ბოშების რეალური ისტორია - როგორ ეპყრობოდნენ ბოშებს საუკუნეების განმავლობაში | Allnews.Ge

ბოშების რეალური ისტორია - როგორ ეპყრობოდნენ ბოშებს საუკუნეების განმავლობაში

ბოშები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან. ისინი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნებს შორის გადაადგილდებოდნენ. ბოშებზე არსებობს სტერეოტიპი, მათ შორის საქართველოში, რომ ისინი არიან აგრესიულები, ცხოვრობენ არაჰიგიენურად და არ არიან კანონმორჩილები. ამის გამო, არცერთ ქვეყანაში ბოშების ჩასვლას არ მიესალმებიან. თუმცა, ძალიან ცოტამ იცის მათი რეალური ისტორია. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბოშების შესახებ:

ბოშები წარმოშობით ინდოელები არიან. არსებობს არაერთი დამადასტურებელი არგუმენტი, როგორც გენეტიკურად, ასევე ლინგვისტურადაც იმის შესახებ, რომ ბოშები წარმოშობით ჩრდილოეთ ინდოეთიდან არიან.

2012 წელს სამეცნიერო ჟურნალ Cell Biology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროპის მასშტაბით მცხოვრებ ბოშათა 13 დასახლებაში გენური მონაცემები შეისწავლეს. შედეგად მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოშები 1500 წლის წინ ჩრდილოეთ ინდოეთიდან წავიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. ევროპაში დღეს მცხოვრები ბოშები კი ბალკანეთის ქვეყნების გავლით დაახლოებით 900 წლის წინ გადასახლდნენ.

მსოფლიოს მასშტაბით სულ 12 მილიონი ბოშა ცხოვრობს. ჩრდილოეთ ინდოეთის დატოვების შემდეგ, ბოშების დიდი ნაწილი ევროპის მიმართულებით წავიდა. კერძოდ, რუმინეთსა და ბულგარეთში. სწორედ ამ ქვეყნებში ცხოვრობს ბოშების 12% დღემდე. ბოშების რიცხვი თურქეთშიც დიდია (2.75 მილიონი). სხვა ქვეყნები, სადაც ბოშების რიცხვი დიდია, არის რუსეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სერბეთი, ესპანეთი და საფრანგეთი. ამასთან, აშშ-ში დაახლოებით 1 მილიონი ბოშაა, ბრაზილიაში კი 800 000.

ბოშები საუკუნეების მანძილზე სასტიკი დევნის მსხვერპლი იყვნენ. ევროპაში ჩასვლის შემდეგ, ბოშებს ბევრ რეგიონში მონებად იყენებდნენ. შუა საუკუნეებში ინგლისში, შვეიცარიასა და დანიაში, ბოშებს კლავდნენ. გერმანიაში, იტალიასა და პორტულაგიაში კი ყველა ბოშას ქვეყნიდან აძევებდნენ.

არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ბოშა ბავშვებს მშობლებს ართმევდნენ, ასევე ბოშა ქალებს აწამებდნენ. ამასთან, ბოშების ასიმილაციის მიზნით, ბევრ ქვეყანაში მათი ენა აკრძალეს კიდეც.

ბოშების ყველაზე სასტიკი დევნა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა, მაშინ როდესაც ბოშები ფაშისტურ გერმანიაში არაადამიანური მოპყრობის პირველი სამიზნეები გახდნენ. დაახლოებით 2 მილიონი ბოშა დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკებში იმ პერიოდში.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ბოშები კვლავ შევიწროვებულ ჯგუფს წარმოადგენდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში. 1980-იანი წლების დასაწყისში, ბოშა ქალებს მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში იძულებით სტერილიზებას უკეთებდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ბოშების გამრავლება.

ბოშების კულტურა მდიდარი და შთამბეჭდავია. ბოშებს უდიდესი მუსიკალური მემკვიდრეობა გააჩნიათ, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მაოხდინა ჯაზზე, ბოლეროზე, ფლამენკოზე.

ტრადიციულად ბოშები ადრეულ ასაკში, დაახლოებით 12 წლის ასაკში ქორწინდებიან. ეუთოს 2006 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოშების ზოგიერთი ბანაკში ხშირი იყო ბავშვთა ტრეფიკინგი. ბავშვებს ხშირად აიძულებენ მუშაობას, ასევე ხშირია სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებიც.

ბოშები დღემდე შევიწროვებულები არიან. ისინი ყოველთვის თავიდან იცილებდნენ მასპინძელ ქვეყანაში საზოგადოებასთან ასიმილაციას. ამასთან, იმის გამო, რომ ბოშები გარიყულები არიან დანარჩენი საზოგადოებისგან, ბევრი ბოშა ბავშვი სკოლებშიც კი არ დადის. მათ არ აქვთ ასევე სტაბილური სამსახური, სახლი, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე და სხვა სოციალურ სარგებელზე. ბოშების დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს.

მომზადებულია livescience-ის მიხედვით