როგორი უნდა იყოს სკოლის ასაკის ბავშვის კვება? - 10-17 წლის მოზარდების კვების რაციონი გასტროენტეროლოგისგან | Allnews.Ge

როგორი უნდა იყოს სკოლის ასაკის ბავშვის კვება? - 10-17 წლის მოზარდების კვების რაციონი გასტროენტეროლოგისგან

როგორი უნდა იყოს სკოლის ასაკის ბავშვის კვება? ამ საკითხზე პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა გევსაუბრება.

- სკოლის ასაკის ბავშვების კვება რიგ თავისებურებებს უკავშირდება, რადგანაც სკოლა ბავშვისთვის დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ენერგოდანახარჯებთან, რის გამო ჯანსაღთან ერთად საკვები უნდა იყოს ნოყიერი. კონკრეტულ ჩარჩოებში კვების რაციონის მოქცევა ძალიან ძნელია, თუმცა სასკოლო ასაკის ბავშვის რაციონის ორგანიზაციის დროს არის გარკვეული კრიტერიუმები:

  • რაციონის ადექვატური ენერგეტიკული ღირებულება;
  • დაბალანსებული კვება;
  • რაციონის მაქსიმალური მრავალფეროვნება;
  • კვების ოპტიმალური რეჟიმი;
  • საკვები პროდუქტების მომზადების ადექვატური ტექნოლოგიები;
  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება;
  • უსაფრთხო კვება (საკვები პროდუქტების ვარგისიანობა, შენახვა, ტრანსპორტირება..)

10-17 წლის მოზარდების კვების რაციონი რამდენადმე განსხვავდება, რადგან ასაკობრივად მათ ორგანიზმში იწყება სქესობრივი მომწიფება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ ხდება აქტიური ზრდა, რომელიც შეეფარდება სიცოცხლის პირველი წლის ზრდის ტემპს და ამ პერიოდში ბავშვის სხეულში მიმდინარე რადიკალურ ჰორმონალურ ძვრებს. ამიტომაც ბავშვის საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით (იოდი, რკინა, კობალტი, ფტორი, სელენი, თუთია).

საუზმე სახლში

ბავშვების ნაწილი საერთოდ არ საუზმობს სახლში. იძულებით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. სანამ ბავშვი მიაღწევს იმ ასაკს, რომ დასვამთ და აუხსნით საუზმის მნიშვნელობას, ეცადეთ გაითვალისწინოთ მისი გემოვნება. საუზმე სასურველია გაითვალისწინოთ 8 საათზე. საუზმე არ უნდა იყოს მძიმე, ცხიმებით გაჯერებული. დილით ბავშვმა შეიძლება მიირთვას თევზი, მოხარშული კვერცხი ან ომლეტი, ხაჭო, ფაფა და რაიმე ბოსტნეული. მენიუს შევსება შეიძლება ჩაით, კაკაოთი ან რძით.

საუზმე სკოლაში

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სკოლაში კვების კულტურა ჯერ არ არის განვითარებული, ამიტომ ბავშვები ათას საშინელებას ყიდულობენ და ჭამენ. ეს თავის მხრივ უამრავი პრობლემის სათავე ხდება. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საკმარისია მათ გავატანოთ სკოლაში ბუტერბროდი ყველით, კარტოფილიანები, იოგურტი, ფუნთუშა ან ყველიანი ღვეზელები. შემოდგომაზე აუცილებელია ვაშლი, მსხალი, კიტრი ან სტაფილო.

სადილი

ამ კვებას ბავშვი აუცილებლად ჭამს სახლში, აუცილებლად ცხელს და აუცილებლად ახალ მომზადებულს. სადილზე ბავშვმა უნდა მიიღოს ხორცი, რომელიც იქნება ცხიმგაცლილი და მოხარშული, ქათამი კი კანგაცლილი. თევზი აუცილებელია არაუმცირეს კვირაში ერთჯერ.

myquiz