"პრობლემა არ მაქვს, გააგრძელონ ჩემი სახელის ხსენება და "მელოდონ“... - ვინ არის თენგო, რომელზეც ასე ხშირად ლაპარაკობენ "ქართული ოცნების" ლიდერები?
ბოლო დროს მისი სახელს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ.
"როდესაც ამომრჩეველს ეუბნები, "ქართულ ოცნებას“ 25% აქვს და შემდეგ 54%-ის იღებს, უბედურ მდგომარეობაში ვარდები და რაღაც უნდა ქნა. რა უნდა ქნა, ვერ ხვდები, ვერც "ტოპ ტვინები“ გიტვინავენ, ვერც თენგო იძახის ვერაფერს და ხარ ამ საოცარ მდგომარეობაში, როდესაც არსად გაქვს გასაქცევი, არგუმენტებს ვგულისხმობ და არა სხვა გაქცევას, რამე რომ არ დაგვაბრალონ... სხვათა შორის, თენგო ვინ არის, იცით? კალანდარიშვილთან ერთად პრეზიდენტს ჰყავდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის წარმოდგენილი, თენგიზ თევზაძეა ეს ადამიანი. ბევრს აინტერესებს, წერდნენ კომენტარებს, გაგვაგებინეთ ვინ არისო. ეს ადამიანი არის მათი მთავარი მცოდნე საარჩევნო ამბების" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემაც არაერთხელ ახსენა თენგოს თევზაძის სახელი.
მოკლედ, "კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე "ქართული ოცნების“ მხრიდან მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც არჩევნების გაყალბების "ოცნების“ სქემაზე და კარუსელზე დაიწყო საუბარი.
ვინ არის, როგორ მოხვდა პოლიტიკოსი და რას ფიქრობს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე? - ამ თემებზე ambebi.ge - ს თენგო თევზაძე ესაუბრება:
- ძალიან პოპულარული გახდით... რას უკავშირებთ ამას და რა ხასიათზე დგებით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასე ხშირად რომ გახსენებენ?
- ზუსტად ვიცი, რატომაც აკეთებენ ამას, იმისთვის, რომ მშვენივრად იციან, პირველი ვიყავი, ვინც მიაგნო სისტემას, რაზეც ახლაც თითქოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების სქემას უწოდებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნოა იმ ნაწილში, რომ ჩვენ სწრაფად გავშიფრეთ ეს სისტემა, ვიდრე სხვა ქვეყნებში გაიშიფრა და ამისთვის აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. რაც შეეხება იმას, "თენგომაც ვერ უთხრა“ ვიღაცას რაღაცა, ეს ჩემთვის სულაც არაა მნიშვნელოვანი და არანაირ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ ვგრძნობ, თან იმ ადამიანების მხრიდან, ვინც წერა-კითხვა 25 წლის ასაკში ისწავლა. კალაძემ და მდინარაძემ რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ მე მაგ მიმართულებით რამე დამიშავონ.
- ანუ რა სისტემაზე საუბრობთ?
- ვამბობთ, რომ ეს იყო ტექნოლოგიების გამოყენებით კარუსელი, რითაც "ოცნებამ“ დაახლოებით 300 ათასზე მეტი ხმა მოიპარა. არ მჯერა და ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ აქტივობა 300 ათასით გაიზარდა და ყველა ხმა "ქართული ოცნებისკენ“ წავიდა. ასევე, ვერავინ დამაჯერებს იმას (და ამაზე "ჰარის X“ და “ედისონ რისერჩის” სტატისტიკოსებიც საუბრობენ), რომ ამ მასშტაბის თანაბარი მატება აქვთ საშუალოდ ყველა უბანზე. შეიძლება ნომერ მეორე უბანი წააგო, ნომერ მესამე მოიგო, ეს არჩევნებია და შესაძლებელია. არა, მათ თანაბარი მატება აქვთ ყველა უბანზე, რაც ძალიან საეჭვოა... ამას ყველა გამოცდილი სტატისტიკოსი ამბობს. "ოცნებამ“ ზუსტად იცის, რომ მე ამის შესახებ ზუსტად ვიცი და ამას მოჰყვა ყველაფერი, თორემ ისინი ძალიან კარგად მიცნობენ ვინ ვარ, დიდი ხანია, ოპონენტები ვართ. უბრალოდ, მათ მწარედ მოხვდათ ეს ამბავი. იხილეთ სრულად