როგორ ავაშენოთ ბუნკერი, რომელიც ბირთვული ომისგან დაგვიცავს - ტორონტოს მაცხოვრებელი ომს 40 წელია ელის
ბირთვული ომის საფრთხე თითქოს ღრმა წარსულში დარჩა, თუმცა არა ტორონტოს ამ მაცხოვრებლისთვის. თავის ბუნკერს ბრიუს ბიჩი უკვე 40 წლის განმავლობაში აშენებს.
თავშესაფრის საერთო ფართობი 3000 კვადრატული მეტრია, მიწაში ჩამარხული 42 ავტობუსისგან შედგება და 500 ადამიანზეა გათვლილი. ბრიუსის თქმით, პირველი ოთხი ავტობუსი ჯერ კიდევ 1980 წელს ჩამარხეს.

"წლების განმავლობაში ვფიქრობდი - მორჩა, დასასრული მოგვიახლოვდა. ყოველთვის მეჩვენებოადა, რომ უარესი მდგომარეობა ვეღარ იქნებოდა. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ვითარება სულ უფრო უარესდება"- ამბობს ბრიუს ბიჩი.

მოდით, მცირე ექსკურსიას ჩაგიტარებთ - ეუბნება ბრიუსი "ბიბისი"-ს რეპორტიორს და თან უხსნის, რომ ბუნკერში, რომელიც მან ააშენა, ბირთვული ომის შემთხვევაში, სამი კვირის განმავლობაში იქნება დარჩენა შესაძლებელი. თავშესაფარში არის სპეციალური კუთხე დეზინფექციისთვის, უზარმაზარი რეზერვუარი სუფთა წყლისთვის, რომელიც 5 ათას ავზს მოიცავს და საბავშვო ოთახიც კი, სადაც 96 ბავშვი დაეტევა, თუმცა მათ ძილი მორიგეობით მოუწევთ, რადგან, როგორც ბრიუსი ამბობს, ერთ ჯერზე მხოლოდ 48 ბავშვის დასაძინებელი ადგილია გამოყოფილი.

ბუნკერის ერთ-ერთ ოთახში თაროებია გაკეთებული, ბრიუსი ამბობს, რომ თავშესაფარში მისულმა ადამიანებმა იქ ყველანაირი იარაღი უნდა დატოვონ, ამას კი შესასვლელში მდგარი დაცვა გააკონტროლებს.
ბრიუსი მიიჩნევს, რომ თავშესაფარი მხოლოდ ადგილობრივებს გამოადგებათ, რადგან ეჭვობს, რომ ადამიანებმა შორი მანძილიდან ამ ადგილამდე მიღწევა შეძლონ.
მიუხედავად იმისა, რომ ტორონტოს მცხოვრები ბირთვულ ომს უკვე 40 წელია ელის, მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ცივილიზაცია გაიმარჯვებს.

"იმის ნაცვლად, რომ ბირთვული ომი ქვეყნიერების აღსასრულად ჩავთვალოთ, უმჯობესია მასზე, როგორც ახალი ეპოქის დასაწყისზე ვიფიქროთ. ადამიანები საჭირო გაკვეთილს მიიღებენ და ამის შემდეგ მშვიდობა დაისადგურებს. კაცობრიობა ნაბიჯს წინ გადადგამს, თუმცა ახლა ჩვენ ჯერ გზის დასაწყისში ვართ"- ამბობს ბრიუსი.