"ძალიან საშიში და სახიფათო ვითარებაა...ერთი ნაბიჯია მსოფლიო კატასტროფამდე" - გია ხუხაშვილის პროგნოზი:დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი?! | Allnews.Ge

"ძალიან საშიში და სახიფათო ვითარებაა...ერთი ნაბიჯია მსოფლიო კატასტროფამდე" - გია ხუხაშვილის პროგნოზი:დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი?!

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 29 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.

- სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ და, წინასაარჩევნოდ მის შესახებაც არის გარკვეული მოლოდინი. ის გასულ წელს ძალიან აქტიური იყო და ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგი შექმნა, თუმცა ბოლო ხანს ის თითქოს გაქრა თვალსაწიერიდან...

- გეთანხმებით, ევროინტეგრაციის თემაზე მან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი შეაგროვა. თუმცა ამ კაპიტალს ახასიათებს ერთი თვისება - მისი მოპოვება რთულია, განიავება კი ადვილი... მიმაჩნია, რომ ბოლოდროინდელი უმოქმედობით მან მისი ნაწილი დაკარგა,

სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ თემას, რომლის გააქტიურებითაც ის დაიბრუნებს აქტუალურობას... არადა, მას რომ გაეგრძელებინა აქტიურობა და დიდი კონსულტაციები დაეწყო, კარგი იქნებოდა. ამ პაუზის შემდეგ, არ ვიცი, რას გააკეთებს, მით უფრო, რომ ჩვენ სტატუსი მივიღეთ და იმავე თემის აქტუალიზაცია ეფექტიანი აღარ იქნება. რას მოიფიქრებს, ვნახოთ. გარკვეული წონა მას აქვს, ამბიციებიც - ამაზე მეტის თქმა ამჯერად გამიჭირდება. ერთი თვის წინ გეტყოდით, კარგი პერსპექტივები აქვს-მეთქი, მაგრამ ეს პაუზა მის მომავალ ნაბიჯებზე კითხვებს ბადებს...

- "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მას საარჩევნოდ თითქმის 60%-იანი მხარდაჭერის იმედი აქვს... "რეალურად დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. კვლევა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ბოლო მონაცემებით ჩვენ გვქონდა 59% ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი და თუნდაც კოლექტიური "ნაცმოძრაობა", ორი პარტია რომ ავიღოთ, აიღებს 30-35 მანდატს. ეს არის დღევანდელი სურათი. დაახლოებით 9 თვეა დარჩენილი, ჩვენ მაქსიმალურად მოვუფრთხილდებით დღევანდელ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, ვეცდებით უფრო მეტად გავაუმჯობესოთ დღევანდელი მაჩვენებელი, დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ამ ცოტა ხნის წინ.

- სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" თურქმენიზაციის პროცესშია. ეს არ არის პარტია კლასიკური გაგებით. ეს არის სახელისუფლებო პარტია, რომელიც როგორც კი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაშინვე გაქრება, როგორც გაქრა "მოქალაქეთა კავშირი". ეს არ არის ფასეულობათა სისტემის ირგვლივ შეკრებილ ადამიანთა კავშირი, დაჯგუფება, რომლის წევრებიც საკუთარი ინტერესების იქით არ იყურებიან. შესაბამისად, ისინი მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას განიხილავენ - ეს არის მათი სამიზნე. მათ არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ ერთი პროცენტიც კი დათმონ. რომ დათმონ, ამან შეიძლება პარტიას ისეთი ბზარი გაუჩინოს, მთელი კონსტრუქცია დაეშალოთ. ასე რომ, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული 2024 წლის შედეგი, მათ შორის იმაზეც, როგორი იქნება საერთაშორისო ვითარება, რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ომში და ა.შ.

- საერთაშორისო ვითარება ახსენეთ და, ბოლო დროს მსოფლიო მედია, მათ შორის დასავლელი პოლიტიკოსებიც, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ნატოსა და რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე. სხვათა შორის, ამჟამად მიმდინარეობს ნატოს ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური წვრთნა, რომელიც რუსეთთან ჰიპოთეზურ დაპირისპირების სცენარსაც მოიცავს...

- სამწუხაროდ, პროცესები მთელ მსოფლიოში ძალიან რთულდება. ღმერთმა არ ქნას ნატოსა და რუსეთის დაპირისპირება, რადგან ეს მსოფლიო ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ეს უფრო პროქსიომები იქნება, რაც ასევე ძალიან სახიფათოა, რადგან საბოლოოდ პირდაპირ შეტაკებამდეც შეიძლება მივიდეს საქმე. ჩვენ უკრაინის ომს ვადევნებთ თვალს, თუმცა ისრაელშიც ვხედავთ, რა ხდება, ძალიან საშიში ვითარებაა და ირიბად იქაც იკვეთება ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების ნიშნები. მოკლედ, სახიფათო ვითარებაა და ერთი ნაბიჯია მსოფლიო კატასტროფამდე ... იმედია, ეყოფა ყველას გონიერება და სამყაროს კატასტროფის პირას არ მიიყვანენ.

ვრცლად იხ. "კვირის პალიტრის" 29 იანვრის ნომერში

myquiz