5 კონფლიქტი, რომელიც ფაქტობრივი დასასრულის მიუხედავად ოფიციალურად მაინც გაგრძელდა | Allnews.Ge

5 კონფლიქტი, რომელიც ფაქტობრივი დასასრულის მიუხედავად ოფიციალურად მაინც გაგრძელდა

ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სამწლიანი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულზე იარაღი დაყარეს და მეტნაკლებად სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა ორი კორეა ტექნიკურად ჯერ კიდევ საომარ ვითარებაში იმყოფება.

სამხედრო დაპირისპირება დასრულდა, თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას სამშვიდობო ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებია. აღნიშნული დოკუმენტის გაფორმების პერსპექტივა პირველად ახლა გაჩნდა, როდესაც მხარეებმა დეკლარაცია გააფორმეს და ურთიერთობებში ახალი ეპოქის დაწყება გამოაცხადეს.

მსგავსი მაგალითები კიდევ მრავლადაა ძველ და ახალ ისტორიაში, როდესაც დაპირისპირებულმა მხარეებმა კონფრონტაცია შეწყვიტეს, თუმცა ტექნიკურად მშვიდობისთვის არ მიუღწევიათ. ზოგიერთმა მაგალითმა შესაძლოა, გაგაოცოთ კიდეც.

რუსეთი და იაპონია

საბჭოთა კავშირმა იაპონიას ომი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გამოუცხადა, როდესაც იაპონია ფაქტობრივად დანებდა. ომი კურილიის კუნძულებისთვის დაიწყო, რომელიც იაპონიასა და კამჩატკას შორის, რუსეთის აღმოსავლეთით მდებარეობს.

აღნიშნული კუნძულები რუსეთსა და იაპონიას შორის უთანხმოების საფუძველი ჯერ კიდევ არის. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთის სუვერენიტეტი კურილიის კუნძულებზე ომის შემდგომი შეთანხმებითაა აღიარებული, თუმცა იაპონია უარს არ ამბობს თავის პრეტენზიაზე კუნძულებთან დაკავშირებით.

საბჭოთა კავშირმა არ გააფორმა 1951 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება იაპონიასა და მოკავშირე ძალებთან, თუმცა 1956 წელს მოაწერა ხელი საომარი ვითარების დასრულების ერთიან დეკლარაციას და იაპონიასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა.

მეორე მსოფლიოი ომის მოკავშირეები და გერმანია

1945 წელს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, თუმცა იმის გამო, რომ ომის შემდეგ, ის ორ ნაწილად გაიყო, მოკავშირეებმა გერმანიის არც ერთი მხარე არ მიიჩნიეს ყოფილი ნაცისტური რაიხის სრულუფლებიან წარმომადგენლად, ამიტომ ტექნიკურად გერმანიასთან სამშვიდობო ხელშეკრულება მის გაერთიანებმადე ანუ 1990 წლამდე ვერ გაფორმდა.

მონტენეგრო და იაპონია

მონტენეგროს დაახლოებით საუკუნე დასჭირდა იმისთვის, რომ იაპონიასთან მშვიდობა დაემყარებინა, მას შემდეგ რაც მან 1904-05 წლების რუსეთ-იაპონიის ომში მხარი რუსეთს დაუჭირდა. როდესაც რუსეთმა და იაპონიამ ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს, მონტენეგრო ყველას დაავიწყდა. ამას პირველი მსოფლიო ომი მოჰყვა, რის შემდეგაც მონტენეგრომ დამოუკიდებლობა დაკარგა და  იუგოსლავიის ნაწილი გახდა. მხოლოდ 2006 წელს მოახერხა მონტენეგრომ კვლავ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რამაც შესაძლებლობა მისცა, იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაეფორმებინა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღედგინა.

ნიდერლანდები და სილის კუნძულები

მაშინ, როდესაც ზოგიერთი საომარი ვითარება ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა, ზოგიერთი საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა, და, საბოლოო ჯამში, დავიწყებასაც კი მიეცა.

ეს ომი 1651 წელს ინგლისში სამოქალაქო ომის დასრულების მომენტში დაიწყო, როდესაც ჰოლანდიამ რეპარაციის გადახდა მოითხოვა იმ ზიანის სანაცვლოდ, რომელიც მის ფლოტს სილის კუნძულებზე განთავსებული როიალისტური არტილერიის თავდასხმის შედეგად მიიღო.

მათ არანაირი რეპარაცია არ გადაუხადეს, ამიტომ ჰოლანდიელებმა სილის კუნძულებს ომი გამოუცხადეს. როდესაც არქიპელაგზე ინგლისელი სამხედროები ჩავიდნენ, ჰოლანდიელები იძულებულები გახდნენ, ტერიტორიას გასცლოდნენ, თუმცა არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა.

ეს ფაქტი 1986 წელს კუნძულების მაცხოვრებელმა ისტორიკოსმა როი დანკანმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც, არქიპელაგზე ნიდერლანდების ელჩი ჩავიდა და სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ხელის მოწერისას ელჩმა იხუმრა და თქვა: " სავარაუდოდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, კუნძულის მაცხოვრებლებს ჰოლანდიის თავდასხმის ეშინოდათ".

რომი და კართაგენი

უფრო ღრმა ისტორიულ წარსულს რომ ჩავხედოთ, რომსა და კართაგენს სამი დროში გაწელილი, ომი ჰქონდა, რომლებსაც დღეს პუნიკური ომების სახელით ვიცნობთ. ამ ომთაგან უკანასკნელი კართაგენის აღებითა და განადგურებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 146 წელს დასრულდა, თუმცა ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 1986 წელს დღევანდელი რომისა და კართაგენის მერებმა, რომელიც ამჟამად ტუნისში მდებარეობს, სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეგობრობის პაქტს მოაწერეს ხელი.

მომზადებულია bbc-ის მიხედვით

myquiz