ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი | Allnews.Ge

ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი

ხელოვნება შემოქმედი ადამიანებისთვის თავიანთი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის საშუალებაა. მხატვრობა ამ ყველაფერს მატერიალურ სახეს აძლევს, ფერებსა და ფორმებში გამოსახავს. ხოლო ადამიანი, რომელიც ხელოვნების ნიმუშს უყურებს, მხატვრის განცდების თანამოზიარე ხდება.

საუკუნეების განმავლობაში ოჯახი, რომელსაც სახლში ნახატები ჰქონდა, შეძლებულად და კულტურულად აღიქმებოდა. დღეს ნახატები ფუფუნების საგანი აღარ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ღირებულება შემცირდა - პირიქით. დღეისათვის მიიჩნევა, რომ იმ სახლის მცხოვრებლები, სადაც ნახატები კიდია, უფრო მშვიდები, გაწონასწორებულები და მეტიც, ბედნიერები არიან. საინტერესოა, ნახატების უსაზღვრო შესაძლებლობებს რითი ხსნიან ფსიქოლოგები.   ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ნახატის სახლში ქონა ნახატებთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ერკვევით თუ არა მხატვრობაში, გყავთ თუ არა საყვარელი მხატვარი... ნახატი, რომელსაც სახლში დაკიდებთ, არა მხოლოდ ინტერიერს გაგილამაზებთ, არამედ ცხოვრებას ნელ-ნელა შეგიცვლით და თქვენ ამას აუცილებლად შეამჩნევთ.

რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი?

  • მყუდრო და ინტიმურ გარემოს ქმნის - თუკი თქვენთვის სახლი აღიქმება, როგორც ნავსაყუდელი, სადაც დამშვიდება და გონების დასვენება გსურთ, ნახატები თქვენს სურვილებს სავსებით ერგება.
  • შთამაგონებელია - თუკი სახლში დიდი დროის გატარება გიწევთ, ნახატები ემოციური მეხსიერებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ. ხელოვნება, როგორც უნივერსალური ენა, ნებისმიერ ადამიანზე ახდენს დადებით გავლენას.
  • მცირე ადგილს იკავებს - თუკი სახლში ერთი კედელი მაინც გაქვთ თავისუფალი, დაუთმეთ იგი ნახატებს. დაკიდეთ ერთი დიდი ან რამდენიმე მცირე ზომის ტილო. მალე ეს ადგილი მთელ სახლში თქვენი საყვარელი მოსასვენებელი კუთხე გახდება.
  • არასოდეს ძველდება - მხატვრობას ღვინოს ადარებენ ხოლმე - რაც დრო გადის, მით უფრო ღირებული ხდება. ცნობილი მხატვრების ნახატები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში იკავებს ადგილს, თუმცა დღეისათვის მათი რეპროდუქციების ქონა ყველას შეუძლია. უმაღლესი ხარისხის კანვასზე დაბეჭდილი და ჩარჩოში ჩასმული ვან გოგის, მონეს, კლიმტისა და სხვა მხატვრების ნახატები, რომლებსაც კომპანია "პრინტარეა" წარმოგვიდგენს, მაქსიმალურად მიახლოებულია ორიგინალთან. შედეგად, საშუალება გვაქვს მთელ მსოფლიოში აღიარებული მხატვრების ნახატებით სახლში ჩვენი პატარა მუზეუმი შევქმნათ.
როგორ შევარჩიოთ ნახატი ოთახის მიხედვით?

თქვენი გემოვნებისა და ხასიათის გარდა, ნახატის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელ ოთახში აპირებთ მის განთავსებას. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ნახატი ადამიანზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენს, ამიტომ ისინი ჭკვიანურად უნდა შეირჩეს.

მისაღები ოთახი თუკი ნახატს მისაღები ოთახისთვის არჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ აქ თქვენ გარდა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები თუ მეზობლები მოიყრიან თავს, ამიტომ შეარჩიეთ ნახატი, რომლის სხვებისთვის გაზიარება თქვენთვის მნიშვნელოვანია. ნახატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფერებს. სასურველია, იგი კედლის ან ავეჯის ფერს შეუხამოთ, რათა არასასურველი კონტრასტი არ შექმნათ. მნიშვნელობა აქვს ნახატის კედელზე განთავსების ადგილსაც. ეცადეთ, თვალის სიმაღლეზე დაკიდოთ - არც ძალიან მაღლა და არც ძალიან დაბლა.

სამზარეულო თითქოს, სამზარეულო არ არის ის ადგილი, სადაც ნახატის ხილვას ელოდებით, თუმცა ამ ოთახს "სახლის გულს" უწოდებენ, ამიტომ ნუ იტყვით უარს მის ნახატებით გალამაზებაზე. სამზარეულოსთვის შეარჩიეთ მცირე ზომის ნახატი. იდეალურია, ნატურმორტი ან პეიზაჟი.

საძინებელი საძინებელი სახლის ყველაზე ინტიმური ადგილია. ერთ ცნობილ ადამიანს ჰკითხეს: როგორ ხვდები ნახატის ღირებულებასო. მან უპასუხა: უტყუარი მეთოდი მაქვს - თუ მისი საძინებელში ჩამოკიდება მომინდება, ე. ი. ძალიან კარგი ნახატიაო. შეიძლება, ეს "საზომი" თქვენც გამოგადგეთ. შეარჩიეთ ნახატი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს სულთან, შინაგან "მესთან". თუკი თქვენი სულის აფიშირება არ გსურთ, პეიზაჟებზე ან მსუბუქ ტონებში გადაწყვეტილ აბსტრაქტულ ნამუშევრებზე შეაჩერეთ არჩევანი. ამგვარი ნახატები სულიერი ენერგიით აგავსებთ.

ბავშვის ოთახი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბავშვები სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერისა და მობილურის ეკრანის წინ. დიდი დოზით ვირტუალური სამყარო ბავშვის წარმოსახვას, რომელიც ამ ასაკში განსაკუთრებით აქტიურია, აქვეითებს. ამ და სხვა მიზეზების გამო, ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვის ოთახში, სულ მცირე, ერთი ნახატი მაინც დავკიდოთ. კარგი იქნება, ბავშვის ოთახში ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებს თუ დაკიდებთ. ამგვარად ბავშვი კლასიკურ მხატვრობას თვალს შეაჩვევს, სკოლაში ნასწავლს განამტკიცებს და შეიყვარებს. განსაკუთრებით დადებით გავლენას მოახდენს პეიზაჟები, რომლებიც, ერთი მხრივ, სიმშვიდის შენარჩუნებაში, მეორე მხრივ, წარმოსახვის უნარის განვითარებაში დაეხმარება პატარას.