როგორ გავზარდოთ ტვინის ფუნქციონირების ეფექტურობა - 8 მარტივი რჩევა | Allnews.Ge

როგორ გავზარდოთ ტვინის ფუნქციონირების ეფექტურობა - 8 მარტივი რჩევა

გქონიათ ისეთი შემთხვევები, როდესაც დიდი მონდომებით ცდილობთ რომელიმე ადამიანის სახელის, კონკრეტული ადგილის ან ფაქტის გახსენებას - და უბრალოდ ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ?

ხშირად გვესმის, რომ ასაკთან ერთად მეხსიერება უარესდება და იგივე ემართება ტვინის სხვა კოგნიტურ ფუნქციებს, მათ შორის, ლოგიკურ აზროვნებასაც.

თუმცა, სასიხარულო ამბავი ის არის, რომ არსებობს რიგი მეთოდებისა, რითიც ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას და ეფექტურობის გაზრდას შეძლებთ.

1. ფიზიკური აქტივობა

როგორც ირკვევა ტვინი მართლაც იზრდება სხეულზე რეგულარული დატვირთვის შედეგად. კონკრეტულად ზომაში იზრდება სინაფსები - ნეირონების კონტაქტის ადგილები. ტვინში უჯრედების რაოდენობაც იმატებს და მათ შორის ახალი კავშირები ჩნდება.

ჯანმრთელი გული ტვინს დიდი რაოდენობით ჟანგბადითა და გლუკოზით ამარაგებს და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას უწყობს ხელს.

თუ ამასთანავე იმდენად გაგიმართლათ, რომ სუფთა ჰაერზე ვარჯიშობთ, ამ ყველაფერს ჩვენი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი D ვიტამინიც ემატება.

ეცადეთ, ფიზიკურ აქტივობაში სიახლეც შეიტანოთ: შეასრულეთ ის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ადამიანებთან ერთად. მთავარია, რომ სიამოვნება მიიღოთ, ეს სავარჯიშოების ეფექტურობას ამაღლებს, მათ შორის, ტვინისთვის.

2. დატვირთეთ გონება მოძრაობაში

ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებულია და ის კარგად ნაცნობია მსახიობებისთვის: თუ ცდილობთ, ახალი ინფორმაცია სიარულისას დაიმახსოვროთ, დიდი ალბათობით, ეს ინფორმაცია გაცილებით მარტივად დაილექება ტვინში. შემდეგში, როდესაც საჯარო გამოსვლის ტექსტზე იმუშავებთ, სცადეთ, ეს სიარულისას ან ცეკვისას გააკეთოთ.

3. გამოკვებეთ გონება სწორი საკვებით

ტვინი სხეულის მიერ მოხმარებული შაქრისა და ენერგიის, დაახლოებით, 20%-ს იღებს და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სისხლში გლუკოზის დონეზე. როდესაც გემრიელ საკვებს მივირთმევთ ტვინში, სიამოვნების ცენტრში, დოპამინი გამოიყოფა, სწორედ ამიტომ მოგვწონს გემრიელი საკვები. თუმცა, დადებითი ემოციები არა მხოლოდ ტვინს, არამედ კუჭსაც სჭირდება.

ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, დაახლოებით, 100 ტრილიონი მიკრობია, რომელთა ბალანსი კატეგორიულად მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისთვის, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას რთული ნერვული ჯაჭვით უკავშირდება.

ამასთანავე, კუჭს ხშირად "მეორე ტვინადაც" მოიხსენიებენ. მრავალფეროვანი და ჯანმრთელი დიეტა ზუსტად ის არის, რაც კუჭის მიკროორგანიზმებს სჭირდებათ, რაც თავის მხრივ ტვინზეც აისახება.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტვინის უჯრედები ცხიმებისგან იქმნება, ამიტომ ყოველდღიური რაციონიდან ცხიმების სრული გამორიცხვა არ შეიძლება.

4. მიეცით ტვინს დასვენების საშუალება

ზომიერი სტრესი ტვინისთვის აუცილებელიც კი არის- ეს საფრთხის მომენტში მობილიზებაში გვეხმარება. სტრესი ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფის პროვოცირებას ახდენს, რომელიც კონცენტრირებაში გვეხმარება. თუმცა, განგაშის ხანგრძლივი განცდა და სტრესის მაღალი დონე ტოქსიკურია ჩვენი ტვინისთვის.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროთა განმავლობაში ტვინის დასვენება ვისწავლოთ. თუ გარე სამყაროსგან მოწყვეტა გიჭირთ, ისეთი ტექნიკები სცადეთ როგორიც მედიტაციაა, რომლის დროსაც სისხლში მინიმალური რაოდენობის სტრესის ჰორმონი გამოიყოფა.

5. დაუსახეთ საკუთარ თავს ახალი ამოცანები

ტვინი მუდამ ფორმაში რომ იყოს, მას ხშირად ახალი ამოცანები უნდა დაუსახოთ. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა ან დაკავდით ხელოვნებით - ეს ტვინს გავარჯიშებაში დაეხმარება.

6. ჩართეთ მუსიკა

არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მუსიკა ტვინს განსხვავებულად ასტიმულირებს. ენცეფალოგრამაზე ადამიანის ტვინი, რომელიც უსმენს ან ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებს, თითქმის მთლიანად აქტიურია. მუსიკა ზოგადად აღქმის უნარს აუმჯობესებს, დემენციის შემთხვევაში კი მუსიკალური მეხსიერება, ფაქტობრივად, ყველაზე ბოლოს ქრება.

7. მოემზადეთ გამოცდისთვის ძილში

თუ დღისით რაღაც ახალი ისწავლეთ, თქვენს ტვინში სხვადასხვა უჯრედს შორის ნეირონული კავშირი ყალიბდება, ძილისას ეს კავშირი ძლიერდება, და ის რაც დაისწავლეთ, გამახსოვრდებათ.

ამგვარად, ძილი ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერების კონსოლიდაციისთვის.

თუ ადამიანს რამე მნიშვნელოვანი აქვს დასამახსოვრებელი, ის ძილის წინ უნდა გადაიკითხოს და დილისთვის ის გაცილებით უკეთ ეცოდინება. ამიტომ, თუ გამოცდისთვის ემზადებით, კითხვებზე პასუხები ჩაძინებამდე ტვინში კიდევ ერთხელ გადაიმეორეთ.

8. ისწავლეთ სწორად გაღვიძება

ის რომ ძილი სასარგებლოა, საიდუმლო არავისთვისაა. 5 საათზე ნაკლები ძილის შემთხვევაში ტვინის ეფექტურობა მცირდება, 10 საათზე მეტი ძილის შემთხვევაში კი ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, როგორიც ხანგრძლივი ფრრენის შემდეგ მიწაზე დადგომისას. მაგრამ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში სრული დატვირთვით ფუნქციონირება შეძლოთ, არა მხოლოდ ჯანსაღი ძილი, არამედ სწორად გაღვიძების უნარიც დაგჭირდებათ. იდეალურ მდგომარეობაში ბნელ ოთახში უნდა გეძინოთ და თანდათანობით დღის სინათლის მატებასთან ერთად უნდა გაიღვიძოთ. სინათლე დახურული ქუთუთოების მიღმა აღწევს და ტვინს აფხიზლებს, რაც ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებაზე კონტროლის დამყარების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული ჰორმონის რაოდენობა გაღვიძების მომენტში გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ განაგრძობს ტვინი ფუნქციონირებას მთელი დღის განმავლობაში.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz