საუკეთესო ციხე მსოფლიოში, სადაც პატიმრები "შვებულებით" სარგებლობენ | Allnews.Ge

საუკეთესო ციხე მსოფლიოში, სადაც პატიმრები "შვებულებით" სარგებლობენ

ნორვეგია ყოველთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით ჰუმანური პენიტენციალური სისტემით, რის გამოც, იგი ბევრი პატიმრის ოცნებად იქცა.

კუნძულ ბასტოის ოსლოდან 76 კილომეტრი, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან, საკურორტო ქალაქ ჰორტენიდან კი 2 კილომეტრი აშორებს. მისი ფართობი 2,6 კვადრატული კილომეტრია. ადრე ამ კუნძულზე სასჯელს არასრულწლოვანი დამნაშავეები იხდიდნენ და ციხე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ საპატიმრო დაწესებულებად ითვლებოდა.

აქ სასჯელის ბოლო თვეებს ნორვეგიის ისტორიაში ერთადერთი სერიული მკვლელი, არნფინ ნესეტიც იხდიდა. ის მოხუცთა თავშესაფრის მთავარი ექიმი იყო და შხამით 20 მოხუცი მოწამლა ("რათა მათი ტანჯვისთვის ბოლო მოეღო"). სასჯელის მოხდის შემდეგ, ხელისუფლებამ მას ახალი სახელი და გვარი მიანიჭა, მისცა პასპორტი და პლასტიკური ოპერაცია გაუკეთა (რათა საზოგადოების მხრიდან ის დისკრიმინაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო).

norvegiis-cixe-1637404436.jpg

ამჟამად, კუნძულზე პლაჟი, რამდენიმე კეთილმოწყობილი ჩოგბურთის მოედანი და საუნაა განთავსებული.

საკნების ნაცვლად, 115 პატიმარი კეთილმოწყობილ ხის სახლებში ცხოვრობს.

1 კოტეჯი 8 პატიმარზეა გათვლილი და ყველა პატიმარს საკუთარი ოთახი აქვს. მათ კუნძულზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. სხვა ქვეყნებში ასეთ ადგილს "კოლონია-დასახლებას" უწოდებენ, მაგრამ არსებობს ერთი განსხვავებაც. თითოეულ პატიმარს აქვს შვებულება - 18 დღე წელიწადში. გარდა ამისა, არსებობს დეკრეტული შვებულებაც, როდესაც პატიმრის მეუღლეს ან პარტნიორს მისგან შვილი უჩნდება. პატიმრების მონახულება ნათესავებს კვირაში ერთხელ შეუძლიათ. პაემნის ხანგრძლივობა 12 საათს შეადგენს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ზღაპრული ციხის მეთოდი მუშაობს.

სტატისტიკურად, ნორვეგიის სხვა ციხეებში სასჯელმოხდილი დამნაშავეების 20% ისევ ციხეში ხვდება. ბასტოის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 16%-ს შეადგენს. კუნძულზე ადამიანების გარდა, 45 თხა, 22 ძროხა, 10 ცხენი, 230 ქათამი და 20 ბოცვერი ცხოვრობს.

2009 წელს, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტრომ, კუნძულ ბასტოის ციხეში ყველაზე საშიში დამნაშავეების "თავისუფალ პატიმრობაში ყოლის" 10-წლიანი ექსპერიმენტი დაასრულა. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რის გამოც, მსგავსი დაწესებულებები შესაძლოა, ქვეყნის სხვა ნაწილებშიც გაჩნდეს.

ექსპერიმენტის ავტორი ნორვეგიელი მეცნიერი და კრიმინოლოგი ნილს კრისტია. მისი თეორიის თანახმად, ნებისმიერ დანაშაულს ორი მსხვერპლი ჰყავს: ის, ვინც დაზარალდა, და ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა. კრისტის აზრით, დამნაშავე არა მხოლოდ დასჯას, არამედ "რესოციალიზაციასაც" იმსახურებს.

დღეს ბასტოის "პატიმრების თავისუფლების კუნძულს" უწოდებენ.

ციხის პერსონალი - 70 ადამიანისგან შედგება, თუმცა კუნძულზე ღამით მხოლოდ 5-6 თანამშრომელი რჩება. არც ერთ თანამშრომელს არ აქვს იარაღი. ციხის 11- წლიანი ისტორიის მანძილზე, გაქცევის მხოლოდ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 3 გაქცეული პატიმარი ნებაყოფლობით ჩაბარდა სამართალდამცველებს, ორი კი დაიჭირეს და სხვა ციხეში გადაიყვანეს.

ბასტოის ციხის ყველა პატიმარი ვალდებულია იმუშაოს.

ყველას აქვს სამსახური, რომელიც 8:30-ზე იწყება და 15:30-ზე მთავრდება. ყოველდღიურად პატიმრები 10 დოლარს იღებენ. ამ ფულით მათ ადგილობრივ მაღაზიაში საკვები პროდუქტების შეძენა შეუძლიათ. კუნძულზე მოსახვედრად ნორვეგიელი პატიმრები რიგს გადიან. მხოლოდ ერთეულებს აგზავნიან კუნძულზე სასჯელის დარჩენილი ვადის მოსახდელად (ძირითადად 1-დან 3 წლამდე).

"მთავარია, შევქმნათ სიტუაცია, რომელშიც პატიმრები საკუთარ თავს ახლიდან გაიცნობენ და მათ საკუთარი თავისადმი პატივისცემა გაუჩნდებათ", - ამბობს კოლონიის დირექტორი არნე კვერნვიკ ნილსენი.

P.S. ნორვეგიაში "დაპატიმრების რიგიც" არსებობს - გასამართლებული ნორვეგიელების დაახლოებით, 20-25% თავისუფლებაზე იმყოფება მანამ, სანამ ციხეში მათთვის ადგილი არ გათავისუფლდება. სასჯელის ვადის ათვლა კი ამ ლოდინის დროით იწყება. დამნაშავეების 5% მთელ სასჯელს სახლში, ციხეში ადგილის გათავისუფლების ლოდინში იხდის.

წელიწადში ერთხელ, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრები და თითოეული ციხიდან პატიმრების 50-70 კაციანი დელეგაცია, სამი დღით, სასტუმროში იკრიბება და მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება პატიმრების ცხოვრების გაუმჯობესება.