2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის ოცეულიდან დღეს "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ ერთი პოლიტიკოსია, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი - 4 - ვინ გადაინაცვლა ოპოზიციაში და ვინ წავიდა პოლიტიკიდან?
2012 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ ავანსცენაზე დომინანტი ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა იყო - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და "ქართული ოცნება“. 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური მიზნები და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ჩამოაყალიბა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და შექმნა კოალიცია "ქართული ოცნება", რომელშიც 6 პარტია გაერთიანდა. კოალიცია მმართველი ძალის, "ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად კონკურენტად იქცა. ჭრელ კოალიციაში ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული "ქართული ოცნების“ გარდა, ერთიანდებოდნენ როგორც შედარებით ლიბერალური, ისე კონსერვატიული ღირებულებების პარტიები, - პროდასავლურიც და ნაკლებად პროდასავლურებიც...
კოალიცია "ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის "საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და კახა შარტავას "ეროვნული ფორუმი“. მოგვიანებით კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).
კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% პროპორციული სიით და 41 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა.
2012 წლის არჩევნებიდან უკვე თითქმის 13 წელიწადი გავიდა, ხელისუფლებაში ისევ "ქართული ოცნებაა", თუმცა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გადახალისებული. ცვლილებები მოხდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც".
ambebi.ge დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს და "ოცნების“ სიის პირველი ოცეული და დღეს რას საქმიანობენ ეს ადამიანები.
მაშ ასე: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“პარტიული სიის პირველი ოცეული:კახა კალაძე - სიის პირველი ნომერი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, წარსულში ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან - 2016 წლის 9 სექტემბრამდე და 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2017 წლის 10 ივლისამდე იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე - თბილისის მერი.
მანანა კობახიძე - 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2012-2013 წლებში - "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, 2018 წლის 12 იანვარს კი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ჯერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად, 2021 წლის 1 დეკემბერს კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ირაკლი ალასანია - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“-ს თავმჯდომარე, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იყო თავდაცვის მინისტრი, 2014 წლის 4 ნოემბერს პოსტიდან გადააყენეს, რის მერეც ის ოპოზიციაში წავიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩაერთო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ის დღესდღეობით რამდენიმე საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიის დირექტორია.
დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც 2012 წელს მე-8 მოწვევის პარლამენტმა ის თავმჯდომარედ აირჩია, 2016 წლის 29 ოქტომბერს უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია“ დატოვა და 2017 წლის 16 ივნისს პოლიტიკური პარტია "შენების მოძრაობა“ დააფუძნა. 2019 წელს უსუფაშვილი "ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა და ამჟამად მისი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.
გუბაზ სანიკიძე - "ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაირკვა, რომ "ეროვნული ფორუმი" კოალიციის ფარგლებში ვეღარ მიირებდა მონაწილეობას არჩევნებში, რის მერეც სანიკიძემ დატოვა "ფორუმიც" და ნინო ბურჯანაძის "ერთიან საქართველოს“ შეუერთდა. 2019 წელს ისიც დატოვა და პოლიტიკური პარტია "გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 2020 წლის 11 დეკემბრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“. ამჟამად სანიკიძე ოპოზიციაშია.
გოგი თოფაძე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი. 2025 წლის 16 თებერვალს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზვიად ძიძიგური - "საქართველოს კონსერვატიული პარტია“. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის 21 ოქტომბრის სხდომაზე ის საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერად დამტკიცდა მანანა კობახიძესა და ზურაბ აბაშიძესთან ერთად. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016-2019 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის 15 ნოემბერს დატოვა. დღეს ზვიად ძიძიგური დღეს ოპოზიციაში "გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრია.
ივანე კიღურაძე - აკადემიკოსი, პროფესორი, 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. ივანე კიღურაძე პოლიტიკიდან წასულია.
დავით საგანელიძე - სიის მეცხრე ნომერი, 2012-2015 წლებში - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკიდან "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. იყო პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2015 წლიდან 2023 წლამდე იყო "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ამ ეტაპზე არის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების“ პირობებში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ასევე, იყო თავდაცვისა და შს მინისტრი და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე. ღარიბაშვილი პოლიტიკიდან ორიოდე თვის წინ წავიდა. იხილეთ სრულად