51 წლის სპორტსმენი წყნარი ოკეანის გადაცურვას ცდილობს
ფრანგმა ბენუა ლეკონტმა, რომელმაც მიზნად დაისახა, გახდეს პირველი ადამიანი, ვინც წყნარ ოკეანეს გადაცურავს, ასპარეზობა იაპონიის ნაპირებიდან დაიწყო.
51 წლის ლეკონტი გეგმავს, დღე-ღამის განმავლობაში 8 საათი იცუროს და დაახლოებით, ნახევარ წელში, 9 ათასი კილომეტრის დაფარვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირებს მიაღწიოს.
გარდა იმისა, რომ ლეკონტს მიზნის შესასრულებლად საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა მოუწევს, რისთვისაც საკმად დიდი ძალისხმევა და ამასთანავე, ნებისყოფა დასჭირდება, მას გზად არაერთი საფრთხის დაძლევაც მოუწევს: ზვიგენები, შტორმი, უამინდობა და წყლის ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა.
მოცურავეს სურს, თავისი ნაბიჯით საზოგადოების ყურადღება გლობალური დათბობისკენ მიაპყროს. მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ასპარეზობისას ლეკონტთან ერთად იქნება, ოკეანის მდგომარეობას შეისწავლის.
ამასთანავე, მეცნიერები ოკეანეში პოლიეთილენის ნარჩენების რაოდენობის დადგენასაც შეეცდებიან, აიღებენ წყლის სინჯებს, რომლის საშუალებითაც ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმაზე მომხდარი ავარიის ოკეანეზე გავლენას შეისწავლიან.
გარდა ამისა, მეცნიერები ლეკონტის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც დააკვირდებიან და შეისწავლიან ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვის გავლენას სპორტსმენის გულზე.

ბენ ლეკტონი ამერიკაში ცხოვრობს. წყნარი ოკეანის გადაცურვის მიზნით ასპარეზობის დაწყებამდე ის მრავალი საათის განმავლობაში ღია ზღვაში ცურავდა და ასრულებდა განსხვავებულ სავარჯიშოებს, რომელიც მას ფსიქოლოგიური მდგრადობის ამაღლებაში დაეხმარება.
"ფსიქოლოგიური ასპექტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა. გამუდმებით რაღაც კარგზე უნდა იფიქრო. როდესაც ცნობიერება არაფრით არ არის დაკავებული, მომენტალურად ცუდზე ფიქრს იწყებ და პრობლემებიც აქედან ჩნდება", - ამბობს ლეკონტი.
წყნარი ოკეანის გადაცურვისთვის სპორტსმენი 6 წლის განმავლობაში ემზადებოდა. თუმცა, ოკეანის გადაცურვის იდეა უფრო ადრე გაუჩნდა.
20 წლის წინ 1998 წელს მან ატლანტის ოკეანე გადაცურა. მაშინ მან 6 499 კილომეტრი 73 დღეში დაძლია და გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ატლანტის ოკეანე ცურვით გაიარა. როდესაც ის საფრანგეთის სანაპიროს მიადგა და ხმელეთზე ავიადა, პირველი რაც თქვა იყო: "აღარასდროს!".

თუმცა ახალი მიზნის დასახვა ამ შემთხვევიდან მალევე დაიწყო.
"ძალიან ცოტა დრო დამჭირდა იმისთვის, რომ გადამეფიქრებინა. დაახლოებით 3-4 თვის შემდეგ ახალ თავგადასავალზე ვფიქრობდი"- აღიარა ლეკონტმა.
ახალი რეკორდის დამყარების დროს სპორტსმენის დღის განრიგი და რაციონი მკაცრად კონტროლდება. მსგავსი ექსტრემალური დატვირთვის გამო, მისი რაციონი ისეა შედგენილი, რომ მოცურავემ დღეში 8000 კალორიაზე ნაკლები არ მიიღოს.
წყარო: BBC