აჭარული კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, თუ შავიზღვისპირეთში ხართ | Allnews.Ge

აჭარული კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, თუ შავიზღვისპირეთში ხართ

აჭარას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს საქართველოში. იგი საზაფხულო კურორტების გამო განსაკუთრებით პოპულარულია, თუმცა, ეს რეგიონი განსაკუთრებულია ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოთიც. არსებობს კერძები, რომლებიც მხოლოდ აქ უნდა დააგემოვნოთ.

აჭარაში ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. მისმა მდებარეობამ გავლენა მოახდინა მათ ტრადიციულ საკვებზეც. აქაური შეჭამანდი ძირითადად რძის პროდუქტებისგან მზადდება და ძალიან ნოყიერია.

საქართველოს შავიზღვისპირეთში ყველაზე ცნობილი კერძი აჭარული ხაჭაპურია. თითქმის ყველა ტურისტი, რომელიც ბათუმს ეწვევა, პირველ რიგში, ამ კერძს აგემოვნებს ხოლმე. მას ნავის ფორმა აქვს, კეთდება ყველით, კარაქითა და კვერცხით.

არსებობს მისი შექმნის ვერსია, ზღვისპირა მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ჩამავალ მზეს განასახიერებს.

ბორანო - ეს კერძი ძალიან კალორიული, რადგან მზადდება გამდნარი კარაქითა და ყველით. კარაქს იმდენ ხანს ადუღებენ, რომ შავი წერტილები გაუჩნდეს და ასეც ეძახიან - დამწვარ კარაქს. ცხელ სითხეს ასხამენ წინასწარ დაჭრილ ყველს და მჭადთან ერთად მიირთმევენ.

კაიმაღი - მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძია, მზადდება გაცივებული რძისგან თავზე ცხიმის მოხდით. საჭიროების შემთხვევაში მისი გადღვებით იღებენ კარაქს.

მალახტო - მზადდება ახალი ჭყინტი ლობიოსგან, რომელსაც ხარშავენ, შემდეგ წურავენ, უმატებენ ნიგოზს, სანელებლებს, მწვანილსა და ხახვს, ასევე მთავარ ინგრედიენტს - მკვახე ყურძნის წვენს, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს ლობიოს. მიირთმევენ ცივად. განსაკუთრებით გემრიელია ცხელ მჭადთან ერთად.

იახნი - ამ კერძს ძირითადად ქობულეთში ამზადებენ. განსაკუთრებულად შერჩეული საქონლის მკერდის ნაჭრებს ხარშავენ, უმატებენ დიდი ოდენობით ნიგოზსა და სანელებლებს. სუფრაზე გააქვთ ცხლად.

აჩმა - მას ხაჭაპურის ერთ-ერთ ნაირსახეობად მოიხსენიებენ. იგი უკვე მთელ საქართველოშია გავრცელებული და დიდი პოპულარულობით სარგებლობს, თუმცა ნამდვილი აჩმა მაინც აჭარულია. მისი მომზადების ტექნოლოგია განსხვავდება კლასიკური ხაჭაპურისაგან. იგი თხელი, მოხარშული ფენებისგან შედგება, რომლებსაც შიგადაშიგ ყველი და გამდნარი კარაქი აქვს. მიირთმევენ ახალ გამომცხვარს.

სინორი - მის მოსამზადებლად იყენებენ ნადუღს, მაწონს, ერბოს, ნიორსა და გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს. დღეს უკვე სუპერმარკეტშიც შეგიძლიათ იყიდოთ ეს ფირფიტები, ან მოამზადოთ "სომხური ლავაშისგან". ნიორი რძის პროდუქტებს არომატს სძენს და კერძში ცხიმის გემოს ანეიტრალებს.

აჭარული დაწნული ყველი - შეუძლებელია ყველის განსაკუთრებული სახეობა არ ჰქონოდათ აჭარაში, ვინაიდან მეცხოველეობა მეურნეობის წამყვანი დარგია. დაწნულ ყველს (თავად "დაპწნილ ყველს" ეძახიან) ძირითადად მაღალმთიან აჭარაში ამზადებენ, მისი დამზადებისთვის განსაკუთრებულ ტექნოლოგიას იყენებენ, განსხვავებული ფორმისა და გემოსთვის ნებისმიერი ყველის მოყვარული ადამიანისთვის საინტერესო ვარიანტია.

ყურუთი - მაღალმთიან აჭარაში გავრცელებული საჭმელია. მზადდება ნადუღის, რძის, კაიმაღისა და მჭადის ფქვილის ერთად მოზელვის შედეგად, რომელსაც აძლევენ ბურთის ფორმებს და ზაფხულში მზეზე აშრობენ, ზამთარში კი ცხელ ერბოში ფშვნიან და მჭადთან ერთად მიირთმევენ.

ყურუთს ფშაურ დამბალხაჭოს ამსგავსებენ, თუმცა ყურუთს მაინც განსხვავებული არომატი აქვს.

ბურმე - ეს ფახლავის მსგავსი ტკბილეულია, უბრალოდ განსხვავებული ფორმით მზადდება. მის დასამზადებლად საჭიროა კარაქი, ნიგოზი ან თხილი და შაქარი.

baklavis-1629462202.jpg

ნათია ჯიჯავაძე

უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული აჭარული ბაქლავა მალე თბილისში გამოჩნდება