"საბჭოთა ალენ დელონი", ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული დამნაშავე და ქალთა მაცდუნებელი, რომლის "ანგარიშზეც" 72 მოტყუებული ქალი ირიცხებოდა | Allnews.Ge

"საბჭოთა ალენ დელონი", ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული დამნაშავე და ქალთა მაცდუნებელი, რომლის "ანგარიშზეც" 72 მოტყუებული ქალი ირიცხებოდა

1975 წლის მარტის დასაწყისი საბჭოთა კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და, იმავდროულად, გაქნილი დამნაშავის დახვრეტით აღინიშნა - იური ლაჯუნის მიმართ გამოტანილი განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. "ალენ დელონად" წოდებული საქორწინო აფერისტი იოლად აცდუნებდა ხოლმე მიმნდობ ქალბატონებს და შემდეგ - მათ გულწრფელ გრძნობებს თავისი დანაშაულებრივი მიზნების სარეალიზაციოდ იყენებდა.

1960-იანი წლების შუახანებში საბჭოთა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "შავი ტიტა", რომელშიც მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ასრულებდა. ლამაზი მსახიობი, რომელიც მამაცი, გაბედული და კეთილშობილი გმირების როლებს ასრულებდა, ელვისებურად გახდა საბჭოთა ქვეყნის სუსტი სქესის წარმომადგენელთა გულების დამატყვევებელი.

ვიდრე საბჭოთა მაყურებელი ალენ დელონის გმირით იყო აღფრთოვანებული, მილიციაში საკმაოდ შეშფოთდნენ მოუხელთებელი აფერისტის მოქმედებით, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავდა ფრანგ მსახიობს, ეშმაკობითა და გაქნილობით კი - იმავე ხანებში ეკრანებზე გამოსული საბჭოთა ფილმის - "12 სკამის" გმირს - ოსტაპ ბენდერს, რომელიც მადამ გრიცაცუევას გულის მონადირებას ცდილობდა.

მილიციონერებისთვის ამ მოხერხებული თაღლითის შესახებ მონაცემები პირველად 1960-იანი წლების მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. სამართალდამცველები გაკვირვებულები იყვნენ დამნაშავის გაწაფულობით. მას რამდენიმე დღეში შეეძლო, ერთბაშად რამდენიმე ქალის ნდობა მოეპოვებინა და, არა მარტო ნდობა, არამედ - მათთვის თავი შეეყვარებინა და, საბოლოოდ, მათი ბინები პირწმინდად გაეძარცვა კიდეც. მილიციელებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ, რადგან აფერისტი არანაირ კვალს და სამხილს არ ტოვებდა.

ბოლოს და ბოლოს დამნაშავის მოძიება-შეპყრობა გამომძიებელ მიხეილ დეინეკოს დაავალეს. აფერისტი კი, სხვათა შორის, თავის დანაშაულებრივ გზას მხოლოდ და მხოლოდ იწყებდა...

კალუგური სატრფიალო

1966 წელს იური ლაჯუნი ქალაქ კალუგაში გამოჩნდა და ადგილობრივ სასტუმროში დაბინავდა. იგი ადმინისტრაციას მოსკოველი მეცნიერ-მუშაკის - ნიკოლაი პუშინის სახელით წარუდგა. იქვე მან გაიცნო 30 წლის ნატალია ორლოვსკაია, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა. იური ლაჯუნს დიდხანს არ უფიქრია და ქალიშვილი კინოთეატრში მიიპატიჟა, სადაც ალენ დელონის მონაწილებით ფილმი გადიოდა. ნატალიამ თავიდანვე შენიშნა, რომ მისი ახლადგაცნობილი თანამგზავრი ძალიან ჰგავდა ფრანგ მსახიობს. კინოთეატრის შემდეგ "მეცნიერ-მუშაკმა" ნიკოლაიმ ქალიშვილი რესტორანში წაიყვანა, სადაც თავისი სამსახურის შესახებ უამბო - გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობო. ქალიშვილმა სწრაფად დაუჯერა აფერისტს, მით უმეტეს, რომ იგი, რომ იტყვიან, კომპლიმენტებს აფრქვევდა. მარტოხელა ქალის გული სიმპათიური მამაკაცის მიმართ ღრმა გრძნობით განიმსჭვალა.

