დეტალები პრეზიდენტისა და 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრიდან - "ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში"
ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო."ვისაუბრეთ, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. ძალიან გარკვეულად ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კანონის მიღება არის მცდელობა, რომ საქართველო დაბრუნდეს წარსულში.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვას პრეზიდენტს, რომლის ინიციატივით განხორციელდა, ჩვენი ოთხი მეგობრის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის მათი დღეს აქ ჩამოსვლა და ჩვენი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც ამდენი დღე გარეთ იდგა.
ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც გუშინ დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განცხადებისთვის, რომელსაც ჰქონდა განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით. ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან, ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებულიყო წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა პრაქტიკულად ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება "არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს".
„ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ. ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც არის ევროპული ღირებულებები - დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.