შალვა პაპუაშვილი - რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში მათი მოქალაქე დავიბაროთ და ამერიკის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს? ეკა გიგაური და სხვა ორგანიზაციები დაფინანსების გამო მზად არიან, ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ
რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში ამერიკის მოქალაქე დავიბაროთ და ამერიკის წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს? „საერთაშორისო გამჭვირვალობა“და ეს ორგანიზაციები დაფინანსების გამო მზად არიან, ჩავიდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ იქნენ ცნობილნი და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს.
პაპუაშვილის განმარტებით, ზოგიერთი „ენჯეო“, ხალხისთვის „თვალში ნაცრის შეყრას“ ცდილობს, თუმცა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს.
„ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, ისინი საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, ამაზე საჯარო განცხადებებიც გვქონდა, თავადვე, მათივე გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს, ერთ-ერთი ასეთი ბათუმში ორგანიზებული შეხვედრა იყო მოქალაქეებთან, რომლის ვიდეოც თავად დადეს. ქალბატონი გიგაური პირდაპირ მოუწოდებს ყველას გაერთიანებისკენ და ამბობს, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ შენარჩუნებას შეეცდება ხელისუფლებაში და ამას უნდა შეებრძოლონ. რა არის ეს თუ არა, საარჩევნო კამპანია? თვალში ნაცარს რომ გვაყრის ზოგიერთი „ენჯეო“, სიმართლე გითხრათ, ქართველი ხალხის დაცინვა გამოდის, ყველა ყველაფერს ხედავს.
თქვენ გახსოვთ, „ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თუ არ ვცდები, მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოცხადდა, იქაც სკანდალი ჰქონდათ, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, შემდეგ ხომ აღმოჩნდა ყველა პარტიაში - „ლელო“. შემდეგ თუ არ ვცდები, მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ იყო, სადაც ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, აქტივიზმიაო, გუშინ მისი ერთ-ერთი წევრი, ბატონი ჭყონია პარტიაში გაწევრიანდა. მოვუწოდებ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, ძალიან სკურპულოზურად, დეტალურად, კანონთან ახლოს იმუშაონ, ამ მხრივ რა თქმა უნდა, მხარდაჭერა ექნებათ, ამხილონ თუკი სადმე, რამე დარღვევები იქნება.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს ასე არის წარმოდგენილი - ბატონი გიორგი კანდელაკიც არის. არ დაგავიწყდეთ, დღეს, ის ე.წ. „ენჯეოშნიკია“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ყველას კარგად ახსოვს, რას აკეთებდა ის, როცა უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ თავის დროზე, საჯაროდ ცნობილი ფაქტია, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ჩაეშალა. ვინმეს უკვირს, რომ გიორგი კანდელაკი ახლა უკვე „ენჯეოს“ ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად დააზიანოს საქართველო? საქმეც ის არის, რომ არავის არ უკვირს. ჩადიან, საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ. სამარცხვინო პროცესი ვიხილეთ, როდესაც ჩვენმა კოლეგა ინსტიტუციამ ამერიკის კონგრესმა, ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად, მდგომარეობაში ჩააყენა, როცა ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდნენ, არ ვიცი, ეს რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში ამერიკის მოქალაქე დავიბაროთ და ამერიკის წინააღმდეგ მან ჩვენებები მისცეს. აქამდე ხომ არ უნდა დაიყვანო თუნდაც ის ორგანიზაცია, შენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს, ამ შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომ ამ დაფინანსების გამო მზად არიან, ეს ორგანიზაციები ჩავიდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.