რა მოხდება დედამიწაზე ადამიანების გაქრობის შემთხვევაში (+ფოტოები) | Allnews.Ge

რა მოხდება დედამიწაზე ადამიანების გაქრობის შემთხვევაში (+ფოტოები)

დედამიწის აპოკალიფსი - ეს დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ამოუწურავი თემაა. დასასრულზე დაწერილა არაერთი წიგნი, ჩატარებულა სამეცნიერო კონფერენციები თუ შეხვედრები, თუმცა ზუსტად არ ვიცით რა გველის ჩვენ და დედამიწას.

რა მოხდება დედამიწაზე თუ ადამიანები გაქრებიან?

Hashem Al Gaili გვთავაზობს სავარაუდო მოვლენებს, რაც დედამიწაზე ადამიანების გაუჩინარებას მოჰყვება, ჩვენც ქრონოლოგიურად მივყვეთ.

ჩვენი გაუჩინარების შემდეგ, პლანეტა დღევანდელთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულ სახეს მიიღებს: რამდენიმე საათში სინათლე ყველგან ჩაქრება, რადგან ელექტროენერგიის მიმწოდებელ ქარხნებს სიმძლავრის გამოსამუშავებლად საწვავი გამოელევა, მზის პანელები მტვრით დაიფარება და მხოლოდ წყლის ჰიდროელექტროსადგურები გააგრძელებენ ფუნქციონირებას, რადგან წყლის რესურსი არც ამოწურული იქნება და მას ვერც ვერაფერი შეაჩერებს.

 

დედამიწის გაუკაცრიელებიდან რამდენიმე დღეში, მეტროსადგურები დაიტობორება, რადგან ამოსატუმბ მოწყობილობებს ვეღარავინ მართავს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კი, რაც მოხდება, პლანეტაზე დარჩენილი ცოცხალი არსებების ნაწილის ტანჯვით განადგურებაა. ფერმაში და სახლის პირობებში მცხოვრები ცხოველების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, 10 დღეში შიმშილით დაიხოცება და მტაცებელი ცხოველები მათზე ნადირობას დაიწყებენ.

კიდევ ერთი მძიმე, ბირთვულ ქარხნებში წყლის გაცივებისა და აორთქლების პროცესი 1 თვეში დაიწყება, რაც პლანეტაზე კატასტროფას გამოიწვევს. აღნიშნული პროცესი კი ფუკუშიმასა და ჩერნობილის მოვლენებზე უფრო ძლიერ და მასშტაბურ სახეს მიიღებს. საბოლოო ჯამში, დედამიწა რადიოაქტიური ნარჩენებით დაიფარება.

პლანეტაზე ადამიანების გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ, დედამიწის გარეშემო მოძრავი სატელიტები ორბიტიდან მოწყდებიან, რაც ჩვენი პლანეტიდან გამოჩნდება, როგორც ვარსკვლავთცვენის პროცესი, თუმცა სურვილებს აღარავინ ჩაიფიქრებს.

25 წლის შემდეგ, მსოფლიო მცენარეებით დაიფარება, ქალაქების ნაწილი ქვიშაში ჩაიმარხება. 300 წლის შემდეგ, ყველაფერი კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვლება და ყველა მეტალის ნაგებობა, ხიდები და კოშკები კოროზიისგან განადგურებას დაიწყებს.

 

10 000 წლის შემდეგ, კი ჩვენი არსებობის ერთადერთ დამადასტურებელ საბუთად დარჩება ნაგებობი და ნივთები, რომლებიც ქვისგან ავაშენეთ და დავამზადეთ, ეს შეიძლება იყოს ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი და აშშ-ის რაშმორის მთაში არსებული ნაკეთობები.

ამის შემდეგ, თუ დედამიწა მომაკვდინებელ მოვლენებს თავიდან აიცილებს, მაგალითად, ბირთვულ აპოკალიპსს ან მკვლელ ასტეროიდს, პლანეტაზე სიცოცხლე მომდევნო 500 მილიონი წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება. დღეიდან 6 მილიარდი წლის შემდეგ კი ნავარაუდევია, რომ მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა, ამ პროცესში კი დედამიწას შთანთქავს.