"ფეისბუქზე" ახალი "სმაილები" გამოჩნდა
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" ახალი "სმაილები" დაამატა. მომხმარებელს დღეიდან გაზიარებული პოსტის, ფოტოს და ვიდეომასალის შესახებ არა მხოლოდ მოწონების, არამედ სხვა ემოციების გამოხატვაც შეუძლია. კერძოდ, ახალ "სმაილებში" დაემატა სიყვარულის გამომხატველი, მოწყენილი, გაბრაზებული, გაოცებული და სიცილის "სმაილიც". ანუ ამიერიდან ამა თუ იმ პოსტს არამხოლოდ "მოწონებები", არამედ სხვა ემოციებიც ექნება.
ახალი ემოციების ღილაკები "მოწონების" ღილაკთან კურსორის მიახლოების შემდეგ გამოჩნდება.
ახალ "სმაილებზე" "ფეისბუქის" გუნდი ერთ წელზე მეტ ხანს მუშაობდა, ისინი სოციოლოგებთან და კონსულტანტებთან ერთად მსჯელობდნენ, თუ რომელი ემოციის დამატება იქნებოდა საინტერესო მომხმარებლისთვის. ჩატარდა ასევე კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ემოციის გამომხატველი "სმაილი" დაემატებინათ.