"საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს" - მარგარიტა სიმონიანის შექებას შალვა პაპუაშვილი პასუხობს
რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოცილურ ქსელ X-ში (ტვიტერი) "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმონიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა: "საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა. კარგი იქნებოდა, სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიმონიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთისთვის სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა".
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, როდესაც მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტები აქებენ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი ძალისთვის განმსაზღვრელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების აზრია.
"მთავარი არის, რომ ჩვენ გვაქებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ სწორედ ამ შექებას და მხარდაჭერას ვგრძნობთ საქართველოს მოქალაქეებისგან, ვინაიდან მათი ინტერესებით ვმოქმედებთ და ის, რაც ჭეშმარიტებაა, ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს, რა მნიშვნელობა აქვს?! რუსეთის რომელიმე წარმომადგენელმა დღეს რომ თქვას, მზე აღმოსავლეთიდან ამოდისო, ჩვენ ვთქვათ რომ არაა?! შევეწინააღმდეგოთ?! ის, რაც არის ჭეშმარიტება, რომ სანქციების დაწესება არის საკუთარ ფეხში სროლა, ეს იცის ყველამ - საქართველოს მოქალაქეებმა, უცხოელმა პარტნიორებმა, ასე რომ ამ ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის ჭეშმარიტება და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხისგან მივიღოთ კომპლიმენტები და ქართველი ხალხი გავახაროთ. სხვა ვინ რას ამბობს, ეს ჩვენთვის რელევანტური არ არის. ამიტომ რეაქცია არ გვაქვს ხოლმე, როდესაც უსამართლოდ გვაკრიტიკებენ, ვინც არ უნდა იყოს, რეაქცია არ გვაქვს, თუკი ჩვენი არაკეთილმოსურნე გვაქებს. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, რას აკრიტიკებენ და რას გვიწონებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.