როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად?

შოთა ზანდუკელი ჰერპეტოლოგია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ქვეწარმავლების სპეციალისტად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა - იჭერდა, აღრიცხავდა და ისევ ბუნებაში აბრუნებდა. ზოგს თუ გველის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემს, შოთასთვის მათი დაჭერა ერთგვარი ადრენალინია. დღეს მის სახლში სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავალი ცხოვრობს.

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს, ზოოპარკში რომ მივდიოდი, ყველას დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. შინ ყოველთვის მყავდა ძაღლი, კურდღელი, კატა, ზაზუნა, მტრედი... 7 წლისამ მოსკოვში პირველად ვნახე ტერარიუმი. მამა იმხანად მოსკოვში მუშაობდა და დედასა და ძმასთან ერთად ჩავდიოდით ხოლმე სანახავად. პირველად გველები რომ დავინახე, სხვა ბავშვებივით არ შემშინებია, პირიქით, ინფორმაციის მოძიება დავიწყე. 9 წლისამ ლისის ტბაზე წყლის ანკარა დავიჭირე. ამ დროს სახეობებს უკვე ვარჩევდი და ვიცოდი, როგორ დამეჭირა. გველი წამოვიყვანე და სახლში ერთხანს ისე მყავდა, ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ როგორც კი გაიგეს, მაშინვე გამაშვებინეს. 13 წლისამ ალგეთის ხეობაში, აბრამეთის გორაკზე ცხვირრქოსანი გველგესლა დავიჭირე, რომელსაც, გიურზას შემდეგ, საქართველოში ბინადარ ქვეწარმავლებს შორის ყველაზე ძლიერი შხამი აქვს. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ შხამიანი იყო. ეს ძალიან დიდი ემოცია და ადრენალინი იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მეტად ქვეწარმავალთა სამყარო, კონკრეტულად კი, შხამიანი გველები მაინტერესებდა.

700-მდე გიურზა მყავს უკვე დაჭერილი. შეიძლება ითქვას, შხამიანი გველები ჩემი სტიქიაა. ისინი უფრო მეტად განვითარებული არიან, უფრო საინტერესო ცხოვრება და შესახედაობა აქვთ, უფრო ექსტრემალურია მათი დაჭერის პროცესიც. როდესაც უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, იქ უკვე იცოდნენ ჩემი გატაცების შესახებ და მიმიწვიეს ეკოლოგიურ წრეზე, რომელსაც ბიოლოგი დავით თარხნიშვილი ხელმძღვანელობდა. შხამიანი გველების შესახებ მოხსენებებს ვკითხულობდი, ქვეწარმავლებს ვაკვირდებოდი, ზოოლოგიის ინსტიტუტთან ვთანამშრომლობდი და ექსპედიციებში დავდიოდი. მალე იმხელა ცოდნა შევიძინე, ლექციებსაც ვკითხულობდი და ასე, ნელ-ნელა გადავერთე ამ სფეროზე. სამაშველო სამსახურში რამდენიმე სპეციალისტთან ერთად სამუშაოდ მეც მიმიწვიეს. ასე ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი, დავდიოდით გამოძახებებზე და ხალხს ვეხმარებოდით.

- თუ გველებს? - (იცინის) ორივეს, ხალხსაც ვუგვარებდით პრობლემებს და გველებსაც ვიხსნიდით სიკვდილისგან - აღვრიცხავდით და კვლავ ბუნებაში ვაბრუნებდით. ხშირად პანიკური შიშის გამო ადამიანებს გული მისდიოდათ... ეს შიში განპირობებულია იმით, რომ ქვეწარმავლების შესახებ ზედაპირული ცოდნა გვაქვს. ბავშვობიდან გვესმის, რომ გველები თავს გვესხმიან, თუ გვიკბინეს, აუცილებლად მოვკვდებით... ამასთან, ბევრისთვის მახინჯი არსებაა, სინამდვილეში კი ძალიან ლამაზია - ისეთი ფერები აქვს, ბუნებაში იშვიათად შეხვდებით. აუცილებელია ვიცოდეთ! როდესაც ქვეწარმავალს დავინახავთ, რაც უნდა დიდი, შხამიანი და აგრესიული იყოს, არაფერს დაგვიშავებს. უბრალოდ, არ უნდა მივეკაროთ, მკვეთრი მოძრაობები არ უნდა გავაკეთოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მას ჩვენზე მეტად ეშინია და როგორც კი დაგვინახავს, დამალვას ცდილობს - მისთვის ადამიანი საფრთხეა.

- ანუ გველი თავდაცვის მიზნით იკბინება და არა აგრესიის გამო? - რა თქმა უნდა, თავს გაქცევით შველის და თუ არ გამოსდის, თავს იცავს - ე.წ. გველის პოზას იღებს. უშხამოების ნაწილი შხამიან გველებს ჰბაძავს, ისინიც იღებენ გველის პოზას და სისინებენ, შხამიანები კი იკბინებიან. გველებს შხამი ნადავლის მოსაპოვებლად სჭირდებათ და არა ადამიანის მოსაკლავად. ზოგჯერ კბენისას შხამს არც უშვებენ, იზოგავენ. უფრო მაშინ გვიკბენენ, როდესაც გავაღიზიანებთ - ფეხს დავადგამთ ან ხელში ავიყვანთ, ანუ როცა სტრესულ მდგომარეობაში ვაგდებთ...

- თქვენთვის თუ უკბენია?

