რატომ აღნიშნეს ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში შობა 2 თვით ადრე | Allnews.Ge

რატომ აღნიშნეს ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში შობა 2 თვით ადრე

ოჰაიოს შტატში მდებარე ქალაქ სთოუში შობა ორი თვით ადრე აღნიშნეს. ამის მიზეზი სთოუს ერთ-ერთი პატარა მაცხოვრებელი 12 წლის კიტ ბურკეტია. მოზარდს იშვიათი ფორმის სიმსივნე აქვს, რომელიც თავის ქალაზე, მხრებზე, ხერხემალსა და ღვიძლზეა მოდებული. ექიმები შიშობენ, რომ მან შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ იცოცხლოს.

იმისთვის, რომ მოზარდს წლის მისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულის კიდევ ერთხელ და სავარაუდოდ ბოლოჯერ აღნიშვნის შესაძლებლობა ჰქონოდა, ქალაქის ყველა მოსახლემ გადაწყვიტა, შობა ცოტა ადრე 21 ოქტომბერს ეზეიმათ.

გარდა იმისა, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა სახლები საზეიმოდ მორთეს და ნაძვის ხეებიც დადგეს, მეზობლებმა საშობაო სიმღერებიც იმღერეს და სანტა-კლაუსიც გამოჩნდა.

მოზარდისთვის მოწყობილი შობის დღე კიდევ უფრო გამორჩეული გახადეს და კიტს სახანძრო მანქანით ქალაქი შემოატარეს, მსვლელობას ასობით მორთული მანქანა ამშვენებდა, ქალაქის პატარა მაცხოვრებელს მერმა სიმამაცისთვის მედალიც კი გადასცა.

"გასაოცარი იყო"- თქვა კიტმა, -"სახანძრო მანქანით გასეირნება დღესასწაულის საუკეთესო ნაწილი იყო, მასში აქამდე არასდროს ვმჯდარვარ".

მოზარდის დედის, 32 წლის ტეილარ ვუდვარდის თქმით, შობის ნაადრევად აღნიშვნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ არ იყვნენ დარწმუნებულები კიტი შობამდე იცოცხლებდა თუ არა.

"მას ძალიან უყვარს შობა"- აღნიშნა დედამ,-"მისი ცხოვრება სიმსივნემ და მკურნალობამ მოიცვა, ამიტომ მინდოდა ჩემი შვილი ბედნიერი ყოფილიყო მის უკანასკნელ შობას. ამიტომ უკვე სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენი სახლი ზამთრის საოცრებათა ქვეყნად ვაქციეთ. საახალწლო განათება, პოლარული დათვები და სანტა-კლაუსები დავდგით".

მეზობლები მშობლების ჩანაფიქრს მარტივად მიხვდნენ და სახლების საახალწლო დეკორაციებით მორთვა თავადაც დაიწყეს.

ოქტომბრის ერთ დღეს, როდესაც ქალაქმა შობის აღნიშვნა გადაწყვიტა, კიტ ბურკეტს, რომელსაც სიმსივნე 5 წლის ასაკში აღმოაჩნდა, სახლთან მეგობრები შეეგებნენ, რომლებიც სანტასა და ელეფების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები.

აქედან ის სახანძრო მანქანით სკოლისკენ წავიდა, სადაც ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და მის მისვლას ელოდნენ.  სკოლიდან უკან დაბრუნებისას სკოლის გუნდი სპეციალურად მისთვის საშობაო სიმღერებს მღეროდა.

"ყველა მათგანი საშობაოდ იყო გამოწყობილი. 2 თვით ადრე დამდგარ შობის დღესასწაულზე სანტა და გრინჩი ერთად იყვნენ. კიტი იცინოდა ისე გულიანად, ასეთი ღიმილი მის სახეზე დიდი ხანია არ მინახავს"- თქვა კიტის დედამ.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

myquiz