საშიშია თუ არა ტვინის შერყევის შემდეგ ძილი | Allnews.Ge

საშიშია თუ არა ტვინის შერყევის შემდეგ ძილი

ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ ადამიანმა, ტვინის შერყევის მიღების შემდეგ არ უნდა დაიძინოს - არის რისკი, რომ ძილი კომატოზურ მდგომარეობაში გადაიზარდოს.

უკანასკნელ პერიოდში, ტვინის შერყევა აქტიური განხილვის საგანია: ძირითადი მსჯელობა ეხება საკითხს, უნდა დაუბრუნდეს თუ არა სპორტსმენი ჩვეულ საქმიანობას თავის ტრავმის მიღებიდან მოკლე პერიოდში.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქალა-ტვინის ტრავმების გრძელვადიან და მოკლევადიან შედეგებს განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.

ადამიანები, რომლებიც სერიოზულად უდგებიან თავის ტრავმას, მართლები არიან, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი შემთხვევები ფატალურად სრულდება, თანაც სწრაფი დიაგნოსტირების სირთულეებიც გასათვალისწინებელია.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1 წლის განმავლობაში, 1 600 ათასიდან 3 მილიონამდე ქალა-ტვინის ტრავმა ფიქსირდება.

ექიმებს ტვინის შერყევის ხარისხის დადგენა მისი გარეგნული ნიშნების მეშვეობით უწევთ, თუმცა მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალში აღნიშნული დიაგნოზის დასმა მხოლოდ სისხლის ანალიზის დახმარებითაც იქნება შესაძლებელი.

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს რეგიონალური სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა, ორი სახის ცილა აღმოაჩინეს, რომელსაც ტვინი დაზიანების შემთხვევაში გამოყოფს, თუმცა აღნიშნული კვლევის დასრულებას და სასურველი შედეგის მიღწევას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

ტრავმის მიღების შემდეგ, ადამიანი გონს მოდის და მიიჩნევს, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამ დროს ტვინში სისხლის ჩაქცევისა და ჰემატომის წარმოქმნის საფრთხე არსებობს. თუ დაშავებული გონზე მოსვლის შემდეგ გონებას ისევ მალევე კარგავს, მაშინ სიცოცხლეს, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს. სისხლჩაქცევის საფრთხე არის ის მიზეზი, რომლის გამოც, ყველა სერიოზული ორგანიზაცია, ტრავმის მიღების შემდეგ სიმპტომებისთვის ყურადღების მიქცევის რეკომენდაციას იძლევა.

მაგრამ, თუ ადამიანს არ აღენიშნება გონების დაკარგვა, ღებინება, მოტორული ფუნქციის დარღვევა ან თავისა და კისრის არეში ძლიერი ტკივილი, მაშინ არ არის არავითარი აუცილებლობა, რომ მას ძილის საშუალება არ მივცეთ.

ასეთ დროს, დაშავებულს ესაჭიროება ფიზიკური და გონებრივი დასვენება.

ექიმების რჩევით, ბავშვებმა, რომლებიც მიიღებენ ტვინის შერყევას, სრულ გამოჯანმრთელებამდე სასკოლო დავალებების შესრულება უნდა შეამცირონ.

ტვინი გონებრივი დატვირთვის შემცირების ხარჯზე უნდა აღდგეს.

ასე, რომ ტვინის შერყევის მქონე ადამიანისთვის ძილი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზაა და არა კომის საშიშროება.

დღესდღეობით, დარეგისტრირებულია და მიმდინარეობს რამდენიმე ახალი ცდა, რომელიც ახლო მომავალში, ტვინის შერყევის დროს, მოვლისა და მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდებს შემოგვთავაზებს.