დაავადებები, რომლებსაც საქართველოში მწერები ავრცელებენ | Allnews.Ge

დაავადებები, რომლებსაც საქართველოში მწერები ავრცელებენ

თბილი ამინდი მწერების გააქტიურებას იწვევს, მათ მიერ გამოწვეული დისკომფორტი კი ალბათ ყველას გამოუცდია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაკბენის შედეგად რომელიმე დაავადების წინაშე აღმოვჩნდებით.

საქართველოში მწერებს მძიმე დაავადებები მასობრივად არ გადააქვს, თუმცა მედიკოსები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაინც გვირჩევენ, რომ თავდაცვითი ზომები განსაკუთრებით ტყეებსა და პარკებში ყოფნისას მივიღოთ.

ჩვენს ქვეყანაში ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გადამტანი მწერები ძირითადად, რწყილები, ტკიპები და მცირე ზომის მოსკიტები არიან.

პარაზოტოლოგ თეა ჩიქოვანის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაზიტული დაავადება ლეიშმანიოზია, რომლის გადამტანიც მცირე ზომის მოსკიტი, ფლებოტომუსის გვარის წარმომადგენელია. მოსკიტი ჯერ ცხოველს კბენს, შემდეგ კი დაავადებას ადამიანებზე ავრცელებს.

ვინ ზრუნავს თბილისში მავნე მწერების შეწამვლაზე

"ქალაქის პირობებში ლეიშმანიოზის გადამტანები, როგორც წესი, ძაღლები არიან, დაავადებულ ცხოველს კი ადვილად ამოიცნობთ, რადგან ის ნაკლებად აქტიურია, სცვივა ბეწვი და წონაშიც სწრაფად იკლებს. მოსკიტები სარდაფებში, ნაპრალებში, ნაგავსაყრელებზე და მსგავს ადგილებშია გავრცელებულები, შესაბამისად, სახლში მათ ასეთი პირობები არ უნდა შევუქმნათ. მოსკიტები აქტიურები გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სეზონებზე არიან და მათ უფრო შებინდებისას უნდა მოვერიდოთ და პარკებსა და სკვერებში სეირნობისას სხეულის შიშველი ნაწილები მაქსიმალურად დაფარული გვქონდეს. ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით ბავშვებზე ვრცელდება, რადგან ეს დაავადება, ყველაზე ხშირად მცირეწლოვნებში გვხვდება", - განმარტავს პარაზიტოლოგი.

მისივე თქმით, ლეიშმანიოზის გამოვლენის პერიოდი დაახლოებით 6-8 თვე ან ერთი წელიც კია.

"მისი კლინიკური ნიშნებია მაღალი ტემპერატურა, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, შესაბამისად, ამას მოჰყვება საერთო სისუსტე, წონაში კლება. გარდა ამისა, გადიდებული ელენთისა და ღვიძლის გამო პაციენტის სხეული შესიებულია. ამ დროს განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ცვლილებები. ლეიშმანიოზის დროს დაკლებულია ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა, სახეზე გვაქვს ანემია. დიაგნოზის დადგენა ხდება ძვლის, მკერდის ან ელენთის ფუნქციით, შემდეგ კი დამატებითი კვლევები ტარდება", - აღნიშნავს თეა ჩიქოვანი და დასძენს, რომ პაციენტის მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა მოხდეს, რადგან ლეიშმანიოზი რთულად განკურნებად დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება.

რომელი დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი სისხლის საერთო ანალიზით

რაც შეეხება გართულებებს, პარაზიტიტოლოგის თქმით, ლეიშმანიოზით დაავადებული პაციენტის იმუნური სისტემა დაქვეითებულია, შესაბამისად, ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი შეიძლება გართულდეს, - "ლეტალურ შედეგს კი ძირითადად, შინაგან ორგანოებში სისხლდენა იწვევს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ლეიშმანიოზის დროულად აღმოჩენას," - აღნიშნავს თეა ჩიქოვანი.

საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირდა ბორელიოზის შემთხვევებიც, რომელიც ტკიპებს გადააქვთ.

დაავადება მომრავლდა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, რისი მიზეზიც რეკრეაციულ ზონებში მოსახლეობის ხშირი გადაადგილებაა.