- რამდენჯერმე არასწორად ვიმოქმედე - ერთხელ კვებისას ხელით მივეხმარე და მაშინ მიკბინა; მეორედ გველგესლა სადღაც შესრიალდა, შიშველი ხელი შევყავი და მიკბინა. ვიცოდი, რომ ზომითაც და ასაკითაც პატარა იყო, შხამიც ცოტა ექნებოდა და დიდ ზიანს ვერ მომაყენებდა. მხოლოდ ოდნავი ტკივილი ვიგრძენი. გველის დაჭერა იოლი არ არის. შეცდომა არ უნდა დაუშვა, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო - თითების განლაგება, ხელის მოჭერის ძალა...

- ამჟამად შინ 12 სახეობის გველი გყავთ, ყველა თქვენ დაიჭირეთ?

- მყავს 12 ქართული სახეობისა და 5 ეგზოტიკური გველი. ქართული სახეობები თითქმის ყველა ჩემი დაჭერილია, ეგზოტიკურები კი ვიყიდე. ისინი შეფერილობით ძალიან განსხვავდებიან ჩვეულებრივი გველებისგან - უფრო ლამაზები არიან. ყველა ქვეწარმავალს ინდივიდუალური ტერარიუმი სჭირდება, რადგან ყველა სახეობას თავისი ტემპერატურული რეჟიმი და ჰაერის ტენიანობა უნდა ჰქონდეს. ხშირად მეკითხებიან, სახელებს თუ არქმევო. გველებს სმენა არა აქვთ და სახელების დარქმევას რა აზრი აქვს? მკვეთრად გამოხატული გრძნობებიც არა აქვთ, არ იციან სიყვარული, მათი ცხოვრება ინსტინქტებზეა დამყარებული. ერთმანეთისგან მხოლოდ აგრესიის გამოხატვის ხარისხით, კვების რეჟიმითა და ქცევებით განსხვავდებიან. ზოგი წყნარია, ზოგი აგრესიული.

- თურმე ნიანგთანაც მეგობრობთ, მასზეც გვითხარით რამე.

- სიამის ნიანგია, იშვიათი სახეობა, ჯერ 3 წლისაა და 1 მეტრამდეა, ისე, 2,5 მეტრი იზრდება. ძალიან კარგი "გოგოა", ლამაზი, ცოტა ბრაზიანიც და თავის ტერიტორიას მუდმივად იცავს. როდესაც მასთან შევდივარ, ხვდება, რომ უნდა ვაჭამო, მაგრამ პატრონის მიმართ თბილი დამოკიდებულება მაინც არა აქვს და უნდა გაფრთხილდე. ვკვებავ 2-3 დღეში ერთხელ, სასურველია, წონაში ძალიან არ მოიმატოს.

- ქვეწარმავლები გყავთ იმ სახლში, სადაც ოჯახის წევრები ცხოვრობენ. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ გველების მიმართ?

- გველები ცალკე ოთახში მყავს და მათთან ჩემ გარდა არავინ შედის. ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე შევაჩვიე ამ სიტუაციას. დედა თავიდან წინააღმდეგი იყო და აპროტესტებდა. მისი სიტყვა კანონი იყო და ვემორჩილებოდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, აღარ. ქვეწარმავლები ჩემი ცხოვრების ნაწილია. ლექციებსა და ტრენინგებზე გველები თან დამყავს, დაკვირვების ობიექტები არიან - ფოტოზე ნანახი სხვაა და ცოცხლად რომ ხედავ, სულ სხვა ეფექტი აქვს. ვინც ჩემთან მოდის, თითქმის ყველამ იცის ჩემი ბინადრების შესახებ, თუმცა ერთხელ ასეთი რამ მოხდა: სტუმრები გვყავდა, სუფრა მისაღებში იყო გაშლილი, ნიანგის ტერარიუმზე ფარდა მქონდა ჩამოფარებული და არაფერი ჩანდა. ერთი წუთით უკან მიტრიალდი-მეთქი, ვთხოვე ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც არაფერი იცოდა ჩემი პატარა ზოოპარკის შესახებ. მიტრიალდა თუ არა, ფარდა ავწიე და ნიანგი რომ დაინახა, ძლივს მოვასულიერე...

- ვიცი, დაოჯახებული არა ხართ. ალბათ, იმიტომ, რომ ცოტაა ადამიანი, ვისაც გველებთან ცხოვრების არ ეშინია...

- შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი - ბოლოს და ბოლოს, გველებს სხვაგან გადავიყვან. თუმცა, ჩემი პროფესიის გამო სულ გახიზნული ვარ და სხვა ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი...

- რა არის მიზეზი, რომ ზოგიერთი ზაფხული ქვეწარმავლების სიმრავლით გამოირჩევა, და საქართველოს რომელ რეგიონში ბინადრობს ყველაზე მეტი ქვეწარმავალი?

- გველების სიმრავლე განპირობებულია კლიმატური პირობებით - როგორი იყო გაზაფხული, ანუ ის პერიოდი, როდესაც ქვეწარმავლების შეჯვარება ხდება; ზაფხული, როდესაც კვერცხს დებენ, მერე იწყება გამოჩეკის პერიოდი და საბოლოოდ, ზამთარი. თუ ყველა სეზონმა წესისამებრ ჩაიარა, შემდეგი ზაფხული ქვეწარმავლების სიმრავლით გამორჩეული იქნება; თუ კლიმატური პირობები დაირღვევა, ნაკლები აქტივობაა მოსალოდნელი. წლევანდელ ზაფხულს სახეობების პოპულაცია გაზრდილია და შესაბამისად, აქტივობაც მაღალია. რაც შეეხება საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლებს, 26 სახეობის გველიდან 15 თბილისშია. მათგან შხამიანები - გიურზა, ცხვირრქოსანი გველგესლა და კატისთვალა - თბილისის შემოგარენში ბინადრობენ.

myquiz