როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ძლიერ სტრესზე | Allnews.Ge

როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ძლიერ სტრესზე

ძლიერი სტრესის გამომწვევი მოვლენები ბიჭებისა და გოგონების ტვინზე განსხვავებულად მოქმედებს. ამის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ემოციებსა და ემპათიაზე პასუხისმგებელი ტვინის ნაწილი (კუნძულოვანი წილი) შედარებით მცირეა იმ გოგონებში, რომლებმაც ტრავმა გადაიტანეს.

ამავდროულად იმ ბიჭებს, რომლებსაც მძიმე გამოცდილება აქვთ, კუნძულოვანი წილი ნორმაზე უფრო დიდი აქვთ.

ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ უჩნდებათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა გოგონებს ბიჭებზე უფრო ხშირად.

კვლევის თანახმად, განსაკუთრებით საშიში მოვლენის შემდეგ ბიჭები და გოგონები საპირისპირო სიმპთომებს ავლენენ, შესაბამისად, მათი მკურნალობაც, როგორც ჩანს, უნდა განსხვავდებოდეს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე გოგონებს სინამდვილეში კუნძულოვანი წილის ერთ-ერთი ნაწილის ძალიან მკვეთრი დაბერება აწუხებთ.

მეცნიერებმა შეისწავლეს 9-17 წლის ასაკის 59 ბავშვის ტვინი კვლევისთვის, რომლის შედეგები გამოცემა Depression and Anxiety-ში გამოქვეყნდა.

ერთი ჯგუფი შედგებოდა 14 გოგონასა და 16 ბიჭისგან, რომლებმაც ძლიერი სტრესის მინიმუმ ერთი ეპიზოდი ან პსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს, მეორე ჯგუფი კი - 15 გოგონასა და 14 ბიჭისგან, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ.

პირველი ჯგუფის მონაწილეებში მკვლევარებმა კუნძულოვანი წილის ერთ-ერთი ნაწილის ზომისა და მოცულობის ცვლილება აღმოაჩინეს.

ამით დასტურდება, რომ სტრესის ზეგავლენის ქვეშ კუნძულოვანი წილი იცვლება და პოსტრავმატული სინდრომის განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, მიიჩნევენ მკვლევარები.

წამყვანი მკვლევარი, დოქტორი მეგან კლაბუნდი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სტრესულ მოვლენებზე ბიჭებისა და გოგონების განსხვავებული ფიზიკური და ემოციური რეაქციების გათვალისწინება.

"ადამიანებმა, რომლებიც ტრავმირებულ ახალგაზრდებთან მუშაობენ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ", - ამბობს კლაბუნდი.

myquiz