როგორ უნდა ვიკვებოთ თუ მთელი დღის განმავლობაში ჯდომა გვიწევს - ენდოკრინოლოგების რჩევა მათ ვისაც ცხოვრების პასიური წესი აქვს | Allnews.Ge

როგორ უნდა ვიკვებოთ თუ მთელი დღის განმავლობაში ჯდომა გვიწევს - ენდოკრინოლოგების რჩევა მათ ვისაც ცხოვრების პასიური წესი აქვს

"მჯდომარე" პროფესიები 21 საუკუნის ერთ-ერთი პრობლემაა. მსოფლიოსა და, მათ შორის, საქართველოშიც ასეთი სამსახურების რაოდენობის მატებასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებიც იზრდება. ოფისში ჯდომა და მშვიდად მუშაობა ბევრისთვის კარგია, თუმცა ასეთი სამსახური არაერთ დაავადებას იწვევს. ამჯერად ენდოკრინოლოგს "მჯდომარე" სამუშაოს პირობებში კვების საკითხზე ვესაუბრეთ.

"მჯდომარე" სამუშაო 21 საუკუნის პრობლემაა ზოგადად მთელი მსოფლიოსათვის და ასეთი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟიმული კვებაა, რომ დღის განმავლობაში დავიცვათ რეჟიმი. ეს გულისხმობს ნაკლები კალორიის მიღებას, ვიდრე აქტიური ცხოვრების წესის დროს ვიღებთ.

დღის განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებული კალორია მნიშვნელოვნად მცირე უნდა იყოს იმასთან შედარებით, რასაც ვხარჯავთ და დღის განმავლობაში გავცემთ", - ამბობს Allnews.ge-სთან საუბარში ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე.

sofio-futuridze-1633773756.jpg

მისი თქმით, "მჯდომარე" სამუშაოს შესრულების დროს ადამიანი დღის განმავლობაში ფიზიკურად ნაკლებად იტვირთება, ამიტომ დღიური კალორიების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის ასაკი, ქრონიკული დაავადებები და სწორედ ამის მიხედვით უნდა შედგეს კვების რეჟიმი.

"დღის განმავლობაში კალორიების მიღების რაოდენობა ისე ნაწილდება, რომ დილის კვებაზე მოდის 25%, საღამოს კვებაზე 20%, შუადღის სადილზე მთელი დღის კალორაჟის 35%, დანარჩენი 10-10% ხილის კვებას ენიჭება, რომლებიც კვებათა შორის შუალედში უნდა მივიღოთ.

წყალს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. კარგი იქნება, დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი მივიღოთ, თუმცა აქაც გათვალისწინებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადებების ფაქტორი", - ამბობს ექიმი.

ენდოკრინოლოგის რჩევით, მათ, ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და სამუშაოს ამგვარად შესრულება უწევთ, უარი უნდა თქვან ცომეულზე.

"ცომეული მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ საკვები რაციონიდან, ის შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მისაღებ კალორაჟში ნახშირწყლების შემცველობას მივაქციოთ ყურადღება და უფრო ცილოვანი, ცხიმოვანი საკვებით ჩავანაცვლოთ, თუმცა დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღებას არ გირჩევთ".

work-1633774118.png

კითხვაზე, რა საკვები უნდა მივიღოთ საღამოს, მთელი დღის განმავლობაში "მჯდომარე" სამუშაოს პირობებში, ენდოკრინოლოგი გვირჩევს, რომ მსუბუქად დავნაყრდეთ.

"უმჯობესია, მივიღოთ რძის ნაწარმი - ხაჭო, მაწონი ან კეფირი, ვინც რძის ნაწარამს ერიდება, მსუბუქი სალათით ჩანაცვლება შეუძლია. ხილი მიზანშეწონილია დღის პირველ ნახევარში. 5 საათის შემდეგ არ გირჩევთ ხილის მიღებას, საღამოს ყურადღება უფრო ბოსტნეულზე გადაიტანეთ. საღამოს საათებში ფიზიკური აქტივობითაც შეიძლება დაკავება, თუ სპორტულ დარბაზში ვერ ვივლით, სუფთა ჰაერზე 40-45 წუთი ფეხით სიარული ძალიან კარგია", - ამბობს სოფიო ფუტურიძე.

myquiz