სამი ყველაზე წარუმატებელი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში | Allnews.Ge

სამი ყველაზე წარუმატებელი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში

ქართველებს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა დამპყრობელთან უამრავი ბრძოლა ჰქონია, - მათგან ზოგი წარმატებული იყო, თუმცა იყო წარუმატებლებიც, რომლებმაც ქვეყანას სერიოზული ზიანი მიაყენა. ამჯერად სამი ასეთი ომის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

გარნისის ბრძოლა

1225 წელს მოხდა და ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა იყო საქართველოს ლაშქარსა და ხვარაზმელებს შორის. მონღოლ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ხვარაზმის შაჰმა - ჯალალედინმა გადაწყვიტა, დაემორჩილებინა მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ჯალალედინის მოწოდებას - დამდგარიყვნენ მისი დროშის ქვეშ, ქართველებმა უარით უპასუხეს. მაშინ ჯალალედინი საქართველოს წინააღმდეგ ამხედრდა. ქართველთა ლაშქარი, რომლის მთავარსარდლადაც რუსუდან მეფემ ათაბაგი ივანე I მხარგრძელი დანიშნა, მტერს სომხეთში, გარნისის მიდამოებში შეხვდა.

საქართველოს 80-90 ათასი მეომრის გამოყვანა შეეძლო, თუმცა, ქართველებმა გარკვეული რესურსი დაიტოვეს და 60-70 ათასამდე მეომარი გამოიყვანეს. ხვარაზმშაჰს 140 ათასი მეომარი დაუძრავს საქართველოს წინააღმდეგ. ჯალალედინის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში ერაყის მუსლიმებიც მონაწილეობდნენ.

ქართველების ლაშქარი გორაკზე იყო განლაგებული, მტრის ჯარს კი დაბლობი ეკავა. ბრძოლა მტრის მარცხენა ფრთის შეტევით ქართველთა ავანგარდზე დაიწყო. მოწინააღმდეგის მთავარი ძალებიც ჩაებნენ. ივანემ და შალვამ ქართველთა არმიის სარდალს ივანე ათაბაგს რამდენჯერმე გაუგზავნეს შუამავალი, რომ ქართული არმიის ძირითადი ძალები მტრის წინააღმდეგ დაეძრა, მაგრამ დახმარება არსაიდან ჩანდა. გარნისის მაღლობზე საქართველოს არმიის სამხედრო ძალები გაუნძრევლად იდგნენ. ძირითადი ძალების დახმარებას მოკლებული ქართველთა მცირერიცხოვანი ავანგარდი იძულებული გახდა, უკან დაეხია. შალვა ახალციხელი მტერმა ტყვედ ჩაიგდო, მთებს შეხიზნული ივანე კი კლდიდან მოსხლეტილმა ლოდმა მოკლა. ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ივანე ათაბაგმა გაქცევით დააღწია თავი დატყვევებას და ბიჯნისის ციხესიმაგრეს შეაფარა თავი.

გარნისთან დამარცხების მიზეზი იყო სამეფო ხელისუფლების დასუსტება და დიდმოხელე ფეოდალთა შორის შურისა და მტრობის გაძლიერება. ამ მარცხით დაიწყო საქართველოს პოლიტიკური ძლიერების დაცემა.

ჯალალედინმა დვინი აიღო და თბილისისკენ დაიძრა. ამ დროს მისი ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს დატყვევებული შალვა ახალციხელი, რომელიც მტრის ბანაკიდან წერილებს აგზავნიდა და ქართველებს მტრის გეგმებს ატყობინებდა. რუსუდანმა დედაქალაქი მიატოვა და ქუთაისში გადავიდა. თბილისის დაცვა სხვებს დაავალა. 1226 წელს შინაგამცემლობის შედეგად, ჯალალედინმა თბილისიც აიღო, რომელიც გამარჯვებულმა მეომრებმა ააოხრეს. ამავე პერიოდში მოხდა 100 ათასი მოწამის გაჟლეტაც.

მარაბდის ბრძოლა

ირანელთა არმია საქართველოში 1625 წლის ივნისის ბოლოს შემოვიდა და მდინარე ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველზე დაბანაკდა.

