როდის უნდა მივიღოთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, თუ წონაში მომატება არ გვსურს | Allnews.Ge

როდის უნდა მივიღოთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, თუ წონაში მომატება არ გვსურს

როგორც წესი, დღესასწაულებზე საკუთარ თავს ვანებივრებთ და კვების რაციონს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვჭამთ იმას და იმდენს, რამდენიც მოგვესურვება. თუმცა, დღესასწაულების შემდეგ, ახალი რეალობის წინაშე ვდგებით, ამიტომ სახლში ყველაზე აქტიური მოხმარების საგანი ამ პერიოდში სასწორი ხდება, რომელზეც დღეში რამდენჯერმე იმის იმედად ვდგებით, რომ რამდენიმეგრამიანი სხვაობა მაინც შევნიშნოთ საკუთარ თავს. პარალელურად კვლავ დიეტის დაცვის გადაწყვეტილებას ვიღებთ. თუმცა, კონკრეტულად რომელი დიეტა იქნება ყველაზე ეფექტური?

დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე პოპულარული დიეტა ნაკლები ნახშირწყლების მოხმარებას გულისხმობდა. მიიჩნეოდა, რომ ნახშირწყლების მაღალი შემცველობის პროდუქტები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც შაქრით იყო მდიდარი - მაგალითად, თეთრი პური, ბრინჯი ან მაკარონი, - წელის გარშემოწერილობისა და სისხლში შაქრის დონის ზრდას უწყობს ხელს.

ამ შეხედულებას კი შემდეგნაირად ხსნიდნენ: თუ ადამიანი დიდი რაოდენობით ნახშირწყალსა და შაქარს მოიხმარს, ეს სისხლში შაქრის დონის მატების საფუძველი ხდება. თუ ამ შაქრის დაწვა ფიზიკური აქტივობის გზით ვერ მოხერხდა, კუჭქვეშა ჯირკვალი დიდი რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას იწყებს, რათა სისხლში გლუკოზის დონე შეამციროს. გლუკოზის დონის შემცირებას კი მოჭარბებული შაქრის ცხიმოვან უჯრედებად გარდაქმნის შედეგად აღწევს. ორგანიზმში ცხიმების დიდი რაოდენობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ჩნდება კიდევ ერთი კვითხვა, - დღის რომელი მონაკეთი მიიჩნევა ნახშირწყლების მიღებისთვის ოპტიმალურად?

ამასთან დაკავშირებით არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების საღამოს საათებში მიღება უფრო მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მათი საუზმეზე მიღება. იმიტომ რომ დილიდან ადამიანს გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება და უფრო ადვილად წვავს ორგანიზმში არსებულ შაქარს, ვიდრე საღამოს, როდესაც ორგანიზმი უკვე დასასვენებლად ემზადება.

თეორია ასეთია, თუმცა საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ის რეალობას?

მცირე კვლევა სურეის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ადამ კოლინზმა ჩაატარა. კვლევაში მონაწილება ფიზიკურად ჯანმრთელმა მოხალისეებმა მიიღეს. კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, დღის რომელ მონაკვეთში შეძლებდა ორგანიზმი ნახშირწყლებთან უფრო ადვილად გამკლავებას.

ცდის პირებს ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის ნახშირწყლები უნდა მიეღოთ. რაციონში შედიოდა ბოსტნეული, პური და მაკარონი. პირველი 5 დღის განმავლობაში, ისინი ნახშირწყლების უმეტეს წილს საუზმეზე იღებდნენ, მცირე წილს კი ვახშამზე, შემდეგი 5 დღის განმავლობაში მათთვის ჩვეული რაციონით იკვებებოდნენ, უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში კი ნახშირწყლებით ძირითადად ვახშამი დატვირთეს.

ადამ კოლინზის ჯგუფი პერმანენტულად ადევნებდა თვალს ცდის პირების სისხლში შაქრის დონეს.

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნახშირწყლებს უფრო ადვილად გავუმკლავდებოდით, როდესაც წინ კიდევ ფიზიკური აქტივობით დატვირთული მთელი დღე გვქონდა, ვფიქრობ, რომ ცდაში მონაწილეთა ორგანიზმისთვისაც გაცილებით მარტივი იქნება საუზმეზე მიღებული ნახშირწყლების გადამუშავება", - აღნიშნა ადამ კოლინზმა ცდის დასაწყისში, თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა.

როდესაც მკვლევარებმა ცდისპირები ნახშირწყლებით დატვირთული საუზმის მიღების შემდეგ დღეს გამოიკვლიეს, აღმოაჩინეს, რომ სისხლში შაქრის საშუალო მაჩვენებელი 15,9 ერთეული იყო.

მას შემდეგ, რაც მოხალისეებმა ნახშირწყლებით ვახშამი დატვირთეს, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში შაქრის დონე შემცირდა და საშუალოდ 10,4 ერთეული იყო.

რა მოხდა?

შესაძლოა, ამ შემთხვევაში, მთავარ როლს ის კი არ თამაშობს, როდის მოვიხმართ ნახშირწყლებს, არამედ, რამდენი დრო გავა შემდეგ ჭამამდე. თუ ნახშირწყლებით დატვირთული საკვების მიღებიდან შემდეგ ჭამამდე ბევრი დრო გავა, ორგანიზმი გაცილებით მომზადებული იქნება. ადამ კოლინზი მიღებული შედეგის განსამტკიცებლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას გეგმავს.

myquiz