აზბესტი - საშიში ნივთიერება, რომელიც შესაძლოა, თქვენი სახლის კედლებშიც იმალებოდეს | Allnews.Ge

აზბესტი - საშიში ნივთიერება, რომელიც შესაძლოა, თქვენი სახლის კედლებშიც იმალებოდეს

თითქმის ყველამ იცის, რომ აზბესტი საშიში ნივთიერებაა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს მომაკვდინებელი ქსოვილი შესაძლოა ყველგან იმალებოდეს: ყველა კედელში, ყველა ფილის უკან. იმის ცოდნამ, თუ რა უნდა ეძებოთ, შესაძლოა თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ აზბესტი წარსულში დარჩა, რომ ეს ისეთი რაღაც არის, რაც 1970-იანი წლების შენობებში აღმოაჩინეს და თქვენ ნაწილობრივ მართლებიც იქნებით. თუმცა, ეს სრული სიმართლე მაინც არ არის, რადგან აზბესტის ქსოვილები შესაძლოა ისეთ ადგილებში იმალებოდეს, რომელიც თქვენ თავში აზრად არასდროს მოგივათ და სადაც მათი შემჩნევა ნამდვილად რთულია.

თანამედროვე სახლები - ნელი სიკვდილი კომფორტულ გარემოში: "რეზონანსი"

თქვენს სახლში მცირე განახლებითი სამუშაოების დროსაც კი აზბესტის ქსოვილის საშიში შემადგენლობა შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხვდეს ჰაერში, რომელსაც თქვენ სუნთქავთ. ეს შესაძლოა მოხდეს მაშინაც, როდესაც ძველ ფანჯარას შუშას უცვლით ან მთლიანად ფანჯარას ან კარის ჩარჩოს ცვლით. აზბესტი ჰაერში შეიძლება გამოიყოს, როდესაც ძველ აბაზანაში ფილებს ამტვრევთ ან ელექტროგაყვანილობის გასაკეთებლად კედელს ამზადებთ, ახალი ხის იატაკის დაგების დროსაც კი უნდა გაითვალისწინოთ აზბესტის რისკი, რადგან მას მომაკვდინებელი კიბოს გამოწვევა შეუძლია, რომელიც მეზოთელიომის სახელით არის ცნობილი.

სად უნდა ვეძებოთ აზბესტი სახლში

ვინ წარმოიდგენდა, რომ აზბესტი შეიძლება იმალებოდეს ხსნარში, რომლითაც ფილებია დამაგრებული, კედელზე თაბაშირში, თაბაშირ-მუყაოს ჭერის გადაბმებში - სამწუხაროდ ამას ბევრი ვერ მიხვდება, მათ შორის ვერც გამოცდილი მუშები, რადგან ექსპერტებმა სულ რაღაც 10 წლის წინ გაიგეს, რომ აზბესტს ხსნარებში, სივრცეების ამოსავსებ ნივთიერებაში, თაბაშირსა და ფითხში უმატებდნენ და თანაც ათწლეულების განმავლობაში. აზბესტი შესაძლოა, ძალიან მცირე პროცენტულობას წარმოადგენდეს გარკვეული მასალის, თუმცა იმ დროს, როდესაც თქვენ ძველ ფილებს შლით ახლის დასაგებად, ან კედელს ხვრეტთ გაყვანილობის გასაკეთებლად, აზბესტი შეიძლება ჰაერში გამოიყოს ისეთი კონცენტრაციით, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იქნება. მსგავსი სარემონტო სამუშაოს შესრულებისას გამოყოფილი მტვერი იმდენად მცირე ზომისაა, რომ მას ყველგან შეღწევის შესაძლებლობა აქვს, თუ მტვრის ნაწილაკი სულ მცირე რაოდენობით აზბესტს მაინც შეიცავს, ეს საკმარისია ფილტვებისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საფრთხის შესახებ ბევრმა ხელოსანმაც კი არ იცის.

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი, რომ აზბესტი კიბოს იწვევს, გერმანიაში ჯერ კიდევ 1942 წელს დაადგინეს, ნივთიერება ქვეყანაში მხოლოდ 1995 წელს აკრძალეს, 10 წლის შემდეგ ის მთელ ევროპაში აიკრძალა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზბესტი დაუყოვნებლივ სიკვდილს არ იწვევს, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ადამიანი აზბესტით გამოწვეული კიბოთი ამ ნივთიერებასთან პირველად შეხვედრიდან 40 წლის შემდეგ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, აზბესტის ერთი ქსოვილიც კი საკმარისია კიბოს გამოსაწვევად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილტვებში მოხვედრილი აზბესტის ნებისმიერი ქსოვილი გარდაუვალად გამოიწვევს კიბოს დაავადებას. მკვლევართა განმარტებით, კიბოს გამოწვევის რისკი იმატებს, როდესაც ჰაერში აზბესტის კონცენტრაცია იმატებს და ასევე დაავადების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იყო კონკრეტული ადამიანი აზბესტის ფილტვებში მოხვედრის რისკის წინაშე. ასე რომ, რაც ნაკლები კომუნიკაცია გექნებათ აზბესტთან, მით უკეთესი.

წყარო: DW

myquiz