პარაზიტოლოგ თეა ჩიქოვანის თქმით, კბენისას ტკიპი ადამიანის კანში ხორთუმით შედის, შესაბამისად, მწერი ფრთხილად უნდა მოვიცილოთ, რათა ხორთუმი კანში არ ჩაგვრჩეს და თუ ამის გაკეთება თავად არ შეგვიძლია, დახმარებისთვის ექიმს უნდა მივმართოთ, - "ტკიპა შეიძლება, ადამიანის კანზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს, შემდეგ კი თვითონ ჩამოვარდეს. ადგილზე წითელი ფერის ლაქა ჩნდება. დაავადების გამოვლენას 5 დღიდან 2–3 კვირამდე სჭირდება. მისი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, მაგალითად, 38–39 გრადუსამდე. გარდა ამისა, ბორელიოზს სჩვევია, უეცარი გამოკეთებაც, თუმცა შემდეგ სიცხე და მისი სიმპტომები უკან ბრუნდება. ახასიათებს სახსრების ტკივილი, ოფლიანობა და შემცივნება. დაავადებისას მკურნალობა ანტიბიოტიკებით მიმდინარეობს. პრევენციული ღონისძიებები კი აქაც ლეიშმანიოზის მსგავსი გვაქვს," - განმარტავს ექიმი.

ბორელიოზის შესახებ მოსახლეობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც გააფრთხილა. ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, არსებობს დაავადების პრევენციის შესაძლებლობაც, რაც - "დახურული ტანსაცმლის ჩაცმაში, ბუნებაში ყოფნის შემდგომ ტკიპების აღმოჩენის მიზნით, სხეულის გულდასმით დათვალიერებასა და აღმოჩენის შემთხვევაში მათ უსაფრთხო მოშორებაში მდგომარეობს".

ინფექციური პათოლოგიის სპეციალისტის, მაია ზალდასტანიშვილის თქმით, ტკიპებს მხოლოდ ბორელიოზი არ გადააქვთ. მათ შეიძლება გამოიწვიონ ლისტერიოზი, ელიზიპელოიდოზი და ტულარემია.

საქართველოში ბორელიოზის შემთხვევებმა იმატა. ტკიპის ნაკბენის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს

"ეს დაავადებები საქართველოში ბორელიოზთან და ლეიშმანიოზთან შედარებით, ნაკლებად გავრცელებულია, თუმცა მაინც გვხვდება. ყველაზე ხშირი ტულარემიის შემთხვევებია, რომელიც, ძირითადად, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ტულარემიის გამომწვევი მიზეზი, პარაზიტების გარდა, შეიძლება, დაბინძურებული წყალიც გახდეს, ძირითადად, სოფლებში, სადაც წყაროს წყალს სვამენ. ტულარემიას სხვადასხვა სიმპტომი აქვს, შეიძლება, ანთებითი პროცესი ანგინით მიმდინარეობდეს, ასევე დაავადებას ახასიათებს ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მაღალი ტემპერატურა, მდგომარეობის შეფასება კი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა მოხდეს," - განმარტავს მაია ზალდასტანიშვილი.

მედიკოსის თქმით, ლისტერიოზი და ელიზიპელოიდოზი განსაკუთრებით ხშირად, გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში გვხვდება, რაც მწერებს, დაბინძურებულ წყალსა და პროდუქტებს უკავშირდება და ქალაქის პირობებში უფრო იშვიათია, - "ამ დაავადებებს გართულების სახით ძირითადად, ართრიტები და ლაიმის დაავადება მოყვება. აღსანიშნავია, რომ ყველა დაავადებას შეიძლება მოჰყვეს გართულებები, თუმცა ამ ინფექციებს თვითგანკურნებაც ახასიათებს," - განმარტავს მაია ზალდასტანიშვილი.

მედიკოსების თქმით, ჩვენს ქვეყანაში ეპიდაფეთქების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ძალიან მომრავლებულია ტკიპა, რომელმაც ტოქსიკური მოქმედება შეიძინა. პერიოდულად გააქტიურება კი ყველა დაავადებას ახასიათებს, მთავარია თავდაცვა და ექიმისთვის დროულად მიმართვა.

myquiz