ნახეთ როგორ გადააქცია ბრაზილიელმა წყვილმა უდაბნო ულამაზეს ტყედ | Allnews.Ge

ნახეთ როგორ გადააქცია ბრაზილიელმა წყვილმა უდაბნო ულამაზეს ტყედ

ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი ნადგურდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევადი პროცესი გახდა. ამის გამო გაუდაბნოების შეჩერება პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა გახდა.

ბრაზილიელმა წყვილმა გადაწყვიტა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით გაუდაბნოების შეჩერება შეიძლება.

სებასტიანო და ლელია სალგადოებმა 20 წლის წინ ერთი შეხედვით შეუძლებელი პროექტი წამოიწყეს. წარმოშობით ბრაზილიელი წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, უკან დაბრუნების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მათი სახლის გარშემო ხეები თითქმის აღარ იყო შემორჩენილი.

წყვილმა გადაწყვიტა ტყე თავიდან გაეშენებინა. ამისათვის მათ 24 ადამიანი დაიქირავეს და დღე და ღამ მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ წყვილის გეგმის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა და მათი დახმარების სურვილი არაერთმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

20 წლის განმავლობაში წყვილმა 293 ჯიშის 4 მილიონზე მეტი მცენარე დარგა. დროთა განმავლობაში ხეები გაიზარდა და თითქმის გაუდაბნოებული ტერიტორია ულამაზეს ტყედ იქცა.

ამასთან, ეტაპობრივად ტყის ეკოსისტემა სრულიად აღდგა და მასში ცხოვრება სხვადასხვა ცხოველებმა და ფრინველებმა დაიწყეს. დღესდღეობით ტყეში 172 სახეობის ფრინველი, 33 სახეობის ძუძუმწოვარი და ქვეწარმავლის 15 სახეობა ბინადრობს.

წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და მიზნის მისაღწევად ენთუზიაზმი, მონდომება და დაუღალავი შრომაა საჭირო.