ევერესტი იმაზე ოდნავ მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ- რამდენია მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე სინამდვილეში? | Allnews.Ge

ევერესტი იმაზე ოდნავ მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ- რამდენია მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე სინამდვილეში?

ჩინეთისა და ნეპალის მიერ წარმოდგენილი ახალი ერთობლივი გამოთვლის თანახმად, ევერესტი იმაზე ოდნავ მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მწვერვალზე გეოდეზისტების ექსპედიციის გაგზავნის შემდეგ ჩინეთი და ნეპალი შეთანხმდნენ, რომ ევერესტის სიმაღლე 8 848.86 მეტრია. აღსანიშნავია, რომ კატმანდუსა და პეკინს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიმაღლის შესახებ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. კერძოდ, ნეპალი დღემდე 1954 წელს ინდოეთის მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8 848 მეტრი მიიჩნეოდა. ჩინეთის მიერ 2005 წელს ჩატარებული გაზომვის თანახმად კი, ევერესტის სიმაღლე 8 844.43 მეტრი იყო.

ევერესტი, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია, ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.