეფის ცოლებად, თუმცა თავად მეფეც კი ვერ ბედავდა მათი უბიწოების შეხებას. რა თქმა უნდა, სანამ ქალი-მებრძოლები სამხედრო სამსახურში იყვნენ, მათ ეკრძალებოდათ მამაკაცთან ურთიერთობა და ბავშვების გაჩენა.

intermedia.ge

myquiz