მიხაილ როთი - მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, რომ შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა!
ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას - მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა! - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. როგორც როთი აღნიშნავს, არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.
„გაიხსენეთ, როცა თქვენთან ბოლო ინტერვიუ გვქონდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი - შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. დაბრუნდით გზაზე. დააახლოებით ეს ქვეყანა ევროკავშირთან. ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.
არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი,“ - განაცხადა როთმა.