გაფრთხილება მშობლებს: რუჯი ბავშვებისთვის სასარგებლო არ არის | Allnews.Ge

გაფრთხილება მშობლებს: რუჯი ბავშვებისთვის სასარგებლო არ არის

რუჯი კანის დაზიანებაზე მიუთითებს და არა მის ჯანმრთელობაზე - გვახსენებენ ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენლები და მიმართავენ მშობლებს, რომლებიც შვილებთან ერთად დასასვენებლად გამგზავრებას გეგმავენ.

ამ ორი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბრიტანელი მშობლების მესამედს სჯერა, რომ რუჯი ბავშვებისთვის სასარგებლოა. კვლევაში მონაწილეობა 1000-მა მშობელმა მიიღო, რომელთა შვილების ასაკი 11 წლიდან იწყებოდა. გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ მზისგან დამცავი კრემი ბავშვს მხოლოდ მას შემდეგ უნდა წაუსვას, რაც ის დაიწვება და გაწითლდება.

ექსპერტები განმარტავენ, რომ მშობლების უმეტესობამ არ იცის რა არის რუჯი

რუჯი სასარგებლო არ არის და არანაირად არ ამცირებს მზის სხივების მავნე ზემოქმედებას. პირიქით, რუჯი მიუთითებს იმაზე რომ კანი დაზიანებულია და ცდილობს გამანადგუებელი ზემოქმედებისგან დაცვას თავი.

მავნე ულტრაიისფერი სხივების მიღების შემდეგ, მელანოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედები, მზის სხივების შთანთქმის პროცესში მუქ პიგმენტს, მელანინს გამოიმუშავებენ, სწორედ ასე მუქდება კანი.

მეცნიერთა განმარტებით, მზეზე ხშირი და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაჩერების შემთხვევაში, ადამიანი გარკვეული წლების შემდეგ, კანის კიბოს საფრთხის ქვეშ დგება. მზეზე გასულებს ულტრაიისფერი სხივების შეგრძნება არ შეუძლიათ, ამიტომ ძალიან სწრაფად იწვებიან უამინდობის პირობებშიც კი.

ცხადია, რომ ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს გაცილებით მგრძნობიარე კანი აქვთ. მეცნიერთა განმარტებით, 6 თვის ქვემოთ ბავშვები საერთოდ არ უნდა ხვდებოდნენ მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.

მარტიდან ოქტომრის ჩათვლით ექსპერტები ბავშვებს ურჩევენ:

ატარონ შესაბამისი ტანისამოსი, რომელიც მზის სხივებისგან დაიცავთ

დრო ჩრდილში გაატარონ. განსაკუთრებით, 11-დან 3 საათამდე

ისარგებლონ მზისგან დამცავი კრემითა და სხვა საშუალებებით

მეტეოროლოგი კლერ ნასირი მშობლებს ურჩევს ხშირად შეამოწმონ ულტრაიისფერი გამოსხივების დონე მეტეოროლოგიური სამსახურების დახმარებით.

აქვე უნდა ითქვას, რომ მზეს მხოლოდ უარყოფითი გავლენა არ აქვს - მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში D ვიტამინის დონე იმატებს. ექიმ ნაიჯელ აჩესონის რჩევით, მზეზე დამცავი საშუალებების გარეშე, გაჩერება კვირაში რამდენჯერმე 10-15 წუთის განმავლობაში შეიძლება.

myquiz