დიდი ქართული კატასტროფის საფრთხე?! - "თუ მასობრივი ემიგრაცია გაგრძელდა, ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება: ეკონომიკაც და პოლიტიკაც"
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა - ქვეყანა 245 064-მა კაცმა დატოვა. იმავდროულად, იმიგრაცია 14.5%-ით, 205 857 კაცამდე გაიზარდა. იმიგრანტების უმრავლესობა რუსეთის, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთისა და ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ. 2012-იდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა 244 966 კაცი. გასულთა მონაცემებს ყოველ წელს "საქსტატი" აჯამებს და ეს რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი მოქალაქე გადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, ვიდრე ბრუნდება ემიგრაციიდან.
"ვინც ჯერ არ წასულა, მათაც დაიწყეს წასვლაზე ფიქრი"
დათო ტურაშვილი, მწერალი: - სამწუხაროდ, იზრდება ახალი თაობის ადამიანების მიგრაცია და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ამის სურვილი უფრო მეტ ადამიანს აქვს ბევრი მიზეზის გამო და ვინც ჯერ არ წასულა, მათაც დაიწყეს წასვლაზე ფიქრი. რასაკვირველია, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, გადამწყვეტი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ჩვენ გვყავდა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი დიმიტრი უზნაძე, "განწყობის თეორიის" ავტორი, ყველგან პატივს სცემენ მას, მაგრამ საქართველოში არ ფიქრობენ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ახალგაზრდებში საშინელი პესიმისტური განწყობები გააჩინეს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ როგორი კარგი ციფრები და სტატისიკაც არ უნდა გამოაქვეყნონ, ახალი თაობის ადამიანებს სჭირდებათ იმედიანი და ოპტიმისტური გარემო უკეთესი მომავლისთვის. იმ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს განსხვავებული აზრების გამო სასტიკად ექცევიან, მხოლოდ მათ მოუნდებათ დარჩენა, ვინც ყველაფერს ეგუება და პირიქით - ისინი, ვინც ცვლილებისა და პროგრესის, შექმნისა და აშენების მომხრეა, არასოდეს ეგუება ზემოდან დიქტატით ცხოვრებას. თავისუფლება უპირველესად აზროვნებაა და ყველაზე მეტად, სამწუხაროდ, სწორედ მოაზროვნე ნაწილს დაკარგავს ეს ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება, თუ ქართულ პოლიტიკაში არ გაჩნდებიან ადამიანები, ვისაც ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აქვს.
"ამ ქვეყანას შენზე უკეთ არავინ დაალაგებს, შენზე მეტი პატრონი, პატრიოტი სხვა ვერ იქნება"
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი: - ბოლო 10 წელიწადში საქართველოდან 316 000-ით მეტი ემიგრანტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. შემოვიდა სხვა ქვეყნის 258 000-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე გავიდა. ხატოვნად რომ შევადაროთ, ეს იმას ჰგავს ქვევრიდან ღვინო ამოვიღოთ და წყალი ვამატოთ. ამით სითხის რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ ქვევრში თანდათანობით გაწყალების პროცესი მიდის. საქართველოში ქართველი მოსახლეობის, ავტოქთონური ერის წარმომადგენლების წილი თანდათანობით მცირდება, რამაც შეიძლება მოსახლეობა კრიტიკულ ზღვარზე დაიყვანოს... ჯერჯერობით გადინებას არ მიუღია მასობრივი ხასიათი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ზღვა კოვზით დაილიაო... საქართველოს ყოველი მოქალაქე საქართველოში გვჭირდება მისი აღმშენებლობის, განვითარებისა და სიძლიერის უზრუნველსაყოფად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დიდი პრობლემის წინაშე დადგება.
- NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ფიქრობს...
- ერთ პარალელს გავავლებ: ცნობილი ისტორიული ფაქტია, 1936-39 წლებში სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ ესპანეთში გენერალ ემილიო მოლას მიაწერენ ფრაზას: "რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი მადრიდის აღებაში შეტევაზე გადასული 4 კოლონის ნაცვლად, გადამწყვეტ როლს შეასრულებდა მე-5 კოლონა", ანუ დედაქალაქში მყოფი მისი მხარდამჭერები. პარალელები რომ გავავლოთ და თუ ჩვენს მედიასაშუალებებს გადავხედავთ, პოლიტიკოსების ყურადღება (სახელისუფლებო თუ ოპოზიციის) კონცენტრირებულია, მათი აზრით, 4 მთავარ პრობლემაზე: ეკონომიკა, პოლიტიკური ცხოვრება, დასავლეთის სახელმწიფოების დამოკიდებულების პერსპექტივები საქართველოსთან და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ყველა მათგანი მართლაც სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამ ოთხი ფაქტორისა და მადრიდისგან განსხვავებით, მთავარი საფრთხე არათუ განვითარებას და მდგრადობას, არამედ მეხუთე გარემოებას - ქვეყნის არსებობას ემუქრება. ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის არსებობისა და მომავლისათვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი მისი დემოგრაფიული ვითარებაა - შობადობის კლება, სიკვდილიანობის მატება, მასობრივი ემიგრაცია... ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ყველაზე მეტად აყალიბებენ ქართველი ერის მილევად რეჟიმში გადაყვანის კონტურებს. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ, ყველაფერი გვერდზე დაგვრჩება - ეკონომიკური ზრდაც, პოლიტიკაც და სიტუაციის დალაგებაც და სხვაც, თუ ძირძველი, მკვიდრი მოსახლეობა არ იქნა ქვეყანაში და მისთვის აქ არ იქნება ცხოვრების გაცილებით კომფორტული პირობები. იხილეთ სრულად