თეიმურაზ I-მა და გიორგი სააკაძემ დიდი სამზადისი გასწიეს და 20-ათასიანი არმიით კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში დაბანაკდნენ, მაგრამ ქართველთა სარდლობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. საბოლოოდ გადაწყდა, ბრძოლა 1625 წლის 1-ელ ივლისს დაეწყოთ. მთავარსარდლობა თეიმურაზ I-მა იკისრა. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა მისთვის ძნელ პირობებში დაიწყო. ამასთან, სააკაძე ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს. ქართველთა ლაშქარი ღამით კოჯრის მაღლობებიდან მარაბდის ველისაკენ დაეშვა და განთიადისას მტრის ბანაკისკენ გაემართა და დიდი სისწრაფით შეიჭრა მოწინააღმდეგის ბანაკში, სადაც არეულობა შეიტანა. ქართველთა გამარჯვება თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ ისა-ხანი ბრძოლის ველს არ თმობდა და უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ამ დროს ქართველთა ჯარის ერთმა ნაწილმა ბრძოლა მოგებულად მიიჩნია, ალაბობა დაიწყო და ბრძოლას თავი მიანება, ცხენოსანთა ერთი რაზმი მტრის გაქცეულ ნაწილებს დაედევნა და ბრძოლის ველს გასცილდა. ამან ყიზილბაშთა მდგომარეობა შეამსუბუქა და ქართველთა ლაშქარს შეუტიეს. ყიზილბაშები აზერბაიჯანის ბეგლარბეგის შაჰ-ბენდე-ხანის მეთაურობით ახალი ძალებიც გაძლიერდნენ. ქართველების ჯარმა მტრის ახალი რაზმების დარტყმას ვეღარ გაუძლო და გატყდა.

ბრძოლის ველი პირველად ცხენოსანმა ჯარმა დატოვა, მიტოვებული ქვეითობა, რომელიც გლეხობისაგან შედგებოდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ იარაღს მაინც არ ყრიდა. მტერს უკანასკნელ კაცამდე შეაკვდნენ. ქართველთა ჯარი დამარცხდა. ბრძოლის ველზე 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში დაეცა. მარაბდის ბრძოლაში დაიღუპა ცხრა ძმა ხერხეულიძე...

ამ ბრძოლაში ქართველების დამარცხების მიზეზი თავადთა პოლიტიკური სიბეცე-შეზღუდულობა იყო, ასევე ფეოდალური ლაშქრის უდისციპლინობა, შეიარაღებაში ჩამორჩენილობა.

კრწანისის ბრძოლა

1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე მოხდა. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ, ერეკლე II-ს ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. "გეორგიევსკის ტრაქტატის" ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მტკვრის ნაპირზე, ე.წ. სარვანის მინდორზე დაბანაკდა. ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების სარდლობამ გადაწყვიტა, გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი, ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. სპარსელებმა ჩათვალეს, რომ სოღანლუღის მხრიდან, ვიწრო საქარავნე გზით წასვლა თბილისისკენ რთული იყო და ამიტომ გადაწყვიტეს თელეთიდან შინდის-ტაბახმელისაკენ ასვლა, იქიდან კი კრწანისის ველზე, დაშვება. მტრის მეწინავე რაზმმა შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.

10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით, დავით ბატონიშვილი სარდლობდა ბრძოლას, თვითონ თავისი მებრძოლებით კრწანისის ველის განაპირას იდგა. როდესაც მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ მეწინავე რაზმებს ზარბაზნის ცეცხლი დააყარა და დიდად დაზარალებული მტერი რამდენჯერმე უკან შეაბრუნა. მაგრამ სპარსელებს თელეთის ქედის მეორე მხრიდან დიდი ძალა დაემატა. მტერთან ბრძოლაში ჩაბმა ქართველთა სხვა რაზმებსაც მოუწია. ბოლოს 75 წლის ერეკლემ დროშა აიტაცა, ხმალი იშიშვლა და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა, მას შვილიშვილი, სოლომონ მეორეც მიჰყვა. მეფეების თავგანწირვით აღფრთოვანებული ქართველები ლომებად იქცნენ და საღამოსთვის მრავალრიცხოვან მტერს, დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს.

პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით, გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში. აღა-მაჰმად-ხანმა ჯარი 14 ნაწილად დაჰყო. მარცხის მიუხედავად, ჯარი რაოდენობრივად 6-7-ჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე.

11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწრობებით თბილისისკენ დაიძრა და საათ-ნახევრის შემდეგ, ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციებს შეუტია. შაჰმა გადაწყვიტა, რომ შეტევა თბილისზე, ორივე მხრიდან ეწარმოებინა.

ქართველთა ჯარს ერეკლე სარდლობდა. ქართველებმა ასეულობით მებრძოლი დაუხოცეს მტერს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში, ქართველთა მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს.

საბოლოოდ ქართველები ალყაში მოექცნენ, მაგრამ გმირულად იბრძოდნენ. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყო: 300 არაგველი. საბოლოოდ აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვი ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ერეკლე მეფე ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა ძალით გამოიყვანეს. მან და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით, საგურამოსკენ გასწია და თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ბრძოლა გაუმართა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.

ავტორი: ლალი ფაცია

ასევე დაგაინტერესებთ:

myquiz