ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები? | Allnews.Ge

ფიდელ კასტროსა და უგო ჩავესის მეგობარი, რომელიც პუტინს "ფენომენს" უწოდებდა - როგორი იყო დიეგო მარადონას პოლიტიკური პრეფერენციები?

დიეგო არმანდო მარადონა - "ფეხბურთის მეფე" 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. საყოველთაოდ აღიარებული ნიჭის მიღმა, მისი ცნობილი სიტყვების: La Mano De Dios - "ღმერთის ხელის" მსგავსად (რომელიც მან ხელით გატანილი გოლის აღსაწერად გამოიყენა), მარადონას მრავალი ქმედება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საკითხი პოლიტიკა იყო, რაშიც არგენტინელი ლეგენდა მთელი ცხოვრების განმავლობაში მკაფიოდ აფიქსირებდა საკუთარ შეხედულებებს. ის მხარს უჭერდა ლათინო-ამერიკულ სოციალიზმს, ახდენდა კათოლიკური ეკლესიის დემონიზაციას და მოკლე ხნის განმავლობაში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც განიხილავდა.

აზრთა სხვადასხვაობა მარადონას გარდაცვალების შემდეგ მის მიმართ ქართველ საზოგადოებაშიც გამოჩნდა - მიუხედავად სპორტული სამყაროს წარმომადგენლების და საზოგადოების საერთო მწუხარებისა, თუნდაც სოციალურ ქსელში გაიხსენეს მარადონას მხარდამჭერი განცხადებები რუსეთის ფედერაციის და პუტინის მიმართ. გთავაზობთ ლეგენდარული ათი ნომრის პოლიტიკური პრეფერენციების მიმოხილვას.

"მეორე მამა" - ფიდელ კასტრო

დიეგო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ლათინურ ამერიკაში მემარცხენე პოლიტიკოსების მხარდაჭერაზე მიდგებოდა. მარქსისტ-ლენინისზმის მიმდევარ რევოლუციონერთან და კუბის ყოფილ პრეზიდენტთან, ფიდელ კასტროსთან დიეგო მარადონას ერთი შეხედვით, მათი განსხვავებული ცხოვრებიდან გამომდინარე, უჩვეულო მეგობრობა აკავშირდებდა. კუბის ლიდერს მარადონა თავის "მეორე მამადაც" კი თვლიდა. ის კასტროს იმდენად აიდეალებდა, რომ მარცხენა ფეხზე მისი ტატუც ჰქონდა, მაშინ, როდესაც მის მარჯვენა მკლავს ჩე გევარას ცნობილი ტატუ ფარავდა.

მარადონა ფიდელს პირველად 1987 წელს შეხვდა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა მათი მეგობრობა მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში გაღვივდა, როდესაც ფეხბურთის ლეგენდა კუბაში ნარკოდამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად იმყოფებოდა. მას ხშირად აღუნიშნავს, თუ როგორ დაეხმარა ფიდელ კასტრო კუბაში ყოფნის 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ის კოკაინისგან გამოწვეული გულის პრობლემის გამო კინაღამ გარდაიცვალა.

მისი თქმით, კუბის ლიდერთან ერთად, ის ხშირად განიხილავდა პოლიტიკასა და სპორტს. კასტროსგან მან 2005 წელს ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს ფორმატში ინტერვიუც აიღო, რომელშიც მეგობრებმა ანტიამერიკული განწყობები გაახმაურეს.

მარადონას გარდაცვალებამდე ზუსტად 4 წლით ადრე - 2016 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა ფიდელ კასტრო. "უკონტროლოდ ვტიროდი... მამაჩემის შემდეგ, ეს ყველაზე ღრმა მწუხარებაა, რაც გამომიცდია", - თქვა დიეგომ "მეორე მამის" დაკარგვაზე.

ანტიამერიკული განწყობები

მარადონას ყოველთვის ჰქონდა ანტიამერიკული განწყობები. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტთან, უგო ჩავესთან. ჩავესის მიერ წაყვანილ სატელევიზიო შოუში მარადონამ თქვა: "მე მჯერა ჩავესის... ყველაფერი, რასაც ჩავესი და ფიდელი აკეთებენ, ჩემთვის საუკეთესოა". იმავე გადაცემაში მან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გამოხატა სიძულვილი: "მე მძულს ყველაფერი, რაც შეერთებული შტატებიდან მოდის. მეზიზღება ეს მთელი ჩემი ძალით".

