ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტს მუშაობენ

მიმდინარე წლის მარტში სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ ახალი კანონი მიიღო, რომელიც ქვეყნის დასაქმებულ ნაწილს საშუალებას მისცემს, კვირაში 68 საათის ნაცვლად, 52 საათს იმუშაონ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, განვითარებული სამყაროს ქვეყნებს შორის, სამხრეთ კორეაში ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო დღეა. 2016 წელს ყველა დასაქმებულმა სამხრეთ კორეელმა სამსახურში მთლიან წელში 2069 საათი გაატარა. ამ მონაცემს მხოლოდ მექსიკის (2225 საათი წელიწადში) და კოსტა-რიკის (2212 საათი წელიწადში) მონაცემებმა გადააჭარბა.

ახალი კანონი ძალაში 2018 წლის ივლისში შევა, თავდაპირველად ცვლილება მსხვილი კომპანიების თანამშრომლებს შეეხებათ, მცირე ზომის კომპანიებს კი გაცილებით მეტი დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ სტანდარტზე გადავიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ სამხრეთ კორეის მეწარმეები გამოვიდენენ, ხელისუფლება მაინც მიიჩნევს, რომ ცვლილების განხორციელება ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია. გარდა ამისა, სეულში მიიჩნევენ, რომ უფრო მოკლე სამუშაო კვირა ახალი სამუშაო ადგილების წარმოშობას შეუწყობს ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოების მასშტაბებს გაზრდის. ამასთანავე, სამხრეთ კორეის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სამუშაო კვირის შემცირება დემოგრაფულ პრობლემასაც მოაგვარებს და პერმანენტულად კლებადი შობადობა, კანონის განხორციელების შემდეგ, მატებას დაიწყებს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო დღე იმ ქვეყნებში აღინიშნება, სადაც მოსახლეობის შემოსავალი დაბალ ან საშუალო დონეზეა. სამხრეთ კორეა, სადაც დასაქმებულების ანაზღაურება შედარებით მაღალია, გამონაკლისს ნამდვილად წარმოადგენს.

იაპონიაში ვითარება გაცილებით რთულად არის, რადგან ამ ქვეყნის პრაქტიკაში ზედმეტი მუშაობისგან სიკვდილიანობა დამკვიდრდა. ამ ფენომენის არსებობას არა მხოლოდ ადგილობრივები არამედ, თავად იაპონური ენაც ადასტურებს, სადაც აღნიშნული მოვლენის განსამარტად, სპეციალური სიტყვაც არსებობს "კაროსი"- რაც ზედმეტი მუშაობისგან სიკვდილს ნიშნავს. ეს სიტყვა გამოხატავს სიკვდილს იმ დაავადებების გამო, რომლებიც სამუშაო სტრესს უკავშირდება, მაგალითად სტრესისგან გამოწვეული გულის შეტევა, თვითმკვლელობა, რომელსაც ჩადის ადამიანი, რომელიც სამსახურში არსებულ დატვირთვას ვერ გაუმკლავდა.

როგორც წესი, დასაქმებული იაპონელი სამსახურში, დაახლოებით, 1713 საათს ატარებს წლის განმავლობაში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით ეს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში დაფიქსირებული ყველზე მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ იაპონიაში არ არსებობს კანონი, რომელიც კვირაში დასაშვები სამუშაო საათების მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავს ან გადამეტებულ მუშაობას აკრძალავს. საბოლოო ჯამში, დასაქმებული იაპონელი სამსახურში იმაზე მეტ დროს ატარებს, ვიდრე ეს დადგენილია.

2015-2016 წელს იაპონიაში გადაჭარბებული მუშაობით გამოწვეული სიკვდილის 1456 შემთხვევა დაფიქსირდა. დასაქმებულთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ შემთხვევათა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.

შრომის საერთაშირისო ორგანიზაციის თანახმად, აზიის მაცხოვრებლების სამუშაო ადგილებზე გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მათი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები.

აზიის ქვეყნების დიდ ნაწილში (32%) არ არსებობს დასაშვები მაქსიმალური სამუშაო საათების განმსაზღვრელი კანონი, ბევრ ქვეყანაში კი ეს შეზღუდვა კვირაში 60 ან მეტ სამუშაო საათს ხდის დასაშვებს.

მაქსიმალური ზღვრის დამდგენი კანონი არ არსებობს არც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების 34%-ში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროპაში კი პირიქით, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს კანონით დადგენილი დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობა.

2016 წელს შვეიცარიის ბანკმა UBS-მა გამოქვეყნა ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია იმ ქალაქების სია, სადაც სამუშაო კვირის ხანგრძლივობის მაქსიმალური საშუალო მაჩვენებლები ფიქსირდება.

ანგარიშის თანახმად, ჰონგ-კონგის მაცხოვრებლები კვირაში საშუალოდ 50,1 საათს, მუმბაიში - 43,7, მეხიკოში - 43,5, დელიში - 42,6 და ბანგკოკში 42.1 საათს მუშაობენ.

ყველაზე რთულ ვითარებაში მექსიკელები არიან, რადგან გარდა იმისა, რომ მათ ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო კვირა აქვთ, ისინი ასევე ყველაზე ხანმოკლე ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ, რაც 10 დღეზე ნაკლებია. მექსიკის მსგავსი ხანმოკლე შვებულება აქვთ ნიგერიაში, იაპონიასა და ჩინეთში. თუმცა უარესიც არსებობს - ინდოეთში არ აქვთ არც მაქსიმალური სამუშაო საათების დადგენილი ზღვარი და არც გარანტირებული მინიმალური ანაზღაურებადი შვებულება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz