კაცი, რომელმაც სინგაპური ყველასთვის საოცნებო ქვეყნად აქცია - როგორ შეცვალა ლი კუან იუმ სახელმწიფო 40 წელიწადში | Allnews.Ge

კაცი, რომელმაც სინგაპური ყველასთვის საოცნებო ქვეყნად აქცია - როგორ შეცვალა ლი კუან იუმ სახელმწიფო 40 წელიწადში

რას წარმოადგენს სიგაპური დღეს? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან სინგაპური ისევე განუმეორებელი და მრავალსახოვანია, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიკროსკოპულ რესპუბლიკაში - მისი ფართობი 700 კვ კმ-ზე ცოტა მეტია, მოსახლეობა კი ხუთ მილიონს აჭარბებს.

მსოფლიო მასშტაბით სინგაპური "ეკონომიკური სასწაულის" მაგალითია, რომლის "მამად" ლი კუან იუ მიიჩნევა - ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 40 წლის განმავლობაში სინგაპური "მესამე სამყაროს" ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ აქცია.

singaporebefore-1627028384.jpg

დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში სინგაპური წარმოადგენდა პატარა ღარიბ ქვეყანას, რომელსაც მტკნარი წყლისა და სამშენებლო ქვიშის შეტანაც კი უხდებოდა. მეზობელი ქვეყნები მტრულად იყვნენ განწყობილი, მოსახლეობის მესამედი კი კომუნისტების მიმართ იყო სიმპათიით განწყობილი.

დღეს სინგაპური მაღალგანვითარებული ქვეყანაა საბაზრო ეკონომიკით და ამასთან ერთად დაბალი გადასახადებით. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრანსნაციონალური კორპორაციები.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ერთ სულ მოსახლეზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში სინგაპურის ეკონომიკამ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიკავა მსოფლიოში მე-5 ადგილი.

სინგაპურს "XX საუკუნის ეკონომიკურ ფენომენს" უწოდებენ იმის გამო, რომ მისმა ეკონომიკამ სწრაფი ნახტომი გააკეთა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების დონემდე. ქვეყანაში განვითარებულია ელექტრონიკის წარმოება (როგორც ცნობილი ევროპული, ამერიკული, იაპონური კომპანიების, ასევე ადგილობრივი კომპანიების), გემთმშენებლობა, ფინანსური მომსახურების სექტორი. მიმდინარეობს მასშტაბური კვლევები ბიოტექნოლოგიების სფეროში.

ლი კუან იუს კარგი განათლების მქონე პრაგმატიკოსის სახელი ჰქონდა. მან საქმიანობა თავისი "პატარა დისნეილენდის" დაცვით დაიწყო და მაღალტექნოლოგიური არმიის შექმნით დაასრულა, რომელიც ბოლო მეცნიერულ მიღწევათა დონის შეიარაღებითაა აღჭურვილი.

lkyinsingapore-1627028333.jpg

ლი კუან იუს მთავრობის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია დაფუძნებული იყო სინგაპურის გადაქცევაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსურ და სავაჭრო ცენტრად, ასევე უცხოური ინვესტორების მიზიდვაზე.

"ჩვენ მივესალმებოდით ყოველ ინვესტორს... უბრალოდ კანიდან ვძვრებოდით, რომ დავხმარებოდით მას წარმოების დაწყებაში" - წერდა ლი კუან იუ

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას - ლი კუან იუმ მიაღწია, რომ მის "პატარა ელექტრონულ ჩიპებს" შორის წესრიგი გამეფდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების დროს სინგაპურში კორუფციის მაღალი დონე იყო. ლი კუან იუმ მდგომარეობა ასე დაახასიათა: "კორუფცია წარმოადგენს აზიური ცხოვრების წესის ერთ-ერთ ნიშანს. ადამიანები ძღვენს ღიად იღებდნენ, ეს წარმოადგენდა მათი ცხოვრების ნაწილს".

კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო "გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების გამარტივებით, მარტივი და ნათელი წესების გამოცემის საშუალებით კანონებში ყოველგვარი ორაზროვნების მოსპობით, და გარკვეულ შემთხვევებში თვით ლიცენზირებისა და ნებართვების აკრძალვის გზით".

მკვეთრად გაიზარდა მოსამართლეების ხელფასები, მოსამართლეებად მიიზიდეს "საუკეთესო კერძო ადვოკატები". სინგაპურელი მოსამართლის ხელფასმა მიაღწია რამდენიმე ასეულ ათას დოლარს წელიწადში, დაუნდობლად დათრგუნეს მაფიოზური დაჯგუფებები ( ე.წ. ტრიადები).

პოლიციის პირადი შემადგენლობა, რომელიც ძირითადად მალაელებისგან შედგებოდა, ჩაანაცვლეს ძირითადად ჩინელებით, რადგან ისინი უფრო დისციპლინირებულნი არიან.

singapuri2-1627028459.jpg

საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფ სახელმწიფო მოსამსახურეებს მოუმატეს ხელფასები კერძო კომპანიების ტოპ-მენეჯერების დონემდე. შეიქმნა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ორგანო. გამოძიებები ჩატარდა თვით ლი კუან იუს ახლო ნათესავების წინააღმდეგაც. კორუფციის გამო რიგ მინისტრებს მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ვადები, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც ქვეყნიდან გაიქცა.

საბოლოო ჯამში სინგაპური, საერთაშორისო რეიტინგების მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სახელმწიფოდ იქცა.

ლი კუან იუ თავის მოგონებებში ხაზს უსვამდა, რომ გამუდმებით მოითხოვდა კანონის უზენაესობასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობას - მათ შორის უმაღლესი ჩინოვნიკებისა თუ თავისი ნათესავების. საკანონმდებლო სისტემა ქვეყანამ ინგლისური კოლონიური მმართველობისგან მემკვიდრეობით მიიღო.

1960-1970-იან წლებში მოხდა განათლების სისტემის რეფორმირება. სინგაპურში ბევრნაირმა ეროვნულმა სკოლამ მიიღო ერთიანი მინიმალური სტანდარტი. ინგლისური ენა გახდა სავალდებულო ყველა სკოლაში, უმაღლესი სასწავლებლები საერთოდ ინგლისურ ენაზე გადაიყვანეს. მთავრობა დიდი თანხებს ხარჯავდა, რათა სინგაპურელ სტუდენტებს განათლება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მიეღოთ.

სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათი საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებად ექცია. 1960-იან წლებში შეიქმნა იპოთეკური დაკრედიტების სისტემა, მკვეთრად გაიზარდა ბინათმშენებლობა და 1996 წლისთვის ბინების მხოლოდ 9% დარჩა გაქირავებაში - დანარჩენი უკვე პატრონებს ეკუთვნოდათ.

ამის პარალელურად, ლი კუინ იუმ გამოსცა მეტად მკაცრი და უჩვეულო კანონები, როგორებიცაა, მაგალითად, გადაფურთხების აკრძალვა, საჯარო ადგილებში მოწევა, ნახმარი ქაღალდის ძირს დაგდება, ყვავილების მორწყვის შემდეგ ქოთნის ქვეშ ლამბაქზე წყლის დატოვება (იმის გამო, რომ ეს კოღოებს იზიდავდა), მანქანების პარკირება ქალაქის ცენტრში - ამ წესების დამრღვევი ჯარიმდებოდა 1500 დოლარით. ასევე, ქვეყანაში ყველა ავტომობილს სპეციალური სიგნალი აქვს, რომელიც მაშინვე გაგაყრუებთ, როგორც კი 80 კმ/სთ სიჩქარეს გადააჭარბებთ. საღამოს 6 საათიდან აკრძალულია საკუთარი ავტომობილით მარტო მგზავრობა. ან კოლეგა უნდა წაიყვანოთ ან თანამგზავრი, რადგან ეს ამცირებს საცობების წარმოქმნის შანსს და გამონაბოლქვს (ჯარიმა 1500 დოლარი). პოლიციამ კი დაავალდებულა სინგაპურელები, სენსორები ავტომობილებს მიამაგრონ (ფსკერქვეშ), რათა ყველამ იცოდეს თანამოქალაქეების გადაადგილების მარშრუტები.

ქურდობა, ძალადობა, ნარკოტიკები, კორუფცია ისჯება სიკვდილით - ჩამოხრჩობით. დღემდე არსებობს გამათრახებაც.

1982 წელს ლი კუან იუმ შენიშნა, რომ ძველი და არცთუ სპეციფიკურად ჩინური რეფლექსის კარნახით, ჭკვიანი მამაკაცები ლამაზ, მაგრამ უჭკუო ქალებზე ქორწინდებიან, ჭკვიან ქალებს კი გათხოვება უძნელდებათ. ამიტომ გადაწყვიტა დაეჯილდოვებინა მამაკაცები, ვინც დიპლომიან ქალს მოიყვანდა ცოლად, ხოლო უდიპლომო ქალებს მეორე ბავშვის გაჩენისთვის ჯარიმა დაუწესდათ. საგანგებოდ ნიჭიერი ბავშვებისთვის ლი კუან იუ სკოლებს აშენებდა, მაღალგანათლებული ადამიანებისთვის კი უფასო კრუიზებს აწყობდა.

სინგაპურის "ეკონომიკური სასწაულის შემქმნელი", კაცი, რომელმაც სინგაპური "მესამე სამყაროს" ქვეყნიდან ერთ-ერთ ყველაზე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ აქცია, 2015 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: დუდანა ზაქარაია

myquiz