როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ დაჯდება (+ფოტო) | Allnews.Ge

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ დაჯდება (+ფოტო)

თბილისის მერიის მიერ თემქის (ზღვისუბნის) ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა "ენსისი" და "საბა კონსტრაქშენი", თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, "ენსისს" დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხოლო "საბა კონსტრაქშენი" გამარჯვებულად გამოვლინდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 636 970 ლარს შეადგენდა, თუმცა, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების თანახმად, პარკის მოწყობა 35 709 577 ლარი დაჯდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2020-2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თემქის ხევის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.

რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, მისი მფლობელი - შპს "საბა ინვესტია", რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც სლავა შერაზადიშვილია.