"არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - რას აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი? | Allnews.Ge

"არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - რას აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 28 ოქტომბრის ბრიფინგი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელი განცხადებით გახსნა.მილერმა თავისი განცხადება არჩევნების შეფასებით დაიწყო:

"შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით შეიქმნა, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით. ამან ხელი შეუწყო უთანასწორო გარემოს, რაც ძირს უთხრის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობასა და სამართლიანი შედეგის შესაძლებლობას", - აღნიშნა მილერმა.

მილერის სიტყვებით, აშშ უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულ გამოძიებაზე.

"ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრულყოფილად გამოძიებაზე და მოვუწოდებთ [ხელისუფლებას], პატივი სცენ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებას".

მოგვიანებით, მან ჟურნალისტ ალექს რაიფოღლუს კითხვის პასუხად განმარტა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება, თუმცა ეს არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული:

"ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც უნდა ჩაატაროს გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი", - თქვა მილერმა.

მან თავის გამოსვლაში, ასევე გაიხსენა, რომ წელს არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ კურსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ "შედეგებზე" ისაუბრა.