Guardian-ის თანახმად, 2004 წელს ფეხბურთის ლეგენდამ მონაწილეობა მიიღო ერაყის ომისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. მიტინგზე მას გვერდზე უგო ჩავესი ედგა, თავად კი ეცვა მაისური წარწერით: "Stop Bush". მარადონამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მე, როგორც არგენტინელი, ვამაყობ, რომ ამ ნაგავ ადამიანს, ჯორჯ ბუშს უარვყოფ".

მარადონამ 2017 წელს გამოთქვა ეჭვები შეერთებული შტატების მიერ გლობალური პოლიტიკის დომინირების შესახებ და დასცინა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

"აშშ შერიფი აღარაა. არა, არა. ჩვენც ვიპოვით იარაღს, რაც მათ აქვთ. არავის სურს ომში წასვლა, მაგრამ როდესაც ხედავ ისეთ მულტფილმის პერსონაჟებს, როგორიც ტრამპია, იწყებ ფიქრს, რომ თუ ასეთ ადამიანს მოეპრიანება, ჩვენ ყველანი შეიძლება, მტრები გავხდეთ ", - თქვა მან.

შურისძიება ფოლკლენდის კუნძულების გამო

მარადონას პოლიტიკური შეხედულებები მისი კარიერის აყვავების დასაწყისშიც ჩანდა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ცნობილ მეოთხედფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ინგლისი მისი წყალობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მარადონას თქმით, ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო მატჩი - ეს იყო შურისძიება 1982 წელს, ფოლკლენდის კუნძულებისთვის ომში არგენტინის ბრიტანეთთან დამარცხების გამო. 2000 წელს გამოქვეყნებულ თავის ავტობიოგრაფიაში "მე ვარ დიეგო", მარადონამ ინგლისთან გამარჯვება აღწერა, როგორც "ჩვენი დროშის დაცვა".

"გულში პალესტინელი ვარ"

ლათინური ამერიკის გარდა, დიეგო მუდმივად გამოხატავდა სოლიდარობას პალესტინის და პალესტინის სახელმწიფოს იდეის მიმართ. 2012 წელს მან ჟურნალისტებს განუცხადა: "მე პალესტინის ხალხის პირველი გულშემატკივარი ვარ. მე მათ პატივს ვცემ და თანავუგრძნობ". მან დასძინა, რომ საკუთარი თავის გაიგივება პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებით, იმის გამო შეუძლია, რომ ქარხნის მუშის ვაჟი იყო და ბუენოს აირესის "ჯურღმულებში" გაიზარდა.

2014 წელს მან ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვას "სამარცხვინო" უწოდა, 2018 წელს კი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მსოფლოო ჩემპიონატზე, მოსკოვში შეხვდა და უთხრა: "ჩემს გულში მე პალესტინელი ვარ".

"ფენომენი პუტინი"

ფეხბურთის ლეგენდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ საკმაო სიმპათიით იყო განწყობილი. 2017 წელს მოსკოვში, რუს ჟურნალისტებთან საუბრისას მან პუტინი შეაქო და თქვა, რომ რუსეთის ლიდერი "ფენომენია".

"ის უბრალოდ, ფენომენია. ვფიქრობ, რომ პუტინი, უგო ჩავესის და ფიდელ კასტროს შემდეგ, არიელ ორტეგასთან და ევო მორალესთან ერთად, პოლიტიკური ლიდერების "უმაღლეს ლიგას" წარმოადგენს. პუტინი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ამ სამყაროში ბევრს მოუტანოს მშვიდობა", - თქვა მარადონამ.

არგენტინელმა სულ რამდენიმე კვირის წინ, ოქტომბრის მიწურულს პუტინი კორონავირუსზე საუბრის დროსაც ახსენა. იმ დროისთვის თვითიზოლაციაში გადასულმა მარადონამ თქვა: "მე მჯერა პუტინის. დარწმუნებული ვარ, რომ მას ვაქცინა მალე ექნება, რადგან ეს პანდემია უკვე გაუსაძლისია".

განაგრძეთ კითხვა