“საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს“ - ბიძინა ივანიშვილი
“კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, ომში არა უბედურებას, არამედ, შესაძლებლობას ხედავს - ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო მეორე ფრონტად აქციოს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას არ ესწავლება, რა არის ომი და რა უბედურება ახლავს თან მას.
ივანიშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მზად არის, საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ამიტომ, ომში არა უბედურებას, არამედ შესაძლებლობას ხედავს.
“მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან.
მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ - შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს - ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე. მანვე განმარტა, რომ განსაკუთრებული დაცვა სჭირდება როგორც მშვიდობას, ისე დამოუკიდებლობას.“საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რის წინაშეც ვდგავართ. მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ - ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული.
ერთად დგომით შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია - დამოუკიდებელია, ბიზნესი კი ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში“, - განაცხადა პარტია “ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ.
როგორც ივანიშვილმა მოსახლეობას განუცხადა, “ქართული ოცნების“ გუნდი, წარმატებების მიღწევის მიუხედავად შეჩერებას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა გვაქვს, რაც განვითარების მთავარი წინაპირობაა.
“უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, “ქართული ოცნების“ გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ კარგია და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ “ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია. მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, მართლმადიდებელი ეკლესიის როლის საქართველოს კონსტიტუციაში ასახვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა ამ გზით განმტკიცდება, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი.
“ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.
ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც - თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.
და ბოლოს, სამცხე-ჯავახეთში თქვენ წინაშე გამოსვლა შოთა რუსთაველის სიტყვებით მინდა დავასრულო. საუკუნეების წინ ამ კუთხის შვილმა, დიდმა ქართველმა მგოსანმა, დაწერა შეგონება, რომელიც დღესაც აქტუალური და საკრალურია - “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“... თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება“, - გაუცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას.