ვინ არის პუტინის რეჟიმის მსახური ილია ღამბაშიძე, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა?
ამერიკის ხელისუფლების დასკვნით, ქართული წარმოშობის რუსი პოლიტიკოსი და სტრატეგი ილია ღამბაშიძე ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის უკან დგას. ეს კამპანია მიზნად ისახავს შელახოს ნდობა დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ.
ღამბაშიძის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, კრემლთან თანამშრომლობით, ქმნის ყალბი ამბების საიტებს, ზოგჯერ კი რეალური მედიის საიტების კლონებს. გამოქვეყნებული სტატიებიდან ჩანს, რომ მიზანი ძირითადად უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებაა.
2024 წლის მარტში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, სანქციების სიაში დაამატა ღამბაშიძე, მისი ბიზნესპარტნიორი და მათი კომპანიები. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ყურადღების ცენტრში ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური სტრატეგი, რომელიც ადრე რუს დეპუტატებსა და რეგიონულ პოლიტიკოსებზე მუშაობდა.
2013-2020 წლამდე კომპანიებმა, რომლებსაც ნაწილობრივ ან მთლიანად ფლობდნენ ღამბაშიძე ან მისი ახლო ნათესავები, კრემლიდან დაახლოებით 180 მილიონი რუბლის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები (დაახლოებით 2,7 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის კურსით) მიიღეს. და მიუხედავად იმისა, რომ ღამბაშიძის მუშაობის მიზანი ამერიკაში სოციალური და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაა, მისი ვაჟები და ყოფილი ცოლი შტატებში ცხოვრობენ.
ინფორმაცია ამერიკის ხმასთან ღამბაშიძის ყოფილმა მეუღლემ დაადასტურა, რომელიც უკვე 15 წელია აშშ-ში ცხოვრობს. ქალი და მისი ამჟამინდელი ქმარი მიიჩნევენ, რომ ღამბაშიძის მიმართ ეკონომიკური სანქციები ერთგვარი დარტყმაა მის შვილებზე. "ჩვენი აზრით, ერთადერთი, რასაც ეს სანქციები აკეთებს, მოკრძალებულ ზიანს აყენებს მისი შვილების ცხოვრების წესს", - ამბობს, ღამბაშიძის შვილების მამინაცვალი. "ისინი, უბრალოდ, ჩვეულებრივ სკოლაში დადიან, საზოგადოებრივ კოლეჯში”.
რა არის ცნობილი ღამბაშიძის შესახებილია ღამბაშიძის სრული ბიოგრაფიის მოპოვება ღია წყაროებიდან რთულია. ცნობილია, რომ ის 1977 წელს, კიევში დაიბადა. 2008 წელს, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
2009 წელს მოსკოვის ჩრდილოეთ ოლქის პრეფექტის თანაშემწედ მუშაობის დროს, მისი გატაცება სცადეს. სავარაუდოდ, ამ პერიოდში წავიდნენ მისი ყოფილი ცოლი და შვილები აშშ - ში. იხილეთ სრულად