"საჯაროდ ვაცხადებ..."- გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პირობას ასახელებს
"საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც "ქართულ ოცნებასთან“, ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც მამუკა ხაზარაძესა და "ძლიერ საქართველოსთან“ "ძველი პრინციპებით“ მიმდინარეობდა, დასრულებულია.
"რას არ დათანხმდა ხაზარაძე? - ნეიტრალურ პლატფორმას, თქვა რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული "ლელო-ში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი; გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ, სამართლიან პრინციპს. ითქვა, რომ კოალიციაში ბევრი სუბიექტია, თუმცა ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი; კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არამხოლოდ "ქართულ ოცნებასთან“, არამედ "ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე. პარტიასა და პარტიულ ნომერზეც. რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს. ამიტომ ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, საჯაროდ ვაცხადებ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც "ქართულ ოცნებასთან“, ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან“.
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გახადა შესაძლებელი და გაძლიერება ჩვენი მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა, იმედგაცრუება არ გამოიწვიოს. ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა და ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა, ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად მივაღწევთ“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მან განმარტა, რას ნიშნავს "ნეიტრალური პლატფორმა“.
"რას ნიშნავს ნეიტრალური პლატფორმა? ნეიტრალური პლატფორმა ნიშნავს სხვა ნეიტრალურ ორგანიზაციას, პარტიას, ნომერს, რომელიც არ არის არც "25“ და არც "9“, არც "ლელო“ და არც "საქართველოსთვის“. პარტია "ლელოს“ დასახელება არის "ლელო საქართველოსთვის“. ჩვენი დასახელებაა "გახარია საქართველოსთვის“ , ჩვენ რომ ორი პირველი სიტყვა მოვაშოროთ, ორივე პარტიას ერქმევა "საქართველოსთვის“ საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი მიზანიც არის ეს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ გაერთიანებასა და დიდ მიზანზე, როგორიცაა ქვეყანაში ორპოლუსიანობის საბოლოო დაძლევა და რაც მთავარია "ოცნების“ ისე დამარცხება, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობისთვის, სამართლიანი, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და და რაც მთავარია, ყველასთვის გასაგები პრინციპები. მესმის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. ორი პარტიის ერთმანეთთან შერწყმა რთული პროცესია, მაგრამ ახალი დამოუკიდებელი ნეიტრალური პლატფორმა ესაა მისაღები, გაკეთებადი.
ჩემი მთავარი შეცდომა იყო ამ [ხაზარაძესთან] მოლაპარაკებების გაგრძელება მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ნეიტრალურ პლატფორმაზე მოლაპარაკება მიღწევადი არ არის. ეს იყო ჩემი შეცდომა. მაშინ უნდა შემეჩერებინა ეს მოლაპარაკებები. იმიტომ, რომ სინამდვილეში, ჩვენ როცა ვსაუბრობთ მომავალ თანამშრომლობაზე, პირობები უნდა იყოს სამართლიანი. ამ სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა დღეს, ამ გარემოში შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალურ პლატფორმას“, - განაცხადა გახარიამ.