რამდენიმე დღის შემდეგ ნატალია მოსკოვში უნდა წასულიყო, რაც თავის ახალ მეგობარს გაუმხილა - წავალ და ისევ მალე დავბრუნდებიო. იური ლაჯუნმა სწრაფად მოახდინა სიტუაციაში ორიენტირება და ქალს გაუმხილა, რომ სრულიად უფულოდ იყო დარჩენილი. აფერისტის ნაამბობით გულაჩუყებულმა ნატალიამ თვითონ შესთავაზა - თუ გინდა, 250 მანეთის ოდენობით (რაც იმ დროს საკმაოდ თანხას წარმოადგენდა) ფულის სესხება შემიძლიაო. "მეცნიერ-მუშაკი" ისე იქცეოდა, თითქოს რცხვენოდა და ნატალიას ხვეწნაც კი დასჭირდა... მოკლედ, ქალი უკან რომ დაბრუნდა, აფერისტი უკვე გაურკვეველი მიმართულებით იყო გაუჩინარებული.

ორლოვსკაიამ მილიციაში ჩვენების მიცემისას იური ლაჯუნი ასე აღწერა: მამაკაცი 30-35 წლის, სიმაღლით 180 სმ. ჩვეულებრივი აღნაგობის მქონე, შავი თმით. გარდა ამისა, ქალმა ყურადღება გაამახვილა მისი ლაპარაკის სამხრეთულ მანერაზე. მიუხედავად საკმაოდ უზუსტო აღწერისა, სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვისას მილიციელებს მცირე სამხილიც გაუჩნდათ - აფერისტს სოციალისტური შრომის დამკვრელის მოწმობა ჰქონდა ნიკოლაი პუშინის სახელზე, რითაც სასტუმროს ადმინისტრაციას წარუდგა და ნომერიც ამიტომ მისცეს, პასპორტი კი შინ "დარჩენოდა".

სულ მალე ნამდვილი ნიკოლაი პუშინიც გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი სოციალისტური შრომის დამკვრელის მოწმობა მოპარული იყო - ტექსიში ვიღაც იურისთან ერთად ვიჯექი, გამომელაპარაკა და, ჩემდა სამწუხაროდ, მისამართიც ვუთხარი, თან ისიც გავანდე, რომ მივლინებაში მივდიოდიო. მოვლენები ასე განვითარდა: მეორე დღეს იური ლაჯუნი პუშინის სახლში მივიდა, მის ცოლს გაეცნო, თავაზიანად უთხრა - თქვენი მეუღლის მეგობარი ვარ, არ ვიცოდი თუ შინ არ დამხვდებოდა, არადა, ღამის გასათევი არსად არ მაქვსო. აფერისტის მანერებით მოხიბლულმა ქალმა ღამის გათევის ნება მისცა... მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქმარი სახლში დაბრუნდა, გაირკვა, რომ ბინიდან მოპარული იყო მოწმობა და ფულის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელსაც ცოლ-ქმარი ავტომანქანის საყიდლად აგროვებდა.

ბინაში მისულმა მილიციელებმა ცოლ-ქმარს სთხოვეს, რომ ეჭვმიტანილის სახე აღეწერათ. რაოდენ იყო მათი გაკვირვება, როდესაც ქალმა აიღო ჟურნალი და მის ყდაზე დაბეჭდილი ალენ დელონის ფოტო აჩვენა - აი, ამ მსახიობს ჰგავს ძალიანო. რა თქმა უნდა, აფერისტს კვალი არ დაუტოვებია.

განაგრძეთ კითხვა