50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს - კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი | Allnews.Ge

50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს - კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი

ამერიკაში, მერილენდის შტატში, უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ საახალწლოდ თანამშრომლების ბონუსებისთვის 10 მილიონი დოლარი გამოჰყო. ბონუსებს კომპანიაში დასაქმებულ 198 ადამიანს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ თანამშრომლებმა წინასაშობაოდ გამართულ გრანდიოზულ წვეულებაზე შეიტყვეს.

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ედვარდ სენტ ჯონი ამბობს, რომ ბონუსის ოდენობა დამოკიდებულია თანამშრომლის თანამდებობაზე. საშუალოდ ეს თანხა 50 000 დოლარია, მაგრამ ზოგიერთი თანამშრომელი 250 000 დოლარზე მეტს მიიღებს.

ედვარდ სენტ ჯონის თქმით, ყველა თანამშრომელი მნიშვნელოვანია და ისინი ასეთ საახალწლო საჩუქარს იმსახურებენ, რადგან კომპანია გუნდის გარეშე საერთოდ არაფერი იქნებოდა.

ხელმძღვანელმა საშობაო წვეულებაზე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც მათ სასაჩუქრე ბარათები დაურიგდათ. ედვარდმა ყველას სთხოვა ბარათები გაეხსნათ, სადაც ანგარიშები აღმოჩნდა, შთამბეჭდავი ციფრებით.

როგორც New York Post წერს, ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი იყო. გამოცემა ავრცელებს ვიდეოსაც, სადაც ჩანს, თუ როგორი ოვაციებით ხვდებიან დასაქმებულები ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და ცრემლებს ვერ იკავებენ.

"შოკში ვარ და ძალიან მადლიერი ვარ“, - ამბობს კომპანიის თანამშრომელი, ნიკი გუდი.

"ის, რაც ამ საღამოს მოხდა, რაღაც მაგიაა“, - ამბობს ვეტერანი თანამშრომელი დანიელ ვალენსია.

myquiz