ჩაამწარებს თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს 15 დეკემბერს დაანონსებულ დიდ ზეიმს?! | Allnews.Ge

ჩაამწარებს თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს 15 დეკემბერს დაანონსებულ დიდ ზეიმს?!

როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია. მან გასულ კვირას, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში ამაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და განაცხადა, უკრაინა ამისთვის მზად არ არისო. მან ასევე გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. "უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრების მოლაპარაკების დაწყების შესახებ", - განაცხადა მან. ექსპერტთა ნაწილის აზრით, უკრაინის საკითხის დაბლოკვის შემთხვევაში, საეჭვოა, გავიდეს საქართველოსა და მოლდოვის საკითხი, რადგან ეს ქვეყნები გაფართოების ერთიან პაკეტში შედიან.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ თუ უკრაინასთან წევრობის საკითხზე მოლაპარაკების გახსნა უნგრეთის დაჟინებით გადაიდება, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შემდეგი სამიტისთვის გადაიწევს. მოგეხსენებათ, ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპული საბჭოს 15-16 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს. საქართველოს ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ უნგრეთის პოზიცია საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს არ შეუშლის. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარება დღის წესრიგში დადგა სწორედ უკრაინის დამსახურებით. რომ არა რუსეთის ბარბაროსული შეჭრა და გაჩაღებული ომი, წარმოუდგენელი იყო უახლოეს მომავალში დამდგარიყო ეს საკითხი ან მოლდოვისთვის, ან საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს არის ერთგვარად იმ თავდადების დაფასება, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს არა მარტო საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. მოკლედ, ამ ქვეყნების მონაწილეობით გაფართოების საკითხი მართლაც ერთ პაკეტად განიხილება და ამას ევროპაც ასე უყურებს. ამ სამი ქვეყნის გარდა, პაკეტში ასევე შედიან ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც თავისი ლობისტები ჰყავთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ამიტომაც ბალკანეთის ქვეყნების საკითხი, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვაზე ადრე იდგა დღის წესრიგში, ერთიან პაკეტში შეიტანეს. შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინა ამოგლიჯონ ამ პაკეტიდან და ვთქვათ, მოლდოვა გადაიყვანონ შემდეგ ეტაპზე, საქართველოს კი მისცენ სტატუსი. ეს ამ გადასახედიდან წარმოუდგენელ მკრეხელობად ჩანს.

ამასთანავე, უნდა ითქვას, რა არის ორბანის მოტივაცია. მას ევროკავშირთან შეუსაბამო პოლიტიკის გამო ბევრი მიმართულებით აქვს პრობლემა, შედეგად ათობით მილიარდი აქვს დაბლოკილი. სავარაუდოდ, უკრაინის შესახებ მისი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ეს საკითხი, რაზეც ვაჭრობს ევროკავშირთან. იმავდროულად, გავიხსენებ, დიდი ალბათობით, პოლონეთის მომავალი პრემიერის დონალდ ტუსკის ნათქვამს, ორბანი უკვე აშკარად რუსეთის თამაშს თამაშობსო. აქედან გამომდინარე, თუ ეს ორი საკითხი თანხვდება ერთმანეთს ორბანის მოტივაციაში, ისმის კითხვა, ვინმეს ჰგონია, რომ ვლადიმირ პუტინი არის ის კაცი, რომელსაც თუ მიეცემა უკრაინის დაბლოკვის შანსი, ამას არ გააკეთებს ან მსგავსად არ შეუქმნის პრობლემებს საქართველოსა და მოლდოვას? ასეთ შემთხვევაში ორბანის თბილი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან ანგარიშში ჩასაგდებიც არ იქნება.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ევროკავშირის წინაშე ორი პრინციპული საკითხი დგას: ერთი ის, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება უნგრეთის მეშვეობით ევროკავშირის რღვევა დაიწყოს. ევროკავშირისთვის მეორე ამოცანაა, არ დაუშვას რუსეთის პოლიტიკის გამარჯვება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებს ეს ორგანიზაცია დაარწმუნოს ორბანი და პოზიცია შეაცვლევინოს. ამისთვის სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმედია, ევროკავშირის არგუმენტები უფრო მყარი აღმოჩნდება, ვიდრე პუტინის.

- აქვე ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დღეს უკრაინა დგას. ეს არის როგორც შიდაპოლიტიკური პრობლემები, ასევე საერთაშორისო დახმარების საკითხი.

- ორბანი ხელს უშლის არა მარტო უკრაინის ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლას, არამედ მისთვის ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების საკითხსაც, რომელიც მართლაც მასშტაბურია - ლაპარაკია 56 მილიარდზე. ასეთივე პრობლემებია აშშ-ში, სადაც დახმარების 106-მილიარდიან პაკეტს ბლოკავს რესპუბლიკური პარტიის სრული წარმომადგენლობა კონგრესში. ამ დახმარების დიდი ნაწილი განკუთვნილია უკრაინისთვის, დანარჩენი კი ისრაელისა და ტაივანისთვის. ერთი კვირაა დარჩენილი, ვიდრე საშობაო არდადეგები დაიწყება, ეს საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს. რესპუბლიკელები დიდწილად უარს არ ამბობენ უკრაინის დახმარებაზე, მათ ამის სანაცვლოდ თავიანთი მოთხოვნა აქვთ - ეს ამერიკის საზღვრების დაცვას შეეხება ანუ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, რაც იყო ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. იხილეთ სრულად

myquiz