პრეზიდენტი, რომელიც "ხოჭოთი" გადაადგილდება - იხილეთ, მსოფლიო ლიდერების ავტომობილები | Allnews.Ge

პრეზიდენტი, რომელიც "ხოჭოთი" გადაადგილდება - იხილეთ, მსოფლიო ლიდერების ავტომობილები

სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები მათთვის სასურველი ნებისმიერი მანქანით ვერ გადაადგილდებიან და მანქანებს სურვილისამებრ ვერ ცვლიან. ტრანპორტის მარკა, რომელიც ქვეყნების პირველ პირებს ემსახურება წინასწარ შერჩეული, შეთანხმებული და უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებითაა შექმნილი. აღნიშნული მანქანები, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ან ქვეყანაში ჩამოსულ განსაკუთრებულ სტუმრებსაც ემსახურება. პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, რომ ამ მანქანების მძღოლებიც კი საგანგებოდ შერჩეული ადამიანები არიან, რომლებიც ძირითადად ძალოვან უწყებებს წარმოადგენენ. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ავტომობილის მძღოლი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის გამოცდილი აგენტია, რუსეთის პრეზიდენტს კი რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის ოფიცერი ემსახურება.

ვნახოთ, რომელ მანქანებს მიანიჭა უპირატესობა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ და რომელი მანქანები ემსახურება ქვეყნის პირველ პირებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კადილაკის მარკის ლიმუზინი ემსახურება. კადილაკი ნომერი ერთი, რომელიც "მხეცის" მეტსახელითაა ცნობილი, პირველად ტრამპის ინაუგურაციაზე გამოჩნდა. ავტომობილი ბევრი თავდაცვითი და უსაფრთხოების ფუნქციითაა დატვირთული და შექმნილია აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სტადარტების მიხედვით. აღნიშნული მანქანა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მანქანათა ნუსხიდანაა და ყველაზე დაცულ მანქანად მიიჩნევა.

რუსეთის პრეზიდენტი უპირატესობას "მერსედესს" ანიჭებს. მან გადაადგილებისთვის Mercedes-Benz S 600 Guard Pullman-ი აარჩია. მანქანა ტყვიაგაუმტარია, მისი საბურავები დაცულია და ის რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურის სტანდარტების მიხედვითაა გაკეთებული.

რომის პაპი ფრანცისკე მარტივი მანქანა Renault 4-ით ამჯობინებს გადაადგილებას. ამ მანქანას ხშირად "პაპoმობილსაც" იწოდებენ. აღნიშნული მანქანა პაპს იტალიელმა სასულიერო პირმა უსახსოვრა. ამ მანქანის გარდა, კთოლიკური ეკლესიის ლიდერს Mercedes-Benz-იც ჰყავს, რომელსაც ბრონირებული მინები აქვს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს Jaguar XJ ემსახურება. მანქანა, სპეციალურად, მთავრობის მეთაურისთვის შეკვეთით არის დამზადებული. ის არა მხოლოდ ტყვია გაუმტარია, არამედ ჟანგბადის მარაგიც აქვს, რამაც მისი მგზავრი ქიმიური თავდასხმისგან უნდა დაიცვას. პრემიერ-მინისტრის ავტომობილს ცრემლსადენი გაზის გამოყოფაც შეუძლია საგანგებო ვითარების შემთხვევაში.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი BMW 7-ით გადაადგილდება მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის მსგავსი მანქანა ჰყავს და მას ქუჩებში Mercedes Benz S600 (W221) Pullman Guard-ით ნახავთ. პრემიერ-მინისტრის მანქანის უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ამ ტყვიაგაუმტარ ავტომობილს შეუძლია გაუძლოს ინტენსიურ თავდასხმას AK-47 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის მანქანას გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, რადგან, როგორც "მხეცსა" და გაერთიანებული სამეფოს პრემიერის მანქანას, მასაც შეუძლია, მგზავრი ქიმიური თავდასხმისგან დაიცვას.

იაპონიის იმპერატორმა კი უპირატესობა Toyota Century Royal-ს მიანიჭა. რომელიც ასევე შეკვეთით, პირადად მისთვისაა დამზადებული. როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონიის იმპერატორმა ადგილობრივი ავტომწარმოებელს მიანიჭა უპირატესობა. მანქანა სიგრძეში 6 მეტრია, მთლიანად ტყვიაგაუმტარია და მისი ღირებულება 500 ათას დოლარს შეადგენს.

გერმანიის მოქმედი პრეზიდენტი ბრონირებული Mercedes-Benz-ით გადაადგილდება მაშინ, როდესაც კანცლერმა, ანგელა მერკელმა, არც ერთ ბრენდს არ მიანიჭა უპირატესობა და ამ მხრივ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა.

ურუგვაის პრეზიდენტი, ხოსე მუხიკა, მანქანების საკითხშიც თავმდაბალი აღმოჩნდა და ჩვეულებრივი "ხოჭოთი" გადაადგილდება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ის პრეზიდენტის რეზიდენციის ნაცვლად ჩვეულებრივ ფერმაში ცხოვრობს და მიწათმოქმედებას ეწევა, ეს ფაქტი ნამდვილად არ გაგვიკვირდება.