სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ - რას აცხადებს სომხეთი საგარეო უწყება?
ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი ეტაპის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. ჯერჯერობით მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ, თუმცა სომხეთის საგარეო უწყება ამის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ბაქოს შეატყობინეს ერევნის თანხმობაზე “აზერბაიჯანის წინადადებებზე ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით”, რა მუხლებზეა საუბარი დასახელებული არ არის.
“შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მათ აზერბაიჯანულ მხარეს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების პროექტზე მოლაპარაკებები დასრულდა, თუმცა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება ამჯობინა.