დაათვალიერეთ საქართველოში წარმოებული პირველი გადასატანი კოტეჯის ინტერიერი | Allnews.Ge

დაათვალიერეთ საქართველოში წარმოებული პირველი გადასატანი კოტეჯის ინტერიერი

ქართული წარმოების გადასატანი კოტეჯის მიმართ საზოგადოების ნაწილმა დიდი ინტერესი გამოხატა, რისი მიზეზიც სწორედ მისი სპეციფიკურობა და ინოვაციურობა გახდა.

Kote.ge–ს ერთ–ერთი დამფუძნებლის, გიორგი ესვანჯიას თქმით, გადასატანი კოტეჯის დამზადების იდეა პარტნიორებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად გაჩნდა, – "გადავწყვიტეთ, მოგვეწყო თბილი, მყუდრო კუთხე, ამიტომ ვიპოვნეთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი იქნებოდა და ფასიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბიუჯეტს გაწვდებოდა," – აღნიშნავს ის.

გადასატანი კოტეჯის დამზადების იდეა პარტნიორებს დაახლოებით 2–3 წლის წინ გაუჩნდათ, რომლის განხორციელებაც წელს შეძლეს, – "ამის მიზეზი ჩემი და Kote.ge-ს დამფუძნებლის ლევან ტყემალაძის სხვადსხვა საქმეში ჩართულობა გახდა, თუმცა ჩვენ ამ საკითხზე კომუნიკაცია მუდმივად გვქონდა. შემდეგ, როდესაც ამ საკითხის მოგვარება დავიწყეთ, კოტეჯის დასამზადებლად სულ რაღაც ორი კვირა დაგვჭირდა, სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, თუმცა არ ვიცოდით, საბოლოოდ რას მივიღებდით. მაშინ ინტერიერის დეტალები გათვლილი არ გვქონდა, უბრალოდ ვაწყობდით, თუმცა საბოლოოდ მიღებული პროდუქტით ძალიან კმაყოფილები ვართ. აწყობის შემდეგ ინტერიერში მორგებული ნივთების მიხედვით მივხვდით, ზუსტად რა გამოდის, შემდეგ რაღაცები დავხვეწეთ. შემდეგი კოტეჯი უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე აწყობილი", – განმარტა გიორგი ესვანჯიამ Allnews.ge-სთან საუბარში.

გადასატანი კოტეჯს მკაცრ კლიმატურ პირობებში ამ ზამთარს გამოცდიან, Kote.ge-ს გუნდი დარწმუნებულია, რომ გადასატან კოტეჯში ცხოვრება ცივ ამინდშიც სასიამოვნო იქნება.

"ტექნიკური მონაცემების თანახმად, მასალა, რომელსაც კოტეჯის დასამზადებლად ვიყენებთ, თბილია. ასევე, კოტეჯი პატარაა, ადვილად თბება, არ მოითხოვს დიდ ენერგიას და ამ მხრივ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, თუმცა ზამთარი ჩვენი პირველი კოტეჯისთვის წელს მოდის და პრაქტიკაში გამოცდილი დეტალები ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდება", – აღნიშნავს გიორგი ესვანჯია.

Start Up-ერებს პროდუქციის ექსპორტზეც უფიქრიათ, თუმცა გიორგი ესვანჯიას თქმით, პროექტი ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია, თავდაპირველად, თავი ქართულ ბაზარზე უნდა დაიმკვიდრონ, შემდეგ კი უცხოურს მოერგონ.

როგორც კოტეჯის ავტორები ამბობენ, მათი ინოვაციური სახლების მიმართ მომხმარებლის დაინტერესება დიდია, ზოგიერთს კი შეკვეთის გაკეთება უკვე სურს.

